გირჩი პარლამენტში. 2021-2024 წლების ანგარიში
2020-ის არჩევნების შემდეგ გამოცხადებული საპარლამენტო ბოიკოტის შედეგად, გირჩი საპარლამენტო საქმიანობას შარლ-მიშელის შეთანხმების შემდეგ, 2021 წლის აპრილში შეუდგა. მე-10 მოწვევის პარლამენტში გირჩი 4 დეპუტატით იყო წარმოდგენილი. მიუხედავად იმისა, რომ 150 ადგილიან პარლამენტში ასეთი წარმომადგენლობით, ერთი შეხედვით, საკუთარი იდეების მაღალი ტრიბუნიდან გავრცელების გარდა, ბევრის გაკეთება შეუძლებელია, ამ 3.5 წელში ჩვენ მეტი გავაკეთეთ, ვიდრე ვინმე ელოდა და ვიდრე მთელმა დანარჩენმა ოპოზიციამ ჯამში შეძლო.
პატიმრები
მართლმსაჯულების სისტემის მანკიერება - ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი საკითხია და თუ სასამართლო და პროკურატურა არ გივარგა, ცხადია, შედეგად ბევრი ადამიანი ციხეში უსამართლოდ აღმოჩნდება. ამიტომ პატიმრების პრობლემები თავიდანვე გახდა პოლიტიკურად მნიშვნელოვანი ჩვენთვის. პირველი ნაბიჯი ამ მიმართულებით - დათო კვარაცხელიას შეწყალების კამპანიის დაწყება იყო, რომელიც რამდენიმე თვის შემდეგ, წარმატებით დასრულდა და დათომ ციხე 2021 წლის ბოლოს დატოვა.
მოგვიანებით კიდევ არაერთ პატიმარს დავეხმარეთ. მაგალითად, მიუხედავად ძალიან მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობისა, პატიმარი რომელიც ციხეში იჯდა 15-ლარიანი არყის მოპარვის გამო, შედეგად, უდოთი გამოვიდა. 2022 წლის ოქტომბერში ჩვენი ჩარევის შემდეგ ციხე დატოვა პატიმარმა, რომელსაც უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად არ ათავისუფლებდნენ (იმაზე 19 დღით მეტი გაატარა ციხეში, ვიდრე ეკუთვნოდა).
პატიმრებთან მჭიდრო კონტაქტი მთელი ეს წლები გვქონდა, მათ ბევრ პრობლემაზე გვისაუბრია და შეძლებისდაგვარად გადაგვიჭრია კიდეც. ერთი ასეთი პრობლემა კანონმდებლობის დონეზე მოგვარდა. კერძოდ, აქამდე აკრძალული იყო პატიმრის ოჯახის წევრების ერთმანეთთან დისტანციურად კომუნიკაცია, თუ ოჯახის წევრიც პატიმარია. 2023 წლის ბოლოს, ახალ პენიტენციურ კოდექსზე მუშაობის ფარგლებში, ეს ცვლილება გავიტანეთ და ახლა პატიმრებს ასეთი უფლება გაუჩნდათ.
იყო ისეთი აქტივობაც, რომელიც პოლიტიკისგან შორსაა. მაგალითად, როცა პატიმრებმა მოგვწერეს ბიბლიოთეკაში წიგნების ნაკლებობაზე, ყველა პენიტენციურ დაწესებულებას წიგნები გავუგზავნეთ: ფრიდრიჰ ჰაიეკის „თავისუფლების კონსტიტუცია“, უოლტერ ბლოკის „დაცვა ვერდასაცავისა“ და სხვა.
თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ნაწილში ამნისტიის კანოპნროექტია. მათ შორის, ჩვენი აქტივობის შედეგად ორი განსხვავებული ამნისტიის პროექტი იყო მიღებული.
