logo
user
cart
  • ჩვენ შესახებchevron
  • პროექტებიchevron
  • გირჩის პოზიციებიchevron
  • პრაიმერისიchevron
  • FAQchevron
  • SHOPchevron

მამა, სად გვაქვს ტყე?!

საუკუნეთა განმავლობაში ქართველი კაცი შთაგონებული იყო უძველესი შეგონებით - "ტყე შეუნახე შვილებსა, მამა ხარ შენი ვალიაო". ის მართლაც ცდილობდა საკუთარ მიწაზე არსებული ტყის ფონდი შეენარჩუნებინა, გაემრავლებინა და ისე ესარგებლა მისით. უნდა აღინიშნოს, რომ ძველ საქართველოში ტყეთა მესაკუთრენი, როგორც წესი, საზოგადოების მაღალი ფენის წარმომადგენლები იყვნენ, თუმცა ისინი არც ქვედა ფენებს უშლიდნენ ტყით სარგებლობას.

მოკლედ აღვწეროთ ტყე ძველ საქართველოში - არსებობდა სამეფო ტყე (ფაქტობრივად, მთელი ტყე, როგორც ქვეყანა, მეფის საკუთრებას წარმოადგენდა და მისი ბოძებით არსებობდნენ სხვა მესაკუთრეებიც), საეკლესიო ტყე, ფეოდალის ტყე, სათემო (სოფლის) ტყე. შესაბამისად, როგორც არ უნდა განვიხილოთ ძველი საქართველოს საისტორიო წყაროები, ვერ ვნახავთ, რომ საქართველოში ვინმეს შესციებოდა ან ვინმე სახლის გარეშე დარჩენილიყო. ცხადია, ამ ყველაფერს (სახლ-