
გირჩის პოზიცია გადასახადებზე
ლევიანნი 8:30 – „ყოველი მეათედი მიწისა, მიწის ნათესისა, ხის ნაყოფისა უფლისაა, უფლის წმიდაა.“
რა სხვაობაა ძარცვასა და ჩუქებას/ვაჭრობას შორის?
ჩუქების ან ვაჭრობის შემთხვევაში ნივთი ერთი ადამიანისგან გადაეცემა მეორეს და ეს ნებაყოფლობით ხდება. ძარცვის შემთხვევაშიც ნივთი ერთი ადამიანისგან გადაეცემა სხვა ადამიანს, ოღონდ ეს ნებაყოფლობითობის გარეშე ხდება. ჩუქებას/ვაჭრობასა და ძარცვას შორის განსხვავება ზუსტად ნებაყოფლობითობაში მდგომარეობას და არა იმაში, თუ ვისთან/რამდენი ფული მიდის და რაში იხარჯება.
როცა ადამიანი თავიდან ვერ ირიდებს ძარცვას, მან შეიძლება გამართლებაც კი მოუძებნოს ამ ყოველივეს და თავის თავს დააჯეროს, რომ ასე უკეთესია, რადგან დაცული მაინცაა და დამატებით, ფიზიკურ ძალადობას ირიდებს თავიდან. შეიძლება მან მძარცველს პატივისცემაც კი დაუწყოს და მისი წესებიც მოიწონოს. დაახლოებით ასეც ხდება ხოლმე, როცა რომელიმე ორგანიზებული კრიმინალური ჯგუფი (მაფია, კარტელები, ქურდები) რაიმე ტერიტორიაზე მკვიდრდება.
რა ევფემიზმიც არ უნდა გამოვიყენოთ ძარცვის შესაფარად (ბეგარა, გადასახადი, საყოველთაო შენატანი/მოსაკრებელი), მის მიღმა მაინც არანებაყოფლობითობა იმალება. ის, რომ გადასახადებიც ისეთივე ძარცვაა, როგორც „დაკრიშვა“ და მისთ. დღესდღეობით რთულად აღსაქმელია. ამ პრობლემის სათავე ისაა, რომ ბევრს ჯერ კიდევ სჯერა, თითქოს მთავრობა ჩვენ გვემსახურება და ის ჩვენი დაქირავებულიც კია. ეს წარმოდგენა ეფუძნება ე.წ. სოციალური კონტრაქტის თეორიას, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ხალხის თანხმობით შეიქმნა. არაფერია სიმართლისგან ამაზე შორს.
სოციალური კონტრაქტის პროტოტიპს შეიძლება შევხვედროდით ყველაზე პრიმიტიულ, პირველყოფილ საზოგადოებაში, თუმცა თანამედროვე საზოგადოებებში სოციალური კონტრაქტი უბრალოდ ზღაპრის ჟანრს განეკუთვნება. გარდა იმისა, რომ ასეთი კონტრაქტი თვალით არავის უნახავს, ან გამოკვლევით არ აღმოუჩენია (თუ სიტყვიერად გაფორმდა), იგი იმთავითვე ეწინააღმდეგება კონტრაქტის ცნებას, რომ ის აუცილებელია გაფორმდეს ორივე მხარის თანხმობით და მხარეებს შეეძლოთ გავიდნენ ხელშეკრულებიდან.
თუ კარგად დავაკვირდებით სახელმწიფოს მოქმედების პრინციპს, თითქმის ვერ ვიპოვით განსხვავებას მასსა და მაფიას შორის. მაფია გადასახადებს კრეფს, ქცევის წესებს ადგენს, განიხილავს დავებს, აღასრულებს გადაწყვეტილებებს და საერთო ფულსაც კი აგროვებს, რომელიც მათ შორის, ე.წ. სოციალური დანიშნულებითაც იხარჯება [2], [13].
თუ კარგად დავაკვირდებით, მაფიის მსგავსად მთავრობაც გადასახადებს გვახდევინებს იმისგან დასაცავად, რაც მთავრობისგანვე გველის, თუ გადახდაზე უარს ვიტყვით. ასევე, გვიცავენ სხვა მათნაირი ფულის ამკრეფებისგან, რითაც ცდილობენ მონოპოლისტ გადასახადის ამკრეფად ჩამოყალიბდნენ მოცემულ ტერიტორიაზე.