პირველი იყო „მიწის ამნისტია“. მიწის რეგისტრაციით, ოცნებამ ხალხი 2020 არჩევნების წინ მოატყუა, ხოლო შემდგომ მათი დასჯა და მიწის წართმევა დაიწყო. ათასობით უდანაშაულო ადამიანი თაღლითად გამოცხადდა, თუმცა ჩვენი მხრიდან, პარლამენტში, სოციალურ ქსელებსა და მედიაში აქტიურობით, ამ ხალხის პრობლემა და მოთხოვნები უფრო ხმამაღლა გაჟღერდა. შედეგად, მთავრობამ „მიწის ამნისტია“ განახორციელა და ათასობით ადამიანს სასჯელი მოეხსნა. თუმცა, საბოლოო ჯამში, ეს მხოლოდ ნახევარი ნაბიჯია, რადგან მიწები ხალხს უსამართლოდ წაართვეს და ეს მიწები მომავალში დასაბრუნებელი იქნება, როგორც მთელი მოსახლეობისთვისაა დასაბრუნებელი ქვეყნის ის 80%.
კიდევ უფრო მეტ ადამიანს შეეხო ქართული ოცნების მიერ წინასაარჩევნოდ დაინიცირებული ამნისტიის პროექტი, რომელიც ჩვენი კანონპროექტის და პატიმრების ოჯახის წევრების აქტივობის პასუხი იყო.
2023 წლის ბოლოს, ჩვენ, აქტიური მოლაპარაკებების შედეგად ოპოზიციის უდიდეს ნაწილთან მივაღწიეთ საყოველთაო ამნისტიის კანონპროექტზე შეთანხმებას, რომელიც 2024 წლის დასაწყისში დავაინიცირეთ. პარალელურად პატიმრების ოჯახის წევრებმა არაერთი მიტინგი ჩაატარეს, ხოლო თემა აქტუალური რჩებოდა სოციალურ ქსელებსა და მედიაში. შედეგად, რამდენიმე თვის დაგვიანებით ქართულმა ოცნებამ თვითონ დააინიცირა ამნისტიის კანონპროექტი, რომელიც რამდენიმე ათას პატიმარს შეეხო. ეს არ იყო იდეალური კანონპროექტი, არც საყოველთაო, არც ლოგიკური. მიუხედავად იმისა, რომ განხილვის დროს ჩვენი ძალისხმევით ის ოდნავ გაფართოვდა (მეტად გავრცელდა ქალებსა და არასრულწლოვანებზე, ასევე დაემატა რამდენიმე მუხლი), ისიც ცხადი გახდა, რომ გირჩია ერთადერთი პარტია ქვეყანაში, რომელიც დიდ ამნისტიას უჭერს მხარს და ასეთი ამნისტია მხოლოდ იმ შემთხვევაში განხორციელდება, თუ გირჩს მეტი დეპუტატი ეყოლება პარლამენტში.
ნარკოპოლიტიკა
ჩვენი პარლამენტში მუშაობის შედეგად ნალაქსონი, იგივე ნარკანი, რეცეპტის გარეშე გაყიდვა გახდა შესაძლებელი. ნალაქსონი — ანტიდოტია, რომელიც ადამიანს ზედოზირების შემთხვევაში სჭირდება. მისი რეცეპტით გაყიდვა წინა პერიოდების რეპრესიული ნარკოპოლიტიკის გადმონაშთი იყო და ამას უამრავი ადამიანი ეწირებოდა. ამ პრაქტიკის შეცვლის აუცილებლობაზე ნარკოლოგები წლების მანძილზე ლაპარაკობდნენ, თუმცა, ამის მიუხედავად, იდეის პოლიტიკური ლობირება არავის უცდია. ლექსო ლაშქარავას ტრაგედიის შემდეგ ამის პოლიტიკური შესაძლებლობა გაჩნდა. ჩვენ დავუკავშირდით ჯანდაცვის და შინაგან საქმეთა მინისტრებს, ავუხსენით - რომ არა ნარკანის ურეცეპტოდ გაცემის შეზღუდვა, ლექსო ცოცხალი იქნებოდა და რომ შესაცვლელი იყო ეს წესი. ამის შემდეგ პარლამენტარებს დაველაპარაკეთ. შედეგად, ჯანდაცვის კომიტეტმა რეკომენდაცია მისცა ჯანდაცვის სამინისტროს და გარკვეული ბიუროკრატიული პროცესის შემდეგ ნალაქსონი იმ მედიკამენტთა სიაში გადავიდა, რომლის აუცილებლობის შემთხვევაში რეცეპტის გარეშე გაცემა ნებადართულია. ეს ცვლილება ახლო მომავალში ბევრი ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენს.
