logo
user
cart
  • ჩვენ შესახებchevron
  • პროექტებიchevron
  • გირჩის პოზიციებიchevron
  • პრაიმერისიchevron
  • FAQchevron
  • SHOPchevron

გირჩის პროგრამა

გირჩის პოლიტიკოსების მიზანია - მდიდარ და სამართლიან საზოგადოებაში ცხოვრებაა. ამ გზაზე ბევრი რამ არის შესაცვლელი, როგორც ეკონომიკაში, ასევე სასამართლო სისტემასა და ქვეყნის პოლიტიკურ მოწყობაში.

გამდიდრება

1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების ხალხისთვის თანაბრად და უსასყიდლოდ განაწილება.

- ქვეყნის 90% სახელმწიფოს საკუთრებაში. ადამიანებს ეკუთვნის მხოლოდ: ბინები/სახლები და მიწის მცირე ნაწილი და ისიც მხოლოდ 2 მეტრის სიღრმემდე. ყველაფერი რაც მიწის ქვეშ არის, მიწის ზემოთ არის, ტყეები, მდინარეები, ტბები, კომპანიები, შენობა-ნაგებობების, უნივერსიტეტების, სკოლების უდიდესი ნაწილი და ა.შ. - სახელმწიფოს ხელში, უმეტესწილად არ გამოიყენება ან ხელმისაწვდომია მხოლოდ მთავრობასთან დაახლოებული პირებისთვის.

ჩვენ გთავაზობთ მთელი ეს ქონება თანაბრად და უსასყიდლოდ გავანაწილოთ თითოეულ საქართველოს მოქალაქეზე და ყველა ერთად გავმდიდრდეთ. როგორ მოხდება განაწილება? იხილე დეტალურად ჩვენი პროექტი „მიწა-წყლის და ქვეყნის დაბრუნება“.

2. საყოველთაო საბაზისო შემოსავალი - რომლის მეშვეობით ჩვენ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება უკიდურესი სიღარიბე.

საყოველთაო საბაზისო შემოსავალი — სისტემაა, რომელშიც ყველა მოქალაქე, მიუხედავად მისი შემოსავლების, სოციალური სტატუსისა და ასაკისა, იღებს ყოველთვიურ ფიქსირებულ თანხას მთავრობისგან. სანაცვლოდ კი უქმდება ყველა სუბსიდიების, სოციალური დახმარების, განათლებისა და ჯანდაცვის პროგრამების დიდი ნაწილი, ასევე სავალდებულო საპენსიო სისტემა და ამით დაზოგილი მთელი თანხა თანაბრად ნაწილდება ყველა მოქალაქეზე. რადგან მსგავსი სისტემა უკიდურესად მარტივია ადმინისტრირებისათვის და მოითხოვს სულ რამდენიმე ადამიანს ათასობით ბიუროკრატის ნაცვლად, საყოველთაო საბაზისო შემოსავლის ამოქმედება ზრდის ფულის გადანაწილების ეფექტიანობას. შედეგად, ფორმირდება სისტემა, რომლის მეშვეობით ჩვენ ქვეყანაში არავინ იქნება უკიდურეს სიღარიბეში.

საქართველოს დღევანდელი ეკონომიკური მდგომარეობისა და ბიუჯეტის გათვალისწინებით, შესაძლებელია ყოველთვიურად თითოეული მოქალაქე 500 ლარით დავაფინანსოთ. თუ გაინტერესებს დეტალები, იხილე ჩვენი პროექტი „საყოველთაო ბაზისური შემოსავალი“.

3. ინფლაციის პრობლემის მოგვარება ბრუნვაში ლართან თანაბრად დოლარის, ევროსა და სხვა ვალუტების დაშვება. ეკონომისტები ასეთი სისტემას - მულტისავალუტო რეჟიმს ეძახიან.

