logo
user
  • ჩვენ შესახებchevron
  • პროექტებიchevron
  • გირჩის პოზიციებიchevron
  • პრაიმერისიchevron
  • FAQchevron

გირჩის პრაიმერისი

საქართველოში საარჩევნო-პარტიული სიების შევსების ორი წესი არსებობს: ტრადიციული და გირჩის. ტრადიციული წესი ყველამ იცის: ჯდება პარტიის ლიდერი საწერ მაგიდასთან და პასტით ჩამოწერს, ვინ იქნება სიაში მის შემდეგ. მეტი ობიექტურობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ამ პროცედურას ზოგიერთი ლიდერი კლავიატურითაც ახერხებს ✍️

გირჩში კი პარტიული სია პრაიმერისით დგება. შეიძლება, პრაიმერისის შესახებაც ბევრს აქვს გარკვეული წარმოდგენა - პარტიის წევრები ხმას აძლევენ სასურველ კანდიდატს და ხმათა რაოდენობით გადანაწილდება ადგილები პარტიულ სიაში. თუმცა გირჩის პრაიმერისი ცოტა სხვაგვარად ტარდება 👇

აქ გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება გირჩელთა ქონებას. დიახ, დიახ, ქონებას. არა, სახლი და აგარაკი აქ არაფერ შუაშია, ჯედებს ვგულისხმობთ — პარტიის ერთგვარ აქციებს. გირჩელებს, იმისდა მიხედვით, თუ რა წვლილი აქვთ შეტანილი პარტიის გაძლიერებაში, ერიცხებათ გირჩის ციფრული ვალუტა - ჯედი, ანუ ქართული დოლარი. შესაბამისად, გირჩის პრაიმერისში გირჩელებს აქვთ არა ერთი ხმა, არამედ საკუთარი ჯედების შესაბამისი წონის ხმა. საკუთარი ჯედების რაოდენობას (სწორედ ამ ქონებას ვგულისხმობდით ზემოთ) პრაიმერისში მონაწილე გირჩელი ანაწილებს მისთვის სასურველ კანდიდატებზე. ანუ, როგორც ნათქვამია, გირჩში ,,ხმები კი არ ითვლება, არამედ იწონება" 💱

მაგალითად, თუკი შენ ,,შენი პოლიტიკოსისთვის" მხარდაჭერა გინდა და 1 მილიონი ჯედი გაქვს, შეგიძლია ეს ჯედები მის საპრაიმერისო ყულაბაში გადაანაცვლო (ნუ გეშინია, შენი ჯედები ისევ შენი იქნება!..). ამით ის პოლიტიკოსი საკუთარ ელექტორალურ წონას დააგროვებს და თავის შესაფერის ადგილს დაიკავებს საარჩევნო სიაში. შეგიძლია საკუთარი ჯედები გაუყო რამდენიმე პოლიტიკოსსაც: გარკვეული პროცენტი ერთს მიანიჭო, ნაწილი - მეორეს, მესამეს და ა. შ. მეტიც, შეგიძლია შენც დარეგისტრირდე პოლიტიკოსად და შენს მხარდასაჭერად გამოიყენო შენივე ჯედები.

პრაიმერისი რამდენიმე ხნის განმავლობაში გრძელდება და შესაძლებელია არჩევანის შეცვლაც. სწორედ ახლა მიმდინარეობს გირჩის პრაიმერისი და უნდა ეცადო შენი ქონება გამოუყენებელი ანუ გადაუნაწილებელი არ დაგრჩეს, რათა შენი ხმა საბოლოო ჯამში 2024 წლის პარლამენტიდანაც გაისმას 🧾

სხვათა შორის, ჯედების შეძენისთვისაც კარგი დროა ახლა - ამისთვის კი გირჩის პოლიტიკოსებისა და პროექტების დაფინანსებაა აუცილებელი ☑️

მოკლედ, გირჩის ხმა შენი ხმაა!

ავტორი: გირჩის პოლიტიკოსი გიორგი ჭაუჭიძე