logo
user
  • ჩვენ შესახებchevron
  • პროექტებიchevron
  • გირჩის პოზიციებიchevron
  • პრაიმერისიchevron
  • FAQchevron

გირჩის სასამართლოს გადაწყვეტილება, #1

გადაწყვეტილება

(ვახო მეგრელიშვილი ოთო ზაკალაშვილის წინააღმდეგ)

მსაჯული მოსამართლე: გიორგი ახობაძე

პრეტენზიის ავტორი: ვახო მეგრელიშვილი

მოპასუხე: ოთო ზაკალაშვილი

ექსპერტები: სანდრო რაქვიაშვილი, ლევან ჯგერენაია, ჰერმან საბო, ბექა ზანდუკელი და ირაკლი საფარელი.

მოსამართლის დამხმარე: იაგო ხვიჩია

დავის მორალური საფუძველი: შეთანხმების შესრულების ვალდებულება.

დავის სამართლებრივი საფუძველი: გირჩის კონსტიტუციის ამბავი მეხუთე.

2023 წლის მარტის თვეში გირჩის სასამართლოს სარჩელით მომართა, ვახო მეგრელიშვილმა, გირჩის ყოფილმა თავკაცმა, რომელმაც სარჩელის შემოტანამდე რამდენიმე კვირით ადრე საკუთარი ნებით დატოვა გირჩის თავკაცის თანამდებობა.

თანამდებობის დატოვების მიზეზი გახლდათ, პასუხისმგებლობის აღება, მის მიერ დასახული ამოცანის — გირჩის საიტის სრულყოფილად ამოქმედების, შეუსრულებლობაზე.

ვახო მეგრელიშვილის სარჩელიდან იკვეთება, რომ მიუხედავად მის მიერ პასუხისმგებლობის აღებისა, საიტის პროექტის პრაქტიკულ განხორციელებაზე მთავარი პასუხისმგებელი პირი იყო ოთო ზაკალაშვილი და სწორედ ეს გახდა მისდამი პრეტენზიის წაყენების  საფუძველი.

პრეტენზიის ავტორის მიერ დასახელებული ფაქტობრივი გარემოებები:

1.    2019-2020 წლებში გირჩის მიერ საიტის გაკეთებაში დაიხარჯა 94 ათასი ლარი და 5 760 000 ქართული დოლარი (GED).

2.    2021-2022 წლებში დაიხარჯა 136 ათასი ლარი.

3.    უშუალოდ ოთო ზაკალაშვილის მიერ მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 60 ათასი ლარი და 2.5 მილიონი ქართული დოლარი.

4.    პრეტენზიის ავტორის თქმით, პროექტის შეუსრულებლობით მიუღებელი შემოსავალი აჭარბებს 100 ათას ლარს.

ვახო მეგრელიშვილის მოთხოვნები:

1.    ახსნა-განმარტების მიღება, თუ რა მოტივი ამოძრავებდა ოთო ზაკალაშვილს — მან შეგნებულად ჩააგდო ეს პროექტი (მტრული მიზანი), თუ  მისი შესრულება აღემატებოდა მის ძალებს?

2.    გირჩისადმი მიყენებული ზიანის საკომპენსაციოდ 100 ათასი ლარის ეკვივალენტი, 3.7 მილიონი ქართული დოლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა ოთო ზაკალაშვილის მიერ.

3.    ოთო ზაკალაშვილის გირჩის სათათბიროდან გასვლა (ვინაიდან ამ დროისათვის ოთო ზაკალაშვილმა თავისით დატოვა სათათბირო, მოთხოვნა დაზუსტთა იმ შინაარსით, რომ ოთო ზაკალაშვილს სამომავლოდ აეკრძალოს სათათბიროს წევრობა).

მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმის განმხილველი მოსამართლე-მსაჯული ვიქნებოდი მე, გიორგი ახობაძე, რომელიც ასევე გახლავართ გირჩის სათათბიროს წევრი და მხარეებთან მეგობრულ ურთიერთობაში მყოფი პირი. მათ პირობა დადეს, რომ ჩემს გადაწყვეტილებას, მიუხედავად იმისა თუ როგორი იქნებოდა ის, ნებაყოფილობით აღასრულებდნენ.

მოსამართლის მიერ განხორციელებული საქმიანობები:

1.    ჩემი, როგორც მოსამართლის, მთავარი ამოცანა იყო საქმის მორიგებით დამთავრება. ვფიქრობ, ყველაფერი გავაკეთე ამ მიზნის მისაღწევად:

ა. ჩამოვედი ამერიკის შეერთებული შტატებიდან, პირადად შევხვდი და დიდი ხნის განმავლობაში ვესაუბრე, როგორც მხარეებს, ისე საერთო მეგობრებს, რათა საქმე არსებით განხილვამდე არ მისულიყო და მხარეები მორიგებულიყვნენ.