ასეთი მსგავსება შემთხვევითი არაა, რადგან მაფიასა და მთავრობას საერთო წინაპარი ჰყავთ მოხეტიალე ყაჩაღის სახით. დროთა განმავლობაში ასეთ ყაჩაღებს შორის ყველაზე ძლიერები ჩამოყალიბდნენ სტაციონარულ ბანდიტებად და თავი დაიმკვიდრეს ერთ კონკრეტულ ტერიტორიაზე, რითაც, ერთი მხრივ, გახდნენ მონოპოლისტი გადასახადის ამკრეფები, ხოლო, მეორე მხრივ, აიღეს პასუხისმგებლობა, რომ სხვა ყაჩაღებს არ დაუშვებდნენ ამ ტერიტორიაზე [6]. ასეთი შემთხვევები ისტორიაში უხვადაა, თუმცა ჩვენი ისტორიიდან კარგი ნიმუშია ჰაბიბ იბნ მასლამას „დაცვის სიგელი“ [4].
როდესაც ყაჩაღი ერთ ტერიტორიაზე მკვიდრდება, მას აქვს სტიმული, რომ ერთბაშად არ გაძარცვოს მთელი მოსახლეობა და პირიქით, გარკვეულწილად ამ ტერიტორიის ეკონომიკურ განვითარებასაც კი არ შეუშალოს ხელი, რადგან ასე მომავალში კიდევ უფრო მეტი შეხვდება გაზრდილი დოვლათიდან. გარდა ამისა, ასეთი ყაჩაღი მის მიერ ნაძარცვი ფულის ნაწილს ხალხსაც დაახარჯავს და მაგალითად, გზებს დაუგებს, რათა კიდევ უფრო მეტი მიიღოს ვაჭრობის შედეგად გაზრდილი დოვლათიდან და შეინარჩუნოს მზრუნველი მმართველის სახელი.
ანუ მაშინაც კი, როცა მთავრობა თითქოს ჩვენს სასიკეთოდ აკეთებს რამეს, ეს ხდება არა იმიტომ, რომ მათ ჩვენზე მართლა შესტკივათ გული, არამედ იმიტომ, რომ ასე მოქცევა უბრალოდ აწყობთ. ამის კარგი მაგალითია, თუ როგორი გულგრილია ხოლმე პოლიცია თბილისი პრაიდის დროს, ხოლო თავის შესაძლებლობების მაქსიმუმს მაშინ ავლენს, როცა თავად მთავრობას ემუქრება საფრთხე. ეს ხდება არა იმიტომ, რომ მთავრობაში მაინცდამაინც ყველაზე გულმხურვალე ჰომოფობებმა მოიყარეს თავი - არა, უბრალოდ გეების დაცვა არ უღირთ არჩევნებზე ხმების დაკარგვად.
ის ფული, რომელსაც მთავრობა გვართმევს, ჩვენი ფული აღარაა. არცერთი ჩვენგანი არ ეტყოდა ყაჩაღს, რომ თუ მაყაჩაღებ, ბარემ ეგ ფული გონივრულად დახარჯეო. არსებითია არა ის, თუ როგორ ხარჯავს ნაყაჩაღარ ფულს ყაჩაღი, არამედ ის თუ რა მასშტაბით ყაჩაღობს ის. სწორედ ამიტომ, უშინაარსოა ე.წ. დაქირავებული მთავრობის ცნება, რომელიც თითქოს საზოგადოებამ დაიქირავა და გარკვეული სერვისების უზრუნველყოფა გადააბარა.
„თუ გადასახადები ძარცვაა, რატომ საერთოდ არ ვაუქმებთ მათ?“ დაახლოებით იმიტომ, რატომაც ზოგადად ქურდობას ვერ გავაუქმებთ. როგორც ქურდობა, ისევე მკვლელობა და სხვა ამორალური ქმედებები მუდამ იარსებებს, სანამ ჰომო საპიენსები ვიარსებებთ. მორალურ ადამიანს შეუძლია მხოლოდ ვალდებულება აიღოს, რომ ზემოხსენებული ამორალური ქმედებები მინიმუმამდე დაიყვანოს.