თუ ლარს არ ენდობი და გსურს ხელფასი დოლარში აიღო ან სესხი - ევროში, ამის უფლება უნდა გქონდეს. გარდა იმისა, რომ ეს მომგებიანია, მულტისავალუტო რეჟიმი გვიცავს ეროვნული ბანკის მიერ გამოწვეული ინფლაციისგან - თუ ლარი უფასურდება, შესაძლებელი იქნება სხვა ვალუტაზე გადართვა. ამ ბმულზე თუ გადახვალ, იხილავ უფრო მეტს მულტისავალუტო რეჟიმზე.

ეროვნულ ბანკზე იხილე ასევე.

4. საპენსიო ფონდის ფულის ხალხისთვის დაბრუნება და საპენსიო შენატანის გაუქმება.

საპენსიო ფონდი ხალხის ძარცვის კიდევ ერთი ინსტრუმენტია. ფული, რომელსაც ადამიანებს ყოველთვიურად ართმევენ არის ბანკებისა და მთავრობის განკარგულებაში და კი არ ინახება, არამედ ბანკებისა და მთავრობის ვალდებულებად გარდაიქმნება. სხვა სიტყვებით, ეს ფული უკვე დახარჯულია, სანაცვლოდ კი ადამიანებს დარჩათ მთავრობის დაპირება, რომ 20-30-40 წლის შემდეგ ის ამ ფულს ხალხს დაუბრუნებს. ჩვენი აზრით, ეს პრიმიტიული თაღლითური სქემაა, რომ დამატებით დაბეგრო ადამიანები, ამიტომ საპენსიო ფონდის ფული უნდა დაუბრუნდეს ხალხს (რის დაბრუნებაც შეიძლება), ხოლო საპენსიო შენატანი გაუქმდეს. დეტალურად იხილე აქ.

5. გადასახადების შემცირება. გადასახადების შემცირება სწრაფი ეკონომიკური ზრდის აუცილებელი წინაპირობაა. საყოველთაო საბაზისო შემოსავალი, უკვე გულისხმობს მდიდრებისთვის გადასახადების შემცირების, თუმცა ამასთან ერთად გასაუქმებელია ყველა ის გადასახადები, რომელიც მეტწილად ღარიბ მოსახლეობას აწვება ტვირთად, მაგალითად, აქციზები, ქონების და იმპორტის გადასახადები. გადასახადების შემცირება ან გაუქმება განხორციელდება იმგვარად, რომ ბიუჯეტის დეფიციტი არ გაჩნდეს, რადგან სახელმწიფოს ვალი ასევე გადასახადების ნაირსახეობაა, რომელიც ტვირთად მომავალ თაობას აწვება. პრაქტიკაში ეს ნიშნავს, რომ ამერიკიდან გამოწერილ ნივთებზე საერთოდ არ მოგიწევთ გადასახადის გადახდა და ის უაზრო 300-ლარიანი ზღვარი გაუქმდება, სიგარეტი, ბენზინი თუ სხვა საწვავი გაიაფდება, ხოლო თქვენი შრომით შეძენილ ქონებაზე აღარ მოგიწევთ გადასახადის გადახდა.