საარჩევნო კანონმდებლობა
საარჩევნო კანონმდებლობის ნაწილში ყველაზე მეტი ჩვენი ინიციატივა იყო რეალიზებული. 2022 წლის თებერვალში კანონპროექტი შევიტანეთ, რომლის თანახმად პარტიების მიერ დანიშნული საოლქო კომისიის წევრებს სერტიფიცირება არ დასჭირდებოდათ (98 ხმით.). სამწუხაროდ, ოპოზიციის დიდმა ნაწილმა მხარი არ დაგვიჭირა და, საბოლო ჯამში, კანონი პარლამენტმა მხოლოდ დროებით ნორმად მიიღო. 2024 წლიდან სერტიფიცირება ისევ აუცილებელი გახდა. თუმცა რამდენიმე შუალედური არჩევნები სერტიფიცირების გარეშე ჩატარდა, რაც ოპოზიციური პარტიების დიდმა ნაწილმა ეფექტიანად გამოიყენა.
12 პუნქტიანი გეგმის შესრულების ფარგლებში, უმრავლესობასთან და OSCE ODIHR-თან მოლაპარაკებების შედეგად, გავიტანეთ ცვლილება, რომლის თანახმად 2.5-ჯერ შემცირდა იმ კანდიდატთა რაოდენობა, რომელიც საჭირო იყო ადგილობრივ არჩევნებზე პარტიის რეგისტრაციისათვის. მარტივად რომ ვთქვათ, დაახლოებით 1500 კანდიდატიანი სიების ნაცვლად, პარტიას დასჭირდება მაქსიმუმ 600 კანდიდატიანი სია, რათა ყველა რეგიონში იყოს წარმოდგენილი. შეიძლება ამომრჩევლისთვის ეს არ იყოს რაღაც მნიშვნელოვანი ცვლილება, მაგრამ ყველა პარტიისთვის (ორი დიდი პარტიის გარდა), ეს სიები რეგიონულ არჩევნებში მონაწილეობის მთავარი ტექნიკური ბარიერი იყო. მარტო ჩვენ 2021 წელს ამ სიების შეგროვებაზე ერთ თვეზე მეტი და თითქმის მთელი ადამიანური რესურსი დავხარჯეთ, თან საარჩევნო კამპანიის პერიოდში - ივლის-აგვისტოში. ასე რომ, ჩვენი აქტივობით ყველა პატარა პარტიას ცხოვრება მნიშვნელოვნად გავუმარტივეთ.
იმავე პროცესში, 100-დან 70 ადამიანამდე შემცირდა პარტიების მიერ წარსადგენი საპარლამენტო სიის მინიმუმი.
12 პუნქტის შესრულებისას, ვენეციის კომისიიდან მოვიდა რეკომენდაცია, რომ პარტიის მიერ დანიშნული საუბნო კომისიის წევრების სერტიფიცირება სავალდებულო ხდებოდა. ამ მავნებლური რეკომენდაციის გასაჩერებლად ყველა ოპოზიციური პარტია გავაერთიანეთ და ერთობლივი ძალისხმევით არ დავუშვით საუბნო კომისიის წევრების სერტიფიცირების შემოღება (ჩვენთვის 73 საოლქო კომისიის წევრების პოვნაც კი რთული იყო, ხოლო 3000-ზე მეტ სერტიფიცირებულ საუბნო კომისიის წევრს ნაციონალური მოძრაობაც კი ვერ იპოვიდა).
2024 წელს კი გავაუქმეთ ერთ-ერთი ყველაზე მავნებლური ცვლილება, რაც საარჩევნო კანონმდებლობაში ოდესმე იყო შეტანილი, - ქალების კვოტირება. ამის მიღწევა ჩვენი წარმატებული პოლიტიკური ვაჭრობის შედეგად გახდა შესაძლებელი, სადაც ჩვენც და უმრავლესობამაც ის მიიღო, რასაც უფრო აფასებდა (იხ. დეტალურად).