ამას ხშირად მოჰყვება ხოლმე კითხვა - თქვენ თუ გადასახადებს ამცირებთ, მერე ბიუჯეტს როგორღა შეავსებთ?
დამტკიცებულია, რომ მთავრობის ხარჯების ზრდასთან ერთად მცირდება ეკონომიკის ზრდის ტემპი (იხ. პირველი გრაფიკი).

ამიტომ ბუნებრივი იქნება, თუ ვიტყვით, რომ მაგალითად, 27 მილიარდი ლარის ნაცვლად მთავრობა მხოლოდ 20 მილიარდს უნდა ხარჯავდეს. შესაბამისად, მხოლოდ ეს 20 მილიარდი ლარი რომ შევავსოთ - ესეც ბიუჯეტის შევსება იქნება. ტექნიკურად, ჩვენ შეგვიძლია ბიუჯეტი 100 მილიარდამდეც კი შევავსოთ, თუმცა ამით მთელს ქვეყანას გავაღარიბებთ, დაახლოებით ისე, როგორც კუპონების დროს მოხდა.
ასე მივუდგებით, თუ ისე, საბოლოოდ მივალთ დასკვნამდე, რომ ბიუჯეტის შევსება არ შეიძლება იყოს თვითმიზანი. ჯერ გასარკვევია, რაზე გვინდა, რომ მთავრობამ ფული ხარჯოს და მხოლოდ მერე ექნება აზრი ბიუჯეტის შევსების გზებზე ფიქრს.
არსებობს ასეთი წარმოდგენა, რომ თუ რაიმე გადასახადს გავაუქმებთ, ამით ეს ფული თითქოს დაიკარგება. საქმე იმაშია, რომ მთავრობა არ არის ფულის ერთადერთი მხარჯველი. თუ მთავრობას ნაკლები ფული დარჩება, ის ფული არსად აორთქლდება, არამედ მთავრობის ნაცვლად მას მოსახლეობა დახარჯავს. ხოლო თუ ვინმე დახარჯვის ნაცვლად ფულის დაზოგვას გადაწყვეტს, დროთა განმავლობაში მის მაგივრად მაინც ვინმე სხვა დახარჯავს.
გარდა ამისა, სულერთი სულაც არაა, ვინ დახარჯავს ამ ფულს, რადგან მთავრობა ყველაზე უყაირათო მხარჯველია [1].
1. როცა ჩვენ ფულს ჩვენზე ვხარჯავთ, ყურადღებას ვაქცევთ როგორც ფასს, ასევე ხარისხს.
2. როცა სხვის ფულს ჩვენზე ვხარჯავთ, ყურადღებას ვაქცევთ ხარისხს, მაგრამ არა ფასს.
3. როცა ჩვენ ფულს სხვაზე ვხარჯავთ, ყურადღებას ვაქცევთ ფასს, თუმცა არა ხარისხს.
4. ხოლო როცა სხვისი ფული სხვაზე იხარჯება, არც ფასია გათვალისწინებული და არც ხარისხი - სწორედ ასე ხარჯავს მთავრობა.
აღსანიშნავია, რომ მთავრობას შეუძლია გაზარდოს გადასახადის განაკვეთი, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს საგადასახადო შემოსავლების ავტომატურ ზრდას. ასე მაგალითად, ამერიკაში საშემოსავლო გადასახადის ყველაზე მაღალი ზღვრული განაკვეთი (ანუ ყველაზე მდიდრების გადასახადი) 1946 წლიდან 1962 წლამდე 91% იყო. ალბათ ბევრი ივარაუდებდა, რომ ასე ბიუჯეტი რეკორდულად გაიზრდებოდა, თუმცა ამ პერიოდიდან მოყოლებული დღემდე, მთავრობის შემოსავლები საშემოსავლო გადასახადიდან მუდმივად მშპ-ის 10%-ის ფარგლებში მერყეობს (იხ. მეორე გრაფიკი).