6. ეროვნული ბანკის რეზერვების დაბრუნება, 1200$ თითო მოქალაქეს ერთჯერადად. როცა ეროვნული ბანკი დოლარს ყიდულობს, ის სანაცვლოდ ლარის ემისიას ახორციელებს (ანუ „ბეჭდავს“ ფულს). მაგალითად, 2021 წლის დეკემბერში ეროვნულმა ბანკმა მთავრობისგან 450 მილიონი დოლარი იყიდა, რის შედეგად დაახლოებით 1.4 მილიარდი ლარი იყო ბრუნვაში ჩაშვებული. 2023 წელს იგივე მიზეზით 4 მილიარდი ლარის ემისია განხორციელდა. ლარის მასის ზრდა კი ფასების ზრდას იწვევს. ამ ყველაფერით პირველ რიგში კომერციული ბანკების სუბსიდირდებიან. ასე, 2023 წელს კომერციული ბანკების მოგება სავალუტო ოპერაციებით 600 მილიონ ლარს გადააჭარბა. სხვა სიტყვებით, სავალუტო რეზერვები ხელოვნურად გაზრდილი ფასების მეშვეობით ჩვენთვისვე წართმეული ფულია, რომლითაც ირიბად ბანკები სუბსიდირდებიან. ამასთან ერთად, არ არსებობს რაიმე საჭიროება, რომ ეროვნული ბანკი ერეოდეს დოლარის კურსის ჩამოყალიბებაში, ამიტომ ეროვნულმა ბანკმა, როგორც ეს ხდება ათობით სხვა ქვეყანაში (აშშ, ევროზონა და ა.შ.) უნდა შეწყვიტოს სავალუტო ოპერაციები და დაგროვილი რეზერვები თანაბრად დაურიგდება მოსახლეობას. დაახლოებით 1200$ თითოეულს. ეს მოხდება ახალი პარლამენტის მუშაობის პირველივე კვირებში და დაგეხმარებათ კარგ ხასიათზე იყოთ მანამ, სანამ ჩვენ კიდევ უფრო მასშტაბურ რეფორმებს მოვამზადებთ წლის ბოლოსთვის.

7. თქვენი მიწი ნაკვეთი - თქვენია. იცით, რომ საკუთარი მიწის ნაკვეთის სიღრმეში მხოლოდ 2 მეტრია ახლა თქვენი. იმის იქეთ, არაფერი გეკუთვნით, არც ზემოთ, არც ქვემოთ. წიაღისეულს იპოვით თუ განძს საკუთარ ნაკვეთში - მთავრობა წაგართმევთ. ვერც პოლიციელის დრონს უზამთ რამეს, რომელიც თქვენი სახლის ზემოთ დაფრინავს და გითვალთვალებთ. ჩვენ კი ვამბობთ, რომ მიწა მართლა თქვენი უნდა იყოს, არა მხოლოდ 2 მეტრი, არამედ 12, 262მ სიღრმეში. მიწა და წიაღისეული. არც კერძოს სახლის აშენებაზე ნებართვა დაგჭირდებათ, რადგან თქვენ მიწაზე თქვენ წყვეტთ, თუ რა ააშენოთ და რა არა.

მეტიც, მოდით არჩევნებზე, გააფერადეთ 36 და თქვენ გექნებათ უფლება, თქვენსავე საკუთრებაში ჩამოაგდოთ დრონი ისე, რომ სხვისი საკუთრება არ დააზიანოთ - მაქსიმუმ 116 მ სიმაღლეზე, რადგან ცაც ამ სიმაღლეზეც თქვენი გახდება. ხოლო, იმის იქით ცა საერთოა, ამიტომ მთელი ის ფული, რომელსაც ახლა ავიაკომპანიები ჩვენი საჰაერო სივრცის გამოყენებაში იხდიან არა მთავრობის ბიუჯეტში არამედ პირდაპირ მოქალაქეების ანგარიშზე უნდა ჯდებოდეს. თანაბრად, ყველას.

აგვირჩიეთ და ერთად დავიბრუნოთ ქვეყანა!

8. თქვენი მანქანა - თქვენია! თუ ადამიანი არაფერს აშავებს და წესებს იცავს, ვისი რა საქმეა, დაბურული აქვს მას შუშები თუ არა, გადაუხადა თუ არა ქოცებთან დაახლოებულ „ბიზნესმენს“ ე.წ. ტექ. დათვალიერების ფული, აქვს თუ არა მართვის მოწმობა ან რაიმე ტაქსისტის ლიცენზია, მგზავრის გადასაყვანად. მეტიც, მთავრობის საქმე არაა, რომ შეზღუდოს მანქანების იმპორტი, მხოლოდ იმიტომ, რომ ვინმეს მანქანა ძველი მოეჩვენა. გააფერადეთ 36 და რა მანქანაც გსურთ, ის იყიდეთ, და როგორც გსურთ, ისე გამოიყენეთ, მთავარია, არავინ დააზიანოთ. იარეთ ფრთხილად და იცხოვრეთ ბედნიერად იმ მანქანით, რომელიც თქვენ გაგიხარდებათ!

