logo
user
cart
  • ჩვენ შესახებchevron
  • პროექტებიchevron
  • გირჩის პოზიციებიchevron
  • პრაიმერისიchevron
  • FAQchevron
  • SHOPchevron

ყველაფერი გირჩის გათამაშების შესახებ

ხომ გახსოვთ, 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებზე პარტიის საბიუჯეტო დაფინანსებით ტესლას გათამაშებას რომ დაგპირდით? ვინც მივიდოდა საარჩევნო უბანზე, მისცემდა ხმას, ცესკოს საინფორმაციო დაფასთან გადაიღებდა სელფის და დაპოსტავდა ფეისბუქზე/ინსტაგრამზე ჰეშთეგით #მევიყავიარჩევნებზე, შეძლებდა ჩვენს გათამაშებაში მონაწილეობის მიღებას.

ეს საბიუჯეტო ფული სხვა ფორმით დავუბრუნეთ უკვე ჯედერებს, თუმცა ვთვლით, რომ ერთი ტესლას გათამაშების ვალდებულება მაინც გვაქვს. ოღონდ, მანქანის ყიდვის ბუღალტერია დაგვეზარა, ამიტომ გათამაშების გამარჯვებული ჩვენგან ტესლას საყიდლად სამყოფ ფულს, 25 000$-ს (გადასახადების შემდგომ 20 000$-ს) მიიღებს!

2023 წლის 23 დეკემბერს გირჩი ტესლას შესაძენად სამყოფ „ერთჯერად ხელფასს“ გაათამაშებს იმ ხალხს შორის, ვინც ჩვენს კამპანიაში 2020-ის და 2021-ის არჩევნებზე ჩაერთო.

ვინ იღებს მონაწილეობას გათამაშებაში:

1. საქართველოს სრულწლოვან მოქალაქე.

2. რომელიც 2021 წლის 2 ოქტომბრის 23:59-მდე დარეგისტრირდა ჩვენს საიტზე, მიუთითა სწორი მობილური ტელეფონის ნომერი, სწორი პირადი ნომერი და Facebook ან Instagram პროფილის სწორი ლინკი.

3. იყო 2020-ის ან/და 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებზე.

4. აქვს ფოტო / სელფი, სადაც მასთან ერთად ჩანს საარჩევნო უბნის ნომერი (ცესკოს დაფა, უბნებზე რომაა გაკრული ხოლმე).

5. ეს ფოტო 2021 წლის 2 ოქტომბრის 23:59-მდე ატვირთა ფეისბუქზე ან ინსტაგრამზე ჰეშთეგით #მევიყავიარჩევნებზე (პოსტი უნდა იყოს საჯარო).

6. მისი მონაცემები სწორია!

ვინც ეს ნაბიჯები შეასრულა, მისი სახელი მოხვდება გირჩის გათამაშების ბაზაში და ექნება ხელფასის მოგების შანსი.

გადაამოწმე საკუთარი თავი, მონაწილეობ თუ არა გათამაშებაში. თუ არ ხარ სიაში, გაასწორე შენი მონაცემები girchi.com-ის პორტალზე. გასწორებული მონაცემები აისახება 12 დეკემბერს.

ხშირად დასმული კითხვები:

• რატომ აკეთებს გირჩი ამ გათამაშებებს?

ჩვენ ვთვლით, რომ პარტიები ბიუჯეტიდან არ უნდა ფინანსდებოდნენ, ამიტომ იმ ფულს, რომელიც 2020-ის არჩევნების მერე მივიღეთ, ვუბრუნებთ ჩვენს მხარდამჭერებს (ჯედერებს) და იმ ხალხს, ვინც გათამაშებაში ჩაერთო.

• როგორ გაათამაშებთ?

ყველა მონაწილის მაიდენტიფიცირებელ ქაღალდს ჩავაგდებთ დოლურაში და წამყვანი ამოიღებს გამარჯვებული მოთამაშის ნომერს, რომელსაც ლაივშივე დავურეკავთ და მასთან ერთად ვიპოვნით მის ფეისბუქზე/ინსტაგრამზე საარჩევნო უბანთან გადაღებულ ფოტოს. ფოტოს პოვნის შემდეგ, გათამაშება დასრულდება და მოგებულს ცალკე დავეკონტაქტებით ფულის გადასაცემად.

თუ დოლურადან ამოსული ადამიანის ფეისბუქ/ინსტაგრამ პროფილზე ვერ ვნახავთ სავალდებულო ფოტოს ჰეშთეგით, ეს მონაწილე დაკარგავს მოგების შანსს და წამყვანი ახალი გამარჯვებულის გამოსავლენად კიდევ ერთხელ ამოიღებს დოლურადან ნომერს. ასე გაგრძელდება, სანამ ამოსული ნომრის პატრონი არ დააკმაყოფილებს გათამაშების მოთხოვნას.

• თუ არჩევნების მერე ფოტო წავშალე ფეისბუქიდან (ან ინსტაგრამიდან), შევძლებ მონაწილეობის მიღებას და მოგებას?

თუ გათამაშების დღემდე იმ ფოტოს თავიდან ატვირთავთ თქვენს ფეისბუქზე (ან ინსტაგრამზე), ჰეშთეგით #მევიყავიარჩევნებზე, ისევ გექნებათ მოგების შანსი. მთავარია, რომ ფეისბუქზე/ინსტაგრამზე თქვენს ფოტოებში იძებნებოდეს უბანთან გადაღებული ფოტო, ზემოთ ნახსენები ჰეშთეგით.