ამ პროცესის ფარგლებში 70-დან 30-მდე შემცირდა საპარლამენტო არჩევნებში მისაღებად სავალდებულო კანდიდატთა რაოდენობის მინიმუმი. წვრილმანი, მაგრამ სასიამოვნო.
ამ ნაწილში, აღსანიშნავია, რომ სამწუხაროდ, კიდევ ერთი ჩვენი ინიციატივა ვერ გავიდა, ოპოზიციური პარტიების პასიურობის შედეგად. პარლამენტში შევიტანეთ კანონპროექტი პარტიების ბიუჯეტიდან დაფინანსების მახინჯი წესის წინააღმდეგ.
ჩვენი ინიციატივის თანახმად, პარტია, რომელიც ვერ გადალახავს ბარიერს, ვერ მიიღებდა სახელმწიფო დაფინანსებას. ახლა კი, ის დაფინანსებას იღებს, თუ 1%-ს მაინც აიღებს. ჩვენ ვიმეორებდით, რომ ეს ოპოზიციური გაერთიანებების საწინააღმდეგოდ მიღებული წესია, მაგრამ არავინ ჩაერთო ამ საკითხში, ცვლილების შანსი 12-პუნქტის შესრულების დროს არსებობდა, მითუმეტეს, რომ ქართული ოცნებისგან იყო შემოთავაზება დაწყებულიყო ამ თემის განხილვა, თუ სხვა პარტიები მოითხოვდნენ იმავეს, თუმცა ჩვენს გარდა, მსურველი არ გამოჩნდა.
დავეხმარეთ მთელ ოპოზიციას ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის პოზიციაზე შეთანხმებაში იმის შემდეგ, რაც ეს პროცესი ჩიხში შევიდა. ეს ხდებოდა ჩვენს ოფისში და ჩვენი ინიციატივით, ხოლო კომპრომისის და საერთო ოპოზიციური შეთანხმების მისაღწევად ჩვენი კანდიდატურა ჩავხსენით.
ამ მიმართულებით აქტივობით, ჩვენ ვაჩვენეთ, რომ შეგვიძლია, როგორც საკუთარი ვიწროპარტიული ინტერესების დაცვა, ასევე ოპოზიციის გამაერთიანებელი როლის თამაში და პოლიტიკური ვაჭრობა, მაშინ როცა სხვა პარტიებს ჩვენი ხმები სჭირდება. ოპოზიციასთან თუ ქართულ ოცნებასთან, ჩვენი თანამშრომლობა ყოველთვის იყო საჯარო და არც ერთხელ არ დაგვირღვევია ჩვენი პრინციპები.
საზოგადოებრივი მაუწყებელი
ერთ წელზე მეტი გაგრძელდა ჩვენი აქტივობა საზმაუს დაფინანსების წესის შესაცვლელად, რომელიც ინფლაციასა და მშპ-ზე იყო მიბმული და რის გამოც, საზმაუს ბიუჯეტმა ასტრონომიულ 101 მილიონს მიაღწია. 2023 წლის ბოლოს ეს წესი შეიცვალა. 2024 წელს საზმაუს დაფინანსება უკვე აღარ გაზრდილა, არც 2025-ში იქნება ცვლილება, ხოლო 2026 წლიდან დაფინანსება შემცირდება კიდეც. ცხადია, ეს არ არის ოპტიმალური შედეგი და საზოგადოებრივი მაუწყებელი სრულიად უნდა გაუქმდეს, თუმცა ამისთვის პარლამენტში მეტი გირჩია საჭირო.