9. ბიუროკრატიის ღირსეული გაცილება

ქვეყანაში სიღარიბე არასოდეს შემცირდება, სანამ "მზრუნველი" მთავრობა გვეყოლება. ამიტომ ერთი "მზრუნველი" მთავრობა მეორით კი არ უნდა შევცვალოთ, არამედ საერთოდ აღარ უნდა ავირჩიოთ ხალხი, რომელიც ჩვენს მოტყუებას ცდილობს და გაძარცვას გვპირდება, ოღონდ სიტყვა ,,ძარცვის” ნაცვლად ,,ზრუნვას” იყენებს.

ნაკლები ბიუროკრატია, შეზღუდული მთავრობა და მეტი ფული ხალხში, მეტი უფლებები ხალხს — აი, რა გვჭირდება.

ამასთან, საჯარო სექტორში დასაქმებულებსაც უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა დაიხსნან თავი ამ სიზიფეს შრომისგან და ახალი ცხოვრება დაიწყონ კერძო სექტორში. მეტიც, ჩვენ გვინდა საჯარო მოხელეები ვაქციოთ ჩვენი ცვლილებების მოკავშირეებად. მათ შორის, ისეთი რეფორმების მხარდადმჭერებად, რომლებიც სამინისტროებისა და სააგენტოების გაუქმებას გულისხმობს.

ამ მიზნით, საბიუჯეტო სექტორში დასაქმებულ ასი ათასობით ადამიანს სამი წლის მანძილზე შეუნარჩუნდება მიმდინარე ხელფასი, თუკი ისინი საკუთარი ნებით დატოვებენ საჯარო სამსახურს.

უფრო მეტი იხილეთ.

სამართლიანობა

10. დიდი ამნისტია. როცა სასამართლო არ არის სამართლიანი, ხოლო ადამიანებს ციხეში ჯერ კიდევ საბჭოთა სისხლის-სამართლის კოდექსით ვსვამთ, დიდი ამნისტია - ერთადერთი გზაა, თუ როგორც სწრაფად შევმატოთ სამართლიანობა ძირფესვიანად გარყვნილ მართლმსაჯულებას. ჩვენი ხედვით, ამნისტია უნდა შეეხოს ¼-ით ყველა პატიმარს, უვადო პატიმრობა 30 წლიანი ვადით უნდა ჩანაცვლდეს, პირობითი სასჯელები განახევრდეს, ხოლო ადმინისტრაციული ჯარიმები სრულად იყოს ჩამოწერილი.

11. სასამართლო რეფორმა: არჩევითი მოსამართლეები და ნაფიც მსაჯულები.

საქართველოს თანამედროვე ისტორიაში ვერცერთმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო დამოუკიდებელი და სათანადო რეპუტაციის მქონე სასამართლოს ჩამოყალიბება, იმიტომ, რომ პოლიტიკოსები თავად არ სარგებლობენ ადამიანების ნდობით და მათ არ შეუძლიათ საკუთარი ნდობის მოსამართლეებისათვის გაზიარება. შესაბამისად, მოსამართლეების შერჩევა და დანიშვნა არ შეიძლება პოლიტიკოსების მიერ ხდებოდეს - საჭიროა დაინერგოს პირველი ინსტანციის მოსამართლეების არჩევითობა, რათა მოსამართლის ლეგიტიმურობა ხალხისგან მოდიოდეს და არა ხელისუფლებისგან.

