logo
user
cart
  • ჩვენ შესახებchevron
  • პროექტებიchevron
  • გირჩის პოზიციებიchevron
  • პრაიმერისიchevron
  • FAQchevron
  • SHOPchevron

მიწა-წყლისა და ქვეყნის დაბრუნება

რატომ ეს პროექტი?

ამ პროექტით გვინდა დავასრულოთ 100 წლის წინანდელი, ბოლშევიკების მიერ, ადამიანების მდიდრებად (მესაკუთრეებად) და ღატაკებად (პროლეტარიატად) დაყოფის და ერთმანეთის მტრებად გამოცხადების ისტორია. შეძლებულების მიმართ ჩანერგილი სიძულვილის დასრულება გამოვა, თუ ყველას გაუჩნდება თანაბარი შესაძლებლობა, გახდეს შეძლებული მესაკუთრე.

100 წლის წინ ბოლშევიკებმა, საქართველოს დაპყრობის შემდეგ, ჩვენი წინაპრების დასამორჩილებლად დაგვიდგინეს ახალი ცხოვრების წესი. მოაწყვეს „კოლექტივიზაცია”, აკრძალეს კერძო საკუთრება. როგორც კი გაქრა კერძო საკუთრება, ავტომატურად გაქრნენ თავისუფალი ადამიანები.

მაშინ წართმეული ქონების დიდ ნაწილს დღეს „სახელმწიფო საკუთრებას“ ვუწოდებთ.

ჩვენი საბჭოთა წარსულის დასრულება, რეპრესირებული ადამიანების რეაბილიტაცია, წარსული ცოდვების მონანიება, შესაძლებელი გახდება, თუ კომუნისტების მთავარი ბოროტი იდეის საპირისპირო იდეა გაიმარჯვებს და ქვეყანას, და მისი ტერიტორიის თითოეულ კვადრატულ მეტრს, კვლავ ადამიანები დაეპატრონებიან.

ამ დროისათვის სახელმწიფო საკუთრებაშია:

• დაახლოებით, 5 მლნ ჰექტარი მიწა;

• სულ მცირე, $100 მლრდ ამერიკული დოლარის ღირებულების ტყე და წიაღისეული;

• მდინარეები, ტბები, ზღვა;

• ისტორიული ძეგლები, ციხეების და ეკლესიების ნანგრევები;

• სხვა უძრავი ქონება მ. შ.:

◦ საავტომობილო გზები;

◦ სახელმწიფო საწარმოები და ა.შ.

ამ ქონების თანაბრად დაბრუნება საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, როგორც ბოლშევიკური ტერორის მსხვერპლთა მემკვიდრეებისთვის, არის გირჩის საზოგადოების წევრების მთავარი პოლიტიკური პროექტი.

რა უნდა გაკეთდეს?

„სახელმწიფო ქონება” თანაბრად და უსასყიდლოდ გადაეცეთ საქართველოს მოქალაქეებს კერძო საკუთრებაში.

მიზნის მიღწევის გზა

1. სახელმწიფო ქონების კერძო საკუთრებად გადაქცევა შესაძლებელი იყოს მხოლოდ ამ მიზნით შექმნილი საპრივატიზაციო ფულით, რაც 90-იან წლებში გამოყენებული საპრივატიზაციო ვაუჩერის მსგავსი შინაარსის იქნება (გირჩის მაგალითზე GeD-ით).

1.1 ყველა საქართველოს მოქალაქეს აქვს თანაბარი წილი სახელმწიფო ქონებაში, რაც შინაარსობრივად სახელმწიფო ქონების ერთი მეოთხმილიონედი ნაწილია;

1.2. მოქალაქის წილი - ერთი მეოთხმილიონედი ნაწილი, ცხოვრებაში მოსახერხებლად გამოსაყენებლად გამოვხატოთ პირობით ფულად ერთეულში — ვთქვათ, ერთი მოქალაქისათვის 10 000 საპრივატიზაციო მონეტაში.

1.3. საპრივატიზაციო ფულის პირველი მფლობელები იქნებიან საქართველოს მოქალაქეები.

1.4 საპრივატიზაციო ფულის ღირებულება, რაც იგივეა, რაც მოქალაქის წილის ღირებულება, დადგინდება ბირჟაზე.

1.5 ფულის საერთო მასა იქნება ფიქსირებული, მოქალაქეების ზუსტი რაოდენობის შესაბამისად.

2. ღია აუქციონებზე გაიყიდება მიწის ნაკვეთები.

3. დახურულ აუქციონებზე გაიყიდება სახელმწიფო სააქციო საზოგადოების წილები.

4. ვისაც არ ექნება სურვილი, ფული დააბანდოს სახელმწიფოს უძრავ ქონებაში, შეეძლება, საკუთარი წილი რეალურ ფულად აქციოს ბირჟაზე და გამოიყენოს ნებისმიერი მიზნით.

პროექტის დაწყებამდე აუცილებელია საჯარო იყოს:

1. განსაკერძოებელი ნაკვეთების რუკა (ლოტები) და ინფორმაცია;

2. სახელმწიფო საწარმოების ნუსხა და ინფორმაცია თითოეულზე;

3. ბუნებრივი წიაღისეულის საბადოების ნუსხა და ინფორმაცია თითოეულზე.

შედეგი

სავარაუდოდ, რამდენიმე ასეული მლრდ აშშ დოლარის ღირებულების სახელმწიფო ქონება განაწილდება, დაახლოებით, ოთხ მილიონ მოქალაქეზე, რაც შექმნის მესაკუთრეების ახალ ფენას.

თითოეული მოქალაქე გახდება რამდენიმე ათეული ათასი დოლარის ღირებულების ქონების მესაკუთრე.

მოხუცებს შეეძლებათ ღირსეულად გაატარონ სიბერე და ღირებული მემკვიდრეობა დაუტოვონ მომავალ თაობას.

გაჩნდება საკუთრებასთან დაკავშირებული დავების სამართლიანად მოგვარების საჭიროება და სანდო სასამართლოს მოთხოვნილება.

გაჩნდება საკუთრების დაცვის მოტივაცია, რაც დაგვაფიქრებს უსაფრთხოების და თავდაცვის საჭიროებაზე.

გაჩნდება პატრიოტიზმის საფუძველი.

შეწყდება ქართველი ხალხის ქონების უსამართლოდ მითვისება და პირადი მიზნებით გამოყენება ხელისუფლებაში მყოფი ადამიანების მიერ.

PS შეთავაზება/წინადადება

საკუთრების დაბრუნების პროექტი მიგვაჩნია იდეად, რომლის ირგვლივ შესაძლებელია განსხვავებული პოლიტიკური სუბიექტების გაერთიანება და პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პოზიტიური საარჩევნო კამპანიის ბაზისად მისი გამოყენება.

ჩვენ მზად ვართ, ვითანამშრომლოთ ყველა პოლიტიკურ ძალასთან, რომელიც რეალურად აფასებს აღნიშნული პროექტის მნიშვნელობას და დავიწყოთ აქტიური მუშაობა სრულფასოვანი პროექტის ერთობლივი ფორმულირებისა და ერთობლივი ძალისხმევით მისი რეალობად ქცევისთვის.

5295

დაფინანსება

69

დამფინანსებელი

დააფინანსე

ნატა მელიწკაური

ბოლო დონორი

8 სთ წინ

ავტორი