ბ. შევთავაზე მოპასუხეს სამუშაოს  შესრულება სასამართლო დავის დასრულებამდე, რათა ეს გარემოება გამომეყენებინა დავის მორიგებით დასასრულებლად.

ბ. მოგვიანებით შევადგინე სავარაუდო მორიგების აქტის ორი პროექტი, თუმცა ვერ მოხერხდა მხარეების მიერ კონსესუსის მიღწევა და საქმის მორიგებით დასრულება.

2.    მივიღე ჩემთვის სანდო კონსულტაცია შესასრულებელი ამოცანის სირთულეზე და მისი შესრულებისთვის საჭირო სავარაუდო ვადებზე.

3.    გირჩის სათათბიროს თანდასწრებით ჩავატარე ორი მრავალსაათიანი სასამართლო მოსმენა (ზუმპლატფორმის გამოყენებით), სადაც ორივე მხარეს და იმ ხალხს, ვინც იცოდა დავის არსის შესახებ, მიეცათ აზრის დაუბრკოლებლად გამოთქმისა და პრეტენზიებზე პასუხის გაცემის შესაძლებლობა (მოსმენების ორივე  ვიდეო ჩანაწერი გახლავთ სასამართლო გადაწყვეტილების შემადგენელი ნაწილი).

უდავოდ დადგენილი გარემოებები:

ვახო მეგრელიშვილის მიერ დასახელებული ფაქტობრივი გარემოებები სასამართლომ მიიჩნია უდავოდ, რადგან იგივე დადასტურდა ოთო ზაკალაშვილის და სასამართლოს მიერ მოწვეული ექსპერტების მოსმენის დროს.

პრეტენზიების მიმართ სასამართლოს დამოკიდებულება:

1.    საქმის განხილვის დროს სასამართლომ მოისმინა, როგორც ოთო ზაკალაშვილის, ისე ექსპერტების მოსაზრებები, რის შემდეგაც მივედი იმ დასკვნამდე, რომ დასახული ამოცანის შესრულება იყო რთული, მაგრამ არა შეუძლებელი. ამავდროულად, სასამართლოს არ აქვს საფუძველი იფიქროს, რომ ოთო ზაკალაშვილი მიზანმიმართულად აზიანებდა გირჩს და მისი მიზანი იყო დივერსია ან გირჩის საერთო მიზნის მტრობა. 

2.    საქმის გარემოებებიდან ირკვევა, რომ რეალური ზიანის ოდენობა ბევრად აღემატება საკომპენსაციოდ მოთხოვნილ თანხას, მაგრამ სასამართლო ვერ ჩაერევა დავის მხარეების დისკრეციულ უფლებებში, თავად განსაზღვრონ თავიანთი მოთხოვნები. ამავდროულად, სასამართლომ მოპასუხისაგან და მოწვეული ექსპერტებისგან ვერ მოისმინა დამაჯერებელი არგუმენტები ვერც იმის შესახებ, თუ რატომ იყო შეუძლებელი ამოცანის შესრულება და ვერც იმაზე, თუ რატომ ვერ შესრულდა საქმე დათქმულ დროსა და ვადებში.

3.    ოთო ზაკალაშვილმა საქმის განხილვამდე, საკუთარი ნებით და დემონსტრაციულად დატოვა გირჩის სათათბიროს სადისკუსიო ჩათი, რასაც სასამართლო განიხილავს, როგორც მოქმედი სათათბიროს ნებაყოფილობით დატოვებას. სასამართლო განმარტავს, რომ ასეთ დროს სათათბიროში პირდაპირი დაბრუნებისთვის საჭიროა სათათბიროს წევრთა კონსესუსი, რისი მიღწევაც მოქმედ სათათბიროში შეუძლებელი აღმოჩნდა.

გადაწყვეტილების შემაჯამებელი ნაწილი

მე ვთქვი:

1.    ოთო ზაკალაშვილის მიზანი არ ყოფილა გირჩის საზოგადოების შეგნებული დაზიანება.

2.    ვახო მეგრელიშვილის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს სრულად და ოთო ზაკალაშვილს დაეკისროს ზიანის ანაზრაურება 3.7 მილიონი ქართული დოლარის ოდენობით.

3.    ოთო ზაკალაშვილის სათათბიროს წევრად ყოფნის უფლების საკითხზე სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს მას შემდეგ, რაც დააკვირდება ოთო ზაკალაშვილის მიერ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების პროცესს და იმ დამოკიდებულებას, რაც ჩამოყალიბდება ამ პროცესში მასსა და გირჩის საზოგადოების დანარჩენ წევრებს შორის. 

4.    სასამართლო ბაჟის, 1 მილიონი ქართული დოლარის გადახდა დაეკისროთ მხარეებს თანაბრად, ვინაიდან მხარეთა მიერ არ ყოფილა მოთხოვნილი მისი სხვაგვარად გადანაწილება.

გადაწყვეტილება ძალაში შედის დაუყონებლივ, მხარეებისთვის გაცნობისთანავე.