გარდა ამისა, უნდა გაფართოვდეს ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი, რომელიც ბრალდებულს საშუალებას მისცემს სისხლის სამართლის ნებისმიერ დანაშაულზე, რომელიც სასჯელის სახით ითვალისწინებს მინიმუმ 6 თვიან პატიმრობას, აირჩიოს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო.

შედეგად, ქვეყანაში ერთდროულად და კონკურენტულად იარსებებს სამი სასამართლო სისტემა: არჩევითი მოსამართლეები, ნაფიც მსაჯულები და დღევანდელი დანიშნული მოსამართლეები და ბრალდებული შეძლებს აირჩიოს ის სასამართლო, რომელსაც უფრო ენდობა.

12. სისხლის-სამართლის კოდექსის რეფორმა. ის, რასაც არ ყავს დაზარალებული ან მომჩივანი, არ შეიძლება იყოს დანაშაული, ხოლო ციხეში მხოლოდ მოძალადეები უნდა ისხდნენ. ამ პრინციპებზე დაყრდნობით ჩვენ გავაკეთებთ სისხლის-სამართლის კოდექსის სრულ რევიზიას, ამოვიღებთ ყველა იმ მუხლს, რომელშიც არც დაზარელებულია, არც მომჩივანი. გარდა ამისა, მოხდება არსებული სასჯელების გადახედვა, რათა სისხლის-სამართლის კოდექსი, რომელიც საბჭოთა კავშირის შემდეგ მხოლოდ მკაცრდებოდეს, მეტად ჰუმანური გახდეს, ვინაიდან.

13. ადგილობრივი პოლიციის უფროსების არჩევითობა. დღეს, შინაგან საქმეთა მინისტრი ერთადერთი პოლიციის უფროსია ქვეყანაში, და მას და არა ხალხს ემორჩილება ყველა პოლიციელი. ეს უნდა შეიცვალოს. თითოეულ მუნიციპალიტეტში ხალხი უნდა ირჩევდეს საკუთარი პოლიციის უფროსებს, რომელიც ხალხის და არა მინისტრის წინ იქნება პასუხისმგებელი ამ ქალაქში თუ რეგიონში დანაშაულთან ბრძოლაზე.

14. ცენტრალური საგამოძიებო სამსახური. ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ, რაიონული პოლიციის კომპეტენციების მიღმა საქმეებისათვის, შეიქმნება ცენტრალური საგამოძიებო სამსახური აშშ-ს FBI-ს მსგავსად. ის ჩაანაცვლებს კრიმინალურ პოლიციას და მხოლოდ ისეთი საქმეებით იქნება დაკავებული, როგორიცაა ორგანიზებული კრიმინალი, საერთაშორისო კრიმინალი და განსაკუთრებულად მძიმე დანაშაული: ტერორიზმი და ა.შ.

15. ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია. ნარკოპოლიტიკა ადამიანის თავისუფალი ნების პატივისცემასა და უდანაშაულო ადამიანების დევნის დასრულებაზე უნდა იყოს აწყობილი. ეს კი გულისხმობს:

- ყველა ნარკოტიკის მოხმარების დეკრიმინალიზაცია, რათა მომხმარებელი არ ისჯებოდეს მიუხედავად იმისა, თუ რა მოიხმარს ის;

- კანაფის და ის ნარკოტიკები, რომლებიც ჯანმოს კლასიფიკაციაში თამბაქოსა და ალკოჰოლზე ნაკლებად საზიანოა, უნდა რეგულირდებოდეს თამბაქოსა და ალკოჰოლის სტანდარტით;

- დანარჩენი ე.წ. მძიმე ნარკოტიკების რეგულირება ფარმაცევტული პროდუქციის სტანდარტს დაექვემდებარება, ვინაიდან წამალი - აფთიაქში უნდა იყიდებოდეს.

განათლება

გაუქმდება საერთო ეროვნული სასწავლო გეგმა და სკოლებს უფლება მიენიჭებათ თვითონ გადაწყვიტონ, თუ რა და როგორ ასწავლონ ბავშვებს.

