ინფლაცია - ეროვნული ბანკის მიერ ხალხის ძარცვა
წარმოგიდგენიათ, მთავრობამ რომ უცხოური ავტომობილებით ქალაქებში მგზავრობა აგვიკრძალოს და მათი გამოყენების უფლება მხოლოდ ქალაქებს შორის გადასაადგილებლად დაგვიტოვოს? ქალაქებში კი ქართული წარმოების არასანდო და გაუმართავი მანქანებით გადაადგილება გვაიძულოს?
ძნელი წარმოსადგენია? არც ისე, რადგან ჩვენ უკვე ვცხოვრობთ ასეთი წესრიგით. ოღონდ გვიზღუდავენ არა მგზავრობას, არამედ — ვაჭრობას.
დიახ, მთავრობამ 1995 წელს გამოიგონა კიდევ ერთი ქართული ფული (ლარი) და ყველა სხვა ფულით ვაჭრობა აკრძალა.
მთავრობა ვახსენეთ, თუმცა ამ საქმისთვის, ანუ ლარის მიმოქცევაში შემოსვლა-გასვლისთვის, მას სპეციალური ინსტიტუცია აქვს შექმნილი ფრიად მომხიბვლელი სახელით - საქართველოს ეროვნული ბანკი. (ზოგიერთ ქვეყანაში მსგავსი მიზნების ინსტიტუციას ცენტრალური ბანკი ჰქვია.)
შეიძლება ითქვას, რომ მთავრობა და საქართველოს ეროვნული ბანკი შეხმატკბილებულად ფუნქციონირებენ - მთავრობა იყენებს სადამსჯელო მექანიზმებს, რათა საქართველოში ვინმემ უკანონო ფულით (დოლარით, ევროთი, სტერლინგით...) არ ივაჭროს, ხოლო ეროვნული ბანკი იყენებს ლარის ბეჭდვა-ამოღების ექსკლუზიურ, მხოლოდ მისთვის მინიჭებულ უფლებას, რითაც ლარის ფასს, ღირებულებას აკონტროლებს.
ვნახოთ, როგორ მოქმედებს ეს შეხმატკბილება რეალურ ცხოვრებაში ⬇️
დავუშვათ, მთავრობამ გადაწყვიტა მასწავლებლებს გაუზარდოს ხელფასი 500 ლარით და ამისთვის არ აქვს საკმარისი თანხა. მიდის ეროვნულ ბანკთან და სთხოვს, მომეცი 200 მილიონი ლარიო.
— მე ასე პირდაპირ ფულს ვერ მოგცემ, მაგრამ ისე მოვიქცევი, რომ შენ სულ მალე გექნება 200 მილიონი, — ეუბნება ეროვნული ბანკის პრეზიდენტი (ან პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ან ვინმე, რა მნიშვნელობა აქვს?).
როგორ უნდა მოიქცეს ეროვნული ბანკი? მას ხომ ლარის საცავები არ აქვს (მან ყველაზე უკეთ იცის, რომ ლარის შენახვას რიყის ქვის შენახვა ჯობია...), რეზერვად მხოლოდ დოლარებსა და ოქროს ინახავს. აიღებს ექსკლუზიურად თავის დანადგარს, დაბეჭდავს 200 მილიონ ლარს (შესაძლოა მეტსაც ან ნაკლებს) და ამ თანხას დაბალპროცენტიან სესხებად გადასცემს კომერციულ ბანკებს. ისინი სიხარულით იღებენ დამატებით ლარებს, რომლებსაც თავის მხრივ უფრო მაღალი პროცენტით გაასესხებენ ადამიანებზე, ორგანიზაციებზე.
და ამით მთავრობას რა?! რა და მიმოქცევაში გამოსული დამატებით მილიონობით ლარით გადასახადების სახით დამატებითი თანხა შესდის ბიუჯეტში, რადგან ფული, როგორც წესი, მიმოიქცევა ვაჭრობაში. და ბედნიერ ადამიანებს გამოაქვთ სესხი კომერციული ბანკებიდან, ყიდულობენ სასურველ ნივთებს, ქონებას... ოღონდ...
ოღონდ ამ შეძენილ ნივთებში უწევთ უფრო ძვირის გადახდა, ვიდრე გუშინ, ეროვნული ბანკის მიერ 200 მილიონის დაბეჭდვამდე, გადაიხდიდნენ, ხოლო რაც მეტს ვიხდით პროდუქტებში, მით მეტი ფული შესდის მთავრობას დღგ-ს, მოგების თუ სხვა გადასახადების სახით.
ადრე თუ გვიან ყველა ხვდება, რომ ლარი თანდათან უფასურდება, ქვეყანაში ინფლაციაა და ხალხიც ბრაზდება მთავრობაზე.
არა, მთავრობასაც თავისი წილი აქვს ფულის გაუფასურებაში, მაგრამ ამის მთავარი აქტორი სწორედაც რომ საქართველოს ეროვნული ბანკია. მისი წარმომადგენლები კი ჭკვიანური გამოხედვით მოსახლეობას უმტკიცებენ, რომ:
— ეროვნული ბანკის პოლიტიკის შედეგია ის, რომ ქვეყანაში შენარჩუნებულია 2%-იანი ინფლაცია და მხოლოდ ისეთი გარე ფაქტორების შედეგად, როგორიცაა კოლუმბიური გვალვის შედეგად შემცირებული ყავის მოსავალი, მცირედით მოხდა ჩვენი საამაყო ეროვნული ვალუტის გაუფასურება.
დავეხსნათ ეროვნული ბანკის წარმომადგენელთა თავისმართლება-ზღაპრებს და ის სიტუაციაც განვიხილოთ, როდესაც მთავრობას სწრაფად სჭირდება ფული. ამ დროს ეროვნული ბანკი ფულს იმ მიზნით ასესხებს კომერციულ ბანკებს, რათა ამ უკანასკნელებმა მთავრობას გადაასესხონ. არც ბანკები იქნებიან უარზე და ისე მოიქცევიან, როგორც მთავრობას აწყობს, რადგან სწორედ მთავრობა და ეროვნული ბანკი არიან მათი მოგების მთავარი წყარო — ჩვენ მიერ აღწერილ პირველ შემთხვევაში ბანკებს სესხების გაცემით გაეზრდებოდათ მოგება, ასე კი შუამავლის საკომისიოც დარჩებათ.
ყველა ბედნიერია, გარდა იმ ადამიანებისა, რომლებიც მაღაზიაში ძვირად ყიდულობენ პროდუქტებს, ამის შედეგად ღარიბდებიან და მთავრობა-ბანკების ამ ხეირს აფინანსებენ.
ასე რომ, ეროვნული ბანკი უნდა გაუქმდეს!
ანდა, კი ბატონო, იყოს, თუკი ძალიან გინდათ, მაგრამ ადამიანებს უნდა მიეცეთ იმ ფულით ვაჭრობის უფლება, რომლითაც გაუხარდებათ!
ავტორი: გიორგი ჭაუჭიძე