გადასახადის შემცირების შემდეგ, მდიდრებმა მეტის გადახდაც კი დაიწყეს (იხ. მესამე გრაფიკი). იგივე მოხდა დიდ ბრიტანეთშიც (იხ. მეოთხე გრაფიკი).


იგივე პრინციპი მოქმედებს მოგების გადასახადზეც (იხ. მეხუთე და მეექვსე გრაფიკები). გადასახადის ზრდას პირდაპირი კავშირი არ აქვს საგადასახადო შემოსავლების ზრდასთან. ხშირად პირიქითაც, ის მთავრობის შემოსავლების შემცირებასაც კი იწვევს. ეს ბუნებრივია, რადგან, როდესაც გადასახადების განაკვეთები მცირდება, ადამიანები იწყებენ ისეთ საქმიანობას, რომლის დაწყებაც ადრე არ უღირდათ ან/და აღარ მალავენ ისეთ შემოსავალს, რომელსაც ადრე, მაღალი განაკვეთის პირობებში მალავდნენ.



მეშვიდე გრაფიკზე შეგვიძლია რამდენიმე მნიშვნელოვან გარემოებას დავაკვირდეთ. მაღალი საგადასახადო შემოსავლები არ უდრის ქვეყნის სიმდიდრეს. ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ლესოთო, ტუნისი და ნაურუ, აქვთ საგადასახადო შემოსავლების მაღალი წილი მშპ-სთან, მაგრამ დაბალი მშპ ერთ სულ მოსახლეზე. სხვა სიტყვებით, მთავრობებს შეუძლიათ ეკონომიკიდან დიდი ნაწილი ამოიღონ, თუმცა ეს ეკონომიკას ვერ გაზრდის. არსებობენ უმდიდრესი ქვეყნები, რომლებიც ყველაზე მეტად სულაც არ ბეგრავენ მოსახლეობას. ზოგიერთი ყველაზე წარმატებული ქვეყანა (მაგ., ირლანდია, შვეიცარია, სინგაპური, შეერთებული შტატები) ზომიერი/დაბალი გადასახადების დონით გამოირჩევა.
ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა სომალი, სუდანი, ავღანეთი, ბანგლადეში, ბურუნდი, აქვთ როგორც დაბალი მშპ ერთ სულ მოსახლეზე, ასევე დაბალი საგადასახადო შემოსავლები. სხვა სიტყვებით, რაც არ გაქვს იმას ვერ დაბეგრავ. ანუ, მაღალი საგადასახადო შემოსავლები ქვეყნის სიმდიდრის შედეგია და არა პირიქით.
შესაბამისად, თუ ბიუჯეტიც არ გვინდა დაგვრჩეს შეუვსებელი, მნიშვნელოვანი უნდა იყოს არა ის, თუ რამდენად მაღალი იქნება გადასახადი, არამედ თუ რამხელა იქნება ეკონომიკა, რადგან მთავრობას, გადასახადების ზრდის მიუხედავად, შემოსავლად მაინც ეკონომიკის 10%-მდე ხვდება წილად. თუმცა, რასაკვირველია სულ სხვადასხვა დონეა საქართველოს $33 მილიარდიანი ეკონომიკის 10% და ამერიკის $29 ტრილიონიანი ეკონომიკის 10%.
შეიძლება ვინმემ გირჩის არ დაიჯეროს, თუმცა ვნახოთ რას გვეუბნება გადასახადებზე ბიბლია.
პირველი მეფეთა 8:10-18 - "უთხრა სამუელმა უფლის სიტყვები ხალხს, მეფეს რომ მოითხოვდნენ მისგან. უთხრა: აი, რა უფლებები ექნება მეფეს, რომელიც იმეფებს თქვენზე: წაიყვანს თქვენს შვილებს და თავის ეტლებთან და ცხენებთან დაიყენებს და ირბენენ მისი ეტლის წინ. დანიშნავს მათ ათასისთავებად და ორმოცდაათისთავებად, თავის ყანის მხვნელებად და თავისი სამკალის მოსამკელად, თავისი საბრძოლო საჭურველისა და ეტლების მკეთებლებად. აიყვანს თქვენს ასულებს მენელსაცხებლებად, მზარეულებად და პურის მცხობლებად. წაგართმევთ საუკეთესო ყანებს, ვენახებსა და ზეთისხილის ბაღებს და თავის მორჩილებს დაურიგებს. მეათედს აიღებს თქვენი ნათესებიდან და ვენახებიდან და თავის კარისკაცებსა და მორჩილებს უწყალობებს. წაგართმევთ საუკეთესო ყმებს, მხევლებს, მსახურ ბიჭებს, სახედრებს და თავის საქმეზე ამსახურებს. წაიღებს მეათედს თქვენი ფარიდან და თქვენც მისი ყმები გახდებით. მაშინ მოჰყვებით წუწუნს თქვენს არჩეულ მეფეზე, მაგრამ არ მოგისმენთ უფალი."