ნებადართული იქნება ბავშვის სახლში აღზრდაც.

უნივერსიტეტები სრულად გათავისუფლდებიან რეგულირებისგან, რადგან მთავრობის საქმე არაა ერეოდეს ზრდასრული ადამიანების შეთანხმებაში, თუ რა როგორ ისწავლონ და რა როგორ ასწავლონ.

გაუქმდება ერთიანი ეროვნული გამოცდები უნივერსიტეტები თვითონ გადაწყვეტენ, თუ რა კრიტერიუმებზე დაყრდნობით მიიღონ სტუდენტები.

უფრო მეტი იხილეთ.

თავდაცვა

ქვეყნის დაცვა მხოლოდ მაშინ ხდება საპატიო, როცა პროფესიას ადამიანები ნებაყოფლობით ირჩევენ და არა დაშინების შედეგად. ჩვენი თავდაცვა უნდა იდგეს მაღალი ანაზღაურების, ახალი შეიარაღების მქონე პროფესიულ ჯარსად და სათანადო მომზადებულ მრავალრიცხოვან რეზერვზე, რომელიც ნებაყოფლობით არის დაკომპლექტებული.

ამ მიზნის მისაღწევად, ჩვენ გავზრდით თავდაცვის ბიუჯეტს ნატოს სტანდარტების შესაბამისად და ეს ფული დაიხარჯება ხელფასების ზრდასა და თანამედროვე შეიარაღების შესყიდვაზე. სავალდებულო გაწვევას გავაუქმებთ და რეზერვს დავაკომპლექტებთ იმ ახალგაზრდებისგან, ვისაც მართლა სურს და შეუძლია ქვეყნის დაცვა. სანაცვლოდ კი, ღირსეულ ანაზღაურებასა და ნამდვილ წვრთნებს შევთავაზებთ, იმის ნაცვლად, რომ უფასოდ ვამუშაოთ მინისტრების დაცვაში თუ ყარაულად.

ჩვენ ასევე აღვადგენთ ურთიერთობას პარტნიორებთან, რათა საუკეთესო პროფესიონალების დახმარებით გაგრძელდეს წვრთნები და ჩვენი პროფესიონალი ჯარისკაცების კვალიფიკაციის ამაღლება.

ჩვენ გვსურს:

● გვყავდეს ძლიერი ჯარი, რადგან მხოლოდ ძლიერი ჯარია მშვიდობის გარანტი;

● გვყავდეს ნებაყოფლობითი რეზერვი, რათა ქვეყანაში შესაძლებელი იყოს, საფრთხის შემთხვევაში, მნიშვნელოვნად გაიზარდოს თავდაცვის ძალების მოცულობა;

● თავდაცვის ბიუჯეტის ზრდა, რათა ჯარი უზრუნველყოფილი იყოს თანამედროვე იარაღითა თუ მუდმივი წვრთნებით.

უფრო მეტი.

და ასევე

იხილე ასევე იარაღის ლეგალიზაციის შესახებ

იარაღის ლეგალიზაცია ლეგალიზაციის შესახებ

საგარეო პოლიტიკა

ჩვენთვის პრიორიტეტულია ნატოში გაწევრიანება, რათა ბოლომდე უზრუნველყოფილი იყოს ჩვენი უსაფრთხოება. ეს მიზანი კი ამ ეტაპზე ევროკავშირში ინტეგრაციასა და აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებაზე გადის.

ამავდროულად, მნიშვნელოვანია პარტნიორებთან პრინციპული პოზიციების დაცვა და ისეთი შეთანხმებების მიღწევა, რომელიც არ გახდება ჩვენი ეკონომიკისთვის შემაფერხებელი ფაქტორი და პირიქით, დააჩქარებს იმ ფუნდამენტური ინსტიტუტების განვითარებას, როგორიცაა კერძო საკუთრება, სამართლიანი სასამართლო, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება.