თავდაცვის კოდექსი
2023 წელი თავდაცვის კანონის განხილვით დაიწყო, რაც საქართველოს პარლამენტარიზმის ისტორიაში უნიკალურ პროცესად დარჩება, თავისი ხანგრძლივობით თუ ოპოზიციის ეფექტიანობის კუთხით. ჩვენი, ოთხი დეპუტატის წინააღმდეგობა იმგვარი იყო, რომ 88-დეპუტატიანი უმრავლესობა იძულებული გახდა „პროცედურული ომი“ დაეწყო ჩვენ წინააღმდეგ, რაც უპრეცედენტოა, ვინაიდან „პროცედურული ომი“ თავისი არსით უმცირესობის და არა უმრავლესობის ინსტრუმენტია. თუმცა, ქართულმა ოცნებამ ვერც ეს ომი მოიგო და საბოლოოდ, საკუთარივე წესების და პროცედურების დარღვევა მოუწია, რომ ეს კანონი გასულიყო. თუმცა არც ჩვენ დავაკელით ამ ნაწილში, და ხან კანონების განხილვას ვუგდებდით, ხან ქვორუმს, რის გამოც პროცესი 9 თვე გაგრძელდა (სტანდარტული 1.5 თვისა) და კანონმა არაერთი ცვლილება განიცადა, რომელთაგან მთავარი ალტერნატიული სამსახურის ნაწილი იყო. ეს ცვლილება ჩვენ მოვითხოვეთ და რადგან მისი არგანხორციელება ადამიანის უფლებების უხეში დარღვევად იქცეოდა, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში კანონის შეჩერებისთვის მზადება დავიწყეთ (მათ შორის არასამთავროებისა და მოხალისეების დახმარებით). ვინაიდან სასამართლოს უკვე ჰქონდა ორი ასეთი პრეცედენტი და ორივე ჩვენ სასარგებლო შედეგით დასრულდა, აქაც ქართული ოცნება იძულებული გახდა ცვლილებები შეეტანა. შედეგად, ბიბლიური თავისუფლების წევრებს შესაძლებლობა გაუჩნდა ალტერნატიული სამსახური მოეთხოვათ ჯარში გაწვევის სანაცვლოდ, რაც ათასზე მეტმა ადამიანმა უკვე გააკეთა. თუ გავითვალისწინებთ, რომ მხოლოდ რამდენიმეს შესთავაზეს ასეთი სამსახური, ხოლო დანარჩენი უბრალოდ არ გაიწვიეს, ფაქტობრივად, ბიბლიური თავისუფლება აგრძელებს თავის საქმიანობას და იცავს ახალგაზრდებს მონობისგან.
აღსანიშნავია, რომ ჯარის კანონთან ბრძოლისას ჩავატარეთ მიტინგი, რომელიც ღიად პარტიული იყო, ორგანიზაციულ ნაწილში დავდეთ მიტინგების ჩატარების სტანდარტი, და მიუხედავად იმისა, რომ სულ 2.5-3 ათასი ადამიანი მოვიდა, ჩვენ მიტინგსაც დიდი როლი ჰქონდა საერთო პროცესის წარმატებაში. თან ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის გარდა, ასე ღიად პარტიულ მიტინგზე წლებია ჩვენზე მეტი ადამიანი არც არავის გამოუყვანია.
პარლამენტმა იაგო საპროკურორო საბჭოს წევრად აირჩია 100 ხმით, რაც შესაძლებელი იყო მხოლოდ ოპოზიციისა და ოცნების საერთო მხარდაჭერის შემთხვევაში. ფაქტობრივად, მეტი არცერთი ამგვარი კენჭისყრა არ დასრულებულა ასეთი მრავალპარტიული მხარდაჭერით, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ გირჩი ერთადერთი პარტიაა, რომელსაც შეიძლება ყველა სხვა პოლიტიკურ ძალასთან თანამშრომლობა.
საპენსიო ფონდი
საპენსიო ფონდის წინააღმდეგ მინი-კამპანია მოვაწყვეთ, რომელსაც შემდეგ სხვა პოლიტიკოსებიც აჰყვნენ და რომლის შედეგად, „რისკიან პორტფელში ფულის ავტომატური განაწილება“ გაუქმდა, ხოლო ათასობით ადამიანმა დაინახა, რომ საპენსიო ფონდი ძარცვის კიდევ ერთი ინსტრუმენტია.