როგორც ხედავთ, მთავრობების მიერ ხალხის ძარცვა ახალი სულაც არაა - ეს არა ცუდი მმართველის თუ ეკონომიკის უცოდინრობის შედეგი, არამედ სახელმწიფოების არსებობის ფუნდამენტია. სამწუხაროდ, ამ ბიბლიური გაფრთხილების მიუხედავად, ადამიანები დღემდე ხშირად ტყუვდებიან და გადასახადების გამართლების რა მიზეზს აღარ იჯერებენ. ამასთანავე, დღეს ძარცვა სულაც აღარაა ისეთი პრიმიტიული, როგორც ადრე, და ხშირად ის შეუმჩნეველიც კი არის.

თანამედროვე პირობებში ძარცვა უამრავი პირდაპირი და ირიბი, ღია და ფარული გადასახადით ხორციელდება. საშემოსავლო და მოგების გადასახადი, დღგ, ქონების გადასახადი, აქციზები, იმპორტის ტარიფები, საპენსიო შენატანი, სხვადასხვა სახის მოსაკრებელი და ინფლაციური გადასახადი, რომელიც ფულის ბეჭდვის შედეგად წარმოიშვება, - ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ გადასახადებისა, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა ფორმით არსებობს. მათი მრავალფეროვნების მიზეზი კი მარტივია - მთავრობის მიზანია რაც შეიძლება მეტად გაძარცვოს მოსახლეობა, თუმცა ეს ძარცვა რომ აშკარა არ იყოს, მან სხვადასხვა გადასახადი და ამ გადასახადების განსხვავებული გამართლება უნდა მოიგონოს. სიგარეტზე აქციზის საჭიროებას ხალხის ჯანმრთელობაზე ზრუნვით ხსნიან, ბენზინის აქციზს - ეკოლოგიური საჭიროებით, საშემოსავლო და მოგების გადასახადი „მთელ მსოფლიოშია“, ხოლო ინფლაცია საერთოდ „გარე შოკებით’ არის გამოწვეული და არა იმით, რომ ეროვნული ბანკი ყოველ წელს მილიარდობით ლარით ზრდის ფულის მასას. იმდენად, რამდენადაც ხალხი ტყუვდება, მაღალია მათი ძარცვის დონეც. ხოლო, საყოველთაო დემოკრატიის გავრცელების დროიდან ის მორალიც მოიშალა, რაც ჯერ კიდევ შემორჩენილი იყო რელიგიურ მმართველებში და რაც ამათ თუ იმ ფორმით დაბეგვრასაც ზღუდავდა. ამიტომ ახლა ბიბლიური 10% წარმოუდგენლად მცირე გადასახადების დონედ გამოიყურება, საქართველოს 35-40% ან ცალკეული ევროპული ქვეყნების 50-60% დონეს თუ შევადარებთ.