ასევე ჩვენი მიზანია თავისუფალი ვაჭრობა დავამყაროთ ყველა ქვეყანასთან, ხოლო საერთაშორისო ასპარეზზე ადამიანის უფლებების ტრადიციული, კლასიკური გაგების ლობისტები ვიყოთ.

უფრო მეტი იხ.

შიდა პოლიტიკური მოწყობა

დეცენტრალიზაცია

საქართველოში ცენტრალიზებულია ყველა სფერო — გადაწყვეტილებები მიიღება თბილისში ერთი პირის, უკეთეს შემთხვევაში, პირთა შეზღუდული წრის მიერ, სკოლის დირექტორი ვინაობა და ცალკეული პოლიციელების დანიშვნებიც კი თბილისში თანხმდება.

ჩვენი მიზანია ძალაუფლების რაც შეიძლება უფრო ფართო დეცენტრალიზაცია მოხდეს. ჩვენი შეპირებების უდიდესი ნაწილი ზუსტად რომ ამ მიზანს ემსახურება. დეცენტრალიზაცია მოხდება, თუ ცალკეულ მუნიციპალიტეტში ირჩევენ საკუთარი პოლიციის უფროსს და მოსამართლეებს. დეცენტრალიზაციას უწყობს ხელს საყოველთაო საბაზისო შემოსავალი, რადგან აქრობს უკიდურესი სიღარიბის პრობლემას და ამასთან ათავისუფლებს ადგილობრივ ბიუჯეტებს სოციალური დახმარების საჭიროებისგან. ამის შემდეგ კი რეგიონებს უნდა მიეცეთ საკუთარი გადასახადების დაწესების უფლება, რათა მათ შორის კონკურენცია ჩამოყალიბდეს და უკვე რეგიონებმა თვითონ გადაწყვიტონ, თუ რა ურჩევნიათ, შედარებით დაბალი გადასახადები და მეტი ეკონომიკური ზრდა, თუ მაღალი გადასახადები.

უფრო მეტი იხ.

ბუნებრივი ბარიერი

ახლა ჩვენ ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნებზე 5%-იანი ბარიერია დაწესებული, რაც პოლიტიკურ კონკურენციას ახშობს. ჩვენ ამის სანაცვლოდ ბუნებრივ (ანუ 0.67%) ბარიერს ვუჭერთ მხარს. ამისთვის რამდენიმე მიზეზი არსებობს:

ა) დაბალი ბარიერი ხელს უწყობს პატარა პარტიების პარლამენტში შესვლას, რის შედეგად საკანონმდებლო ორგანოში განსხვავებული აზრი უფრო ხშირად გაჟღერდება.

ბ) დაბალი ბარიერი ართულებს დიდი, იერარქიული პარტიების არსებობას, რადგან, თუ ცალკეული პოლიტიკოსთა ჯგუფი არ ეთანხმება პარტიის პოზიციას ან განვითარების მიმართულებას, დაბალი ბარიერის პირობებში მათ მოტივი უჩნდებათ თავისი პარტია დაარსონ და დამოუკიდებლად გააგრძელონ პოლიტიკური საქმიანობა.

გ) დაბალი ბარიერის პირობებში გარდაუვალი ხდება კოალიციური მთავრობა, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ნიშნავს ერთპარტიული მართველობის დასრულებას.

უფრო მეტი იხ.

პარტიების დაფინანსება

გირჩის მიზანია პარტიების საბიუჯეტო დაფინანსების გაუქმება. ჩვენ ამ დაფინანსებასაც ადამიანებისთვის წართმეული ფულის არამიზნობრივ ხარჯვად განვიხილავთ და ჩვენთვის გადმოცემულ ბიუჯეტის ფულს ამჟამადაც სრულად ვუბრუნებთ ჩვენს მხარდამჭერებს. თუმცა პარტიების საბიუჯეტო დაფინანსების მთავარი პრობლემა პარტიების მოტივების დამახინჯებაში გამოიხატება - ისინი ბიუჯეტზე ხდებიან დამოკიდებული და არა ამომრჩეველზე. ჩვენი კი გვსურს, რომ პარტიებს მათი მხარდამჭერები აფინანსებდნენ. ეს სწორია მორალურად და ასევე გააჩენს სწორ მოტივებს პოლიტიკოსებში.

