logo
user
cart
  • ჩვენ შესახებchevron
  • პროექტებიchevron
  • გირჩის პოზიციებიchevron
  • პრაიმერისიchevron
  • FAQchevron
  • SHOPchevron

„აბა, რომელ ქვეყანას არ აქვს თავისი ვალუტა?“

1. ისტორიულად, XX საუკუნის მეორე ნახევრამდე, ადამიანობა მულტისავალუტო რეჟიმის პირობებში ცხოვრობდა. ანუ ერთი ვალუტის მონოპოლია ძალიან ახალი მოვლენაა და, მხოლოდ ჩვენი მოკლე ცხოვრების და მეხსიერების გამო, ის რაც 1-2 თაობის წინ დაიწყო, მუდმივ მოვლენად გვეჩვენება.

ხოლო, უშუალოდ კონკურენციას რაც ეხება, ის ოქროს, ვერცხლსა და სპილენძს შორის მიმდინარეობდა (ხშირად სხვა ფულიც იყო ამ პროცესში ჩართული, თუმცა პრინციპულად არ არის მნიშვნელოვანი). თუ, მაგალითად, სადმე ვერცხლის საბადოები გაჩნდებოდა, რაც ვერცხლის გაუფასურებას გამოიწვევდა, ადაპტაცია არა მხოლოდ ვერცხლში გამოხატული ფასების ზრდაში, არამედ ოქროს ან სპილენძის (ან სხვა ფულის) ფასების ცვლილებით ხდებოდა.

ოქროს, ვერცხლისა და სპილენძის სისტემა მუშაობს თითქმის იმავენაირად, როგორც საქართველოს შემთხვევაში იმუშავებდა მონეტარული სისტემა, დოლარის, ევროსა და ლარის ერთდროულად ბრუნვაში დაშვების შემთხვევაში. განსხვავება კი იმაში იქნება, რომ სპილენძიც კი უფრო სტაბილური ვალუტაა, ვიდრე ნებისმიერი დღევანდელი ფული, დოლარის ჩათვლით.

(ის თუ როგორ იმუშავებს ეს სისტემა, ცალკეა ასახსნელი).

ნაციონალური ვალუტები ამ პერიოდში, რა თქმა უნდა, არსებობდა, მაგრამ ეს უფრო გართობის და მეფეების ეგოს ამბავი იყო, რადგან, მნიშვნელობა არ აქვს, ოქროს მონეტაზე რომელი მეფეს სახე იქნება გამოხატული. მთავარია, რომ მონეტა ოქროსია. მაგალითად, XX საუკუნის დასაწყისამდე სამხრე-აღმოსავლეთ აზიაში ყველაზე გავრცელებული იყო მექსიკაში გამოშვებული ვერცხლის მონეტა.

2. თუმცა, ხშირად ადამიანებს თანამედროვეობის ფეტიში აწუხებს და მიაჩნიათ, რომ რაც წარსულში იყო, ის „სხვა გარემოებაში იყოს სწორი“, ხოლო ახლა მხოლოდ თანამედროვე მიდგომები შეიძლება იყოს გამოყენებული. ამიტომ ისტორიული არგუმენტი უფრო თემის გასაგებად გამოგადგებათ, თუმცა შემთხვევების აბსოლუტურ უმრავლესობაში წამოვა კითხვა, „და ახლა რომელ ქვეყანაში ხდება ეს? თუ ქვის ხანაში გინდა დაგვაბრუნო?“

აქ გამოგადგებათ: IMF Annual Report on Exchange Arrangements and Exchange Restrictions 2020.

ამ რეპორტის მესამე ცხრილში მოცემულია, თუ რომელ ქვეყანაში რა ტიპის მონეტარული სისტემაა. მაგალითად, ქვეყნების 6.8% არ გააჩნიათ საკუთარი ვალუტა („როგორ ცხოვრობენ, საწყლები?“), 60.4% კი ამა თუ იმ ფორმით ფიქსირებული ან სხვა ვალუტაზე მიბმული კურსი აქვთ. ჩვენ “floating” ნაწილში გავდივართ, ანუ იგივე სისტემა გვაქვს, რაც ქვეყნების 16.7%. იქვე ნახავთ ქვეყნების ჩამონათვალს და ბოლოში ცალკეული ქვეყნის აღწერას. ჩვენი ქვეყნის ირგვლივ დისკუსიაში, ყველაზე კარგად მონტენეგროს და ბულგარეთის მაგალითები გამოგადგებათ. თუმცა, ესტონეთი და ლატვია ასევე მშვენიერი მაგალითებია, რადგან, სანამ ევროს შემოიღებდნენ, მათი ვალუტები მიბმული იყო სხვა ვალუტებზე. ესტონეთის შემთხვევაში გერმანულ მარკასა და შემდგომ ევროზე, ხოლო ლატვიაში - SDR-ზე (საერთაშორისო სავალუტო ფონდის ტექნიკური ვალუტაა) და 2005 წლიდან ევროზე.

ავტორი: ალექსანდრე რაქვიაშვილი