საპარლამენტო აქტივობა
მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციას არ მოეთხოვება კანონების მიღება, თქვენ ნახეთ, თუ რამდენი ინიციატივა გავიტანეთ სულ ოთხმა დეპუტატმა და რამდენი გავაჩერეთ ან შევცვალეთ. ამასთან, პარლამენტში ოპოზიციის მთავარი ამოცანა საკუთარი იდეებისა და ალტერნატიული ხედვების გაჟღერებაა, იმისთვის რომ ამომრჩეველს დაანახოს უკეთესი შესაძლებლობები და ამით შემდეგ არჩევნებზე მეტი მხარდაჭერა მიიღოს. ამ ნაწილშიც, ჩვენ ვიყავით ყველაზე აქტიურები და ეფექტიანები. ასე, სანდრო რაქვიაშვილი გახდა ყველაზე აქტიური დეპუტატი ოპოზიციიდან, 74 კანონპროექტის ინიცირებით.
ყველაზე მნიშვნელოვანი ინიციატივები:
1. სახალხო დამცველის არჩევის კამპანია, სადაც ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ისტორიაში პირველად რამდენიმე კვირა მიდიოდა დისკუსია, აქვს თუ არა ადამიანს საკუთარ სხეულზე საკუთრების უფლება. ეს თავისფუალი საზოგადოებისთვის საკვანძო ღირებულება დღემდე არ არის ბევრი ადამიანის მხრიდან გაცნობიერებული და ამიტომ ამ კამპანიას გრძელვადიანად დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა.
2. საგამოძიებო კომისია ეროვნულ ბანკის მაქინაციებზე, რომლის შედეგად 600 მილიონი იყო მოპარული
3. ბრძოლა ჯანდაცვის სამინისტროსთან, ასევე იხ.
4. კორონას რეგულაციების წინააღმდეგ ბრძოლა, ასევე იხილეთ.
5. წამლების რეგულაციებთან ბრძოლა.
6. პირველად საპარლამენტო ტრიბუნიდან გაჟღერდა, რომ გადასახადები არის ძარცვა
ინიცირებული კანონპროექტების ნაწილი:
1. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატანი ცვლილება - 07-11-2021
,, ბირჟა მაფიის’’ საქმიდან გამომდინარე შემუშავებული პროექტი. ამ ცვლილებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, გამამტყუნებელი განაჩენისთვის არასაკმარისი მტკიცებულების საფუძველზე გასამართლებული ადამიანების საქმე თავიდან გადაისინჯებოდა სასამართლოში ახალი სტანდარტით, რომელიც გულისხმობს, რომ მხოლოდ პოლიციელის ჩვენების საფუძველზე ამოღებული უკანონო ნივთის ამოღების ფაქტი არ იქნება საკმარისი ბრალეულობის დასადგენად. თუმცა ეს პროექტი ჯერ კიდევ არ განიხილა წამყვანმა იურიდიულმა კომიტეტმა.
2. საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ კანონში შესატანი ცვლილება - 21-12-2021
საქართველოს პარლამენტის წევრს მიენიჭოს უფლება გამოითხოვოს კონფიდენციალური ინფორმაცია ეროვნული ბანკიდან. აღნიშნულ პროექტს, 2022 წლის 10 ივნისს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა 41 დეპუტატმა, სამწუხაროდ, საკმარისი ხმები ვერ მოიპოვა ცვლილების მისაღებად.
3. იარაღის შესახებ კანონში შესატანი ცვლილების პროექტი - 09-03-2022
იარაღის ტარების უფლება მიენიჭოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებს და იმ პირებს ვისაც ერთხელ უკვე მინიჭებული ჰქონდათ ეს უფლება, სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, თუმცა სამსახურის უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ ეს უფლება დაკარგეს. წამყვან იურიდიულ კომიტეტს ჯერ არ განუხილია ეს პროექტი.
4. საქართველოს საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილება - 12-10-2022
ქონების გადასახადი, რომელიც მიბმული არის შემოსავალთან, დღეს დადგენილი წესით 100 000 ლარი შემოსავლის მქონე ოჯახი იბეგრება. 2010 წლის შემდეგ არ შეცვლილა, ეს წესი, მიუხედავად იმისა, რომ ფასების ინდექსი 75%-ით გაიზარდა. შემოთავაზებული ცვლილებით შემოსავლის ოდენობა უნდა აღწევდეს 175 000 ლარს, ასევე, რეზიდენტი ფიზიკური პირები, რომელთა დასაბეგრი შემოსავალი 70 000 ლარს არ აღემატება გათავისუფლებულები იქნებიან ქონების გადასახადისაგან, დღეს მოქმედი რედაქციით გადასახადისაგან გათავისუფლების საშემოსავლო ზღვარი 40 000 ლარს შეადგენს. – 2023 წლის 20 ოქტომბერს პირველი მოსმენით განიხილა პარლამენტმა კანონი, თუმცა მხარი მხოლოდ 20-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 9 წინააღმდეგი იყო.
5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატანი ცვლილების პროექტი - 03-11-2022
ნაფიცი მსაჯულები საქმეს განიხილავენ, თუ წარდგენილ დანაშაულზე სასჯელი აღემატება 6 თვით თავისუფლების აღკვეთას. წამყვან იურიდიულ კომიტეტს არ განუხილავს პროექტი.
6. გენდერის კანონში შესატანი ცვლილების პროექტი - 29-06-2023
კანონიდან ამოღებულ იქნას ტერმინი ,,გენდერი’’და ის შეიცვალოს ,,ქალისა და მამაკაცის თანასწორობა’’- რადგან კანონშიც კი ტერმინი გენდერი განმარტებული არის არა ისე, როგორც მას ორიგინალი განმარტება განმარტავს, არამედ, გენდერი - როგორც ორი სქესის ნიშანი, მდედრობითი და მამრობითი. შესაბამისად, ამ კანონის მიზანია, არსებული კანონის ,,შეცდომა’’ აღმოვფხვრათ. წამყვან კომიტეტს (ად.უფლებათა) არ განუხილავს ეს კანონი.
7. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონის პროექტი - 05-12-2023
პოლიტიკური პარტია დაფინანსებას მიიღებს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ის დააგროვებს ხმების იმ ოდენობას, რამდენიც საჭირო არის პარლამენტში მოსახვედრად და არა იმ შემთხვევაში თუ პოლიტიკური პარტია გადალახავს 1% იან ზღვარს, როგორც ეს არის დღეს მოქმედი წესით. ჯერ არ განუხილავს პარლამენტს.
8. ,,საარჩევნო კოდექსის’’ ცვლილების პროექტი- არ განხილულა. 2024 წლის 12 თებერვალი.
საქართველოს საზღვრებს გარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს უფლება ჰქონდეს საელჩოში არჩევნებისთვის წინასწარი რეგისტრაცია განახორციელონ საცხოვრებელი მისამართის მითითების გარეშე.
9. ,,ამნისტიის შესახებ კანონის პროექტი’’- არ განხილულა. 2024 წლის 20 თებერვალი
უვადო პატიმრებს 30 წლიანი სასჯელის ტოლია, გარდა ამისა , სასჯელისგან გათავისუფლდებიან პირები რომლებმაც ჩაიდინეს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 და 265-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული.
სასჯელი გაუნახევრდებათ პირებს, რომლებმაც ჩაიდინეს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ნაკლებად მძიმე დანაშაული, სამოხელეო და ნარკოტიკული თავით გათვალისწინებული დანაშაული.
¼ შეუმცირდებათ სასჯელი მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩამდენ პირებს. არ განხილულა
10. საგადასახადო კოდექსში ცვლილების პროექტი- 21 თებერვალი 2024- არ განხილულა
ოქროსა და ოქროს ნაწარმის მიწოდების დღგ-სგან გათავისუფლება
11. ლობისტური საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონის პროექტი- 2024 წლის 17 აპრილი.
ლობისტური საქმიანობის ლეგალიზება, პირი რომელიც უფლებამოსილია დადოს ხელშეკრულება შესაძლებელია გახდეს ლობისტი. ლობისტი არ იქნება შეზღუდული დავალების რაოდენობით
ასევე გირჩის საპარლამენტო აქტივობაზე იხილე ვრცლად სანდროს ღამის ლაივის სპეციალური გამოშვება.