აფხაზეთის დაბრუნება

აფხაზეთს დაბრუნება ერთ-ერთი ყველაზე რთული ამოცანაა და მისი ამოხსნა რამდენიმე გარემოებაზეა დამოკიდებული.

● რუსეთის ოკუპაციის დასრულება, რაც შეუძლებელია ძლიერი მეგობრების გარეშე. ამიტომ ჩვენი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტია მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობა აშშ-სა და ევროკავშირთან.

● ძლიერი ჯარი არის როგორც სიმშვიდის გარანტი, ასევე ძლიერი არგუმენტი მშვიდობიანი მოლაპარაკებების დროს, როცა არ უნდა გაიმართოს ის. ხოლო, ქვეყანა, რომელსაც არ გააჩნია უნარი დაიცვას საკუთარი თავი, ვერასდროს დაიმსახურებს პატივისცემას საერთაშორისო ასპარეზზე.

● ჩვენი შიდა წესრიგი, მათ შორის ეკონომიკური თუ პოლიტიკური, იმდენად მომხიბვლელი უნდა იყოს, რომ თვითონ აფხაზეთის საზოგადოებაში გაჩნდეს დაინტერესება რეინტეგრაციაზე. ამისთვის კი ის რეფორმებია ჩასატარებელი, რომელიც ეკონომიკას, სასამართლო სისტემასა და პოლიტიკურ მოწყობას რადიკალურად გააუმჯობესებს.

● საკუთრების დავების გადაწყვეტის მექანიზმი წინასწარ უნდა შემუშავდეს. ეს გამორიცხავს ახალი კონფლიქტების გაჩენას და მოაგვარებს არსებულ კონფლიქტს, რომელშიც ერთ მხარეს ქართველია, ვინც სახლი დაკარგა, მეორე მხარეს კი აფხაზი, ვინც ამ სახლში დაიბადა, გაიზარდა ან, უბრალოდ, ომის შემდეგ იყიდა. ამისთვის ტრადიციული სვანური სასამართლოს მექანიზმია გამოსაყენებელი: ქართველი დაასახელებს, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული რა ქონება იქნებოდა მისთვის მისაღები საკუთარი სახლის სანაცვლოდ. ხოლო აფხაზი აირჩევს ან სახლს, რომელშიც ცხოვრობს, ან იმ საკუთრებას, რომელიც ქართველმა დაასახელა. როგორი არჩევანიც არ უნდა იყოს გაკეთებული, ორივე მხარე გარანტირებულად კმაყოფილი დარჩება.

უფრო მეტი იხ.

სხვა საკითხები:

მიგრაციაზე

ეკოლოგიაზე

გზებსა და ტრასებზე

სახელმწიფოს შესახებ

რატომ გვინდა, რომ ჩვენს ცხოვრებაში „სახელმწიფო“ ერეოდეს რაც შეიძლება უფრო ნაკლებად? რადგან „სახელმწიფოს ჩარევა“ ყველგან და ყოველთვის ნიშნავს ძალადობას, ამიტომ მხოლოდ მაშინ შეიძლება „სახელმწიფოს“ ჩარევა გამართლებული იყოს, როცა გამართლებულია ძალადობა. ასეთი შემთხვევები კი იშვიათია და, უმეტესწილად, შემოიფარგლება იმ შემთხვევებით, როცა მოქალაქეები ერთმანეთზე ძალადობენ და ამის გასაჩერებლად საჭირო ხდება მეტად ორგანიზებული ძალის ჩარევა.

უფრო მეტი იხ.