გირჩის პარტბილეთი
თუ ამ ტექსტს კითხულობ, ალბათ გინდა პოლიტიკური პარტია “გირჩი”-ს წევრი ოფიციალურად გახდე!
აქამდე ფორმალური წევრობის რამე გზა არ გვქონდა - საკმარისი იყო ჩვენი ციფრული ვალუტა - GeD გქონოდა და კონსტიტუციას დათანხმებოდი.
მაგრამ იმდენმა გვკითხა, როგორ გავწევრიანდე ოფიციალურადო, რომ გადავწყვიტეთ ახალი პროდუქტი შეგვექმნა.
წარმოგიდგენთ გირჩის “პარტბილეთს”.
პარტბილეთის მიღებით, თქვენ ოფიციალურად ხდებით ჩვენი პარტიის წევრი.
წევრების სია იქნება საჯარო, ხოლო საწევრო გადასახადი - სავალდებულო.
“მოიცა” - იკითხავს რიგითი გირჩელი - “თუ მე პარტბილეთი არ მინდა და არც საწევროს ხდა, რა გამოდის, გირჩელი აღარ ვარ? ჩემ ჯედებს რამე ემუქრება?”
რა თქმა უნდა, ისევ ხარ და შენთვის არაფერი იცვლება. სანამ ჩვენს კონსტიტუციას ეთანხმები და ჯედები გაქვს, ჩვენთვის ისეთივე წევრი ხარ, როგორც პარტბილეთიანი ადამიანი. არანაირი განსხვავება შენთვის არ იქნება, ძველებურად ერთი საზოგადოების წევრები ვართ. უბრალოდ, იმ ხალხისთვის, ვისაც ოფიციალურად უნდათ წევრობა, შევქმენით პარტბილეთი - “დაკუმენტ”.
როგორ გავხდე გირჩის ოფიციალური წევრი და მივიღო პარტბილეთი?
წევრობისათვის და პარტბილეთის მისაღებად საჭიროა:
1. ეთანხმებოდე გირჩის კონსტიტუციას.
2. იყო დარეგისტრირებული საიტზე www.girchi.com და შეავსო ყველა ველი რეგისტრაციისას.
3. გახდე რეგულარული დამფინანსებელი (მინ. თვეში 10 ლარი ან წელიწადში 100 ლარი ერთიანი გადახდისას). დაფინანსებული თანხის ღირებულების GeD (გირჩის ვალუტა) დაირიცხება პორტალზე. საწევროს გადახდა შეგიძლიათ ამ ლინკიდან. ან დაფინანსებისას დანიშნულების ველში ჩაწერეთ “საწევრო გადასახადი”.
4. ამ ნაბიჯების გავლის მერე, მოგვწერეთ გირჩის ფეისბუქ გვერდზე ან ელფოსტაზე: [email protected], გამოგვიარეთ ოფისში და აიღეთ თქვენი პარტბილეთი!
პარტბილეთი ორნაირი იქნება:
ჩვეულებრივი:
ასეთი პარტბილეთის აღება შეუძლია ყველა მსურველს, ვინც გაივლის ზემოთ ჩამოთვლილ ნაბიჯებს.
ამ პარტბილეთით თქვენ მიიღებთ ფასდაკლებებს გირჩის მიერ ნაწარმოებ პროდუქციაზე, იქნება ეს წიგნები, ბთ-ის საბუთები, მაისურები, პარტიული სიმბოლიკა და ა.შ.
ასევე, პარტბილეთის მფლობელს მიენიჭება პრიორიტეტი პოლიტიკოსებთან შეხვედრების დაგეგმვისას.
და Gold / შავი პარტბილეთი:
ასეთი პარტბილეთის მფლობელი ხდება ადამიანი, რომლის ჯედების რაოდენობა მიაღწევს 1 მლნ-ს.
გარდა იმ სიკეთეებისა, რასაც ჩვეულებრივი ბარათის მფლობელი იღებს, Gold / შავი ბარათის მფლობელი გახდება სათათბიროს მოწვეული (არა ხმის უფლების მქონე) წევრი და მიიღებს ფასდაკლებას გირჩის ვიდეო-პროდუქტებში რეკლამის განთავსებაზე.
რატომ ან როგორ შეიძლება გაუქმდეს ოფიციალური წევრობა?
1. გირჩის კონსტიტუციის დარღვევის შემთხვევაში
2. დაფინანსების შეწყვეტისას
3. მომართვის საფუძველზე
სავარაუდო კითხვები
1. რა ნომერი პარტბილეთი მერგება?
- რიგითობით რომელიც მოგიწევთ, ნომერ 100-დან ზემოთ.
2. ფასიანი ნომრებიც იქნება?
- აბა რა! ყველაფერი იყიდება სინდისის გარდა. 00001-დან 00100-მდე ნომრები ეღირება 100 ლარი დამატებით.
ასევე, ნებისმიერი სხვა ნომრის არჩევაც 100 ლარი დამატებით. (მაგალითად, 01010, ან 77777)
3. ვინ ამარჩევინებს ნომერს?
- ამ პროექტს ხელმძღვანელობს ნინი ჯაღმაიძე, მასთან მაინც მოგიწევთ კონტაქტი - ფეიჯზე ან მეილზე მოწერილი თქვენი წერილები მას მიუვა - და შეგიძლიათ მასთანვე აარჩიოთ ნომრები.