თუმცა, საბოლოო ჯამში, გადასახადები ძარცვაა, ხოლო ძარცვა კარგი ვერ იქნება, ამიტომ ნებისმიერი მორალურად გამართული პოლიტიკური პარტიის მიზანი უნდა იყოს გადასახადების რაც შეიძლება მეტად შემცირება. ისტორია გვაჩვენებს, რომ თუ გადასახადების წილი 10%-ზე ნაკლები იქნება, ის მიუახლოვდება იმ დონეს, რომელსაც ადამიანები ნებაყოფლობითაც გადაიხდიდნენ ისეთი ფუნქციების დასაფინანსებლად, როგორიცაა ჯარი, საგარეო პოლიტიკა და ა.შ. და მიუხედავად იმისა, რომ ახლა საგადასახადო ტვირთის რამდენჯერმე შემცირება არარეალისტურად გამოიყურება, ბიბლიური 10% იმ შუქურის ფუნქციას ასრულებს, რომელიც კონკრეტულ სიტუაციაში სწორი გადაწყვეტილების მისაღებადაა საჭირო. ხოლო, მოკლევადიან პერსპექტივაში, ჩვენი მიზანია გადასახადები დავწიოთ ნებისმიერი ფორმითა და მოცულობით, და თუ ამ მიზანში ჩვენ უმრავლესობის მხარდაჭერას ვერ მოვიპოვებთ, მომავალ კოალიციურ შეთანხმებაში ჩვენი მხარდამჭერების, გირჩელების უკვე გადახდილი გადასახადების ნაწილობრივ უკან დაბრუნებას დავისახავთ მიზნად, რომ გადასახადები მათ მაინც შეუმცირდეთ, ვინც ამ საქმეში ჩვენთან ერთად არის, გვაფინანსებს და მხარს გვიჭერს.
წყაროები
[1] Adam Smith Institute (2025). Toilet paper and Milton Friedman’s four ways of spending money. [online] Adam Smith Institute. Available at: https://www.adamsmith.org/blog/toilet-paper-and-milton-friedmans-four-ways-of-spending-money.
[2] Bird, R. (2018). Incredible Charity Work Done By ... Wait, Organized Crime? [online] The Modern Rogue. Available at: https://www.themodernrogue.com/articles/2018/9/11/incredible-charity-work-done-by-wait-organized-crime.
[3] Cato Institute (2025). Corporate Taxes: Rates Down, Revenues Up. [online] Cato.org. Available at: https://www.cato.org/blog/corporate-taxes-rates-down-revenues.
[4] Georgian National Academy of Sciences (2025). „დაცვის სიგელი“. [online] georgianencyclopedia.ge. Available at: https://georgianencyclopedia.ge/ka/form/3549 [Accessed 9 May 2025].
[5] Neidle, D. (2025). Why the rich paid less tax in the 1970s - despite 98% tax rates. [online] Tax Policy Associates. Available at: https://taxpolicy.org.uk/2025/05/08/tax-rich-1970s-loopholes/ [Accessed 11 May 2025].
[6] Olson, M. (1993). Dictatorship, Democracy, and Development. American Political Science Review, 87(3), pp.567–576.
[7] Ortiz-Ospina, E. and Roser, M. (2023). Government Spending. [online] Our World in Data. Available at: https://ourworldindata.org/government-spending.
[8] Our World in Data (2023). Tax revenues as a share of GDP vs. GDP per capita. [online] Our World in Data. Available at: https://ourworldindata.org/grapher/tax-revenues-vs-gdp-per-capita.
[9] Perry, M. (2019). The Inverse Relationship Between the Top Marginal Income Tax Rate and the Tax Burden on ‘the Rich’. [online] American Enterprise Institute - AEI. Available at: https://www.aei.org/carpe-diem/chart-of-the-day-the-inverse-relationship-between-the-top-marginal-income-tax-rate-and-the-tax-burden-on-the-rich/.
[10] Riedl, B. (2023). The Limits of Taxing the Rich. [online] Manhattan Institute. Available at: https://manhattan.institute/article/the-limits-of-taxing-the-rich.
[11] Sinn, M.P. (2012). Get Society Rich Quick: The Ideal Level of Government Spending. [online] Think by Numbers. Available at: https://thinkbynumbers.org/economics/ideal-level-of-government-spending/ [Accessed 10 May 2025].
[12] Szarowska, I. (2019). Theory and practice of tax burden in the European Union. Uni-muenchen.de. [online] doi:https://mpra.ub.uni-muenchen.de/58717/9/MPRA_paper_58717.pdf.
[13] Tondo, L. (2020). Mafia Distributes Food to Italy’s Struggling Residents. [online] The Guardian. Available at: https://www.theguardian.com/world/2020/apr/10/mafia-distributes-food-to-italys-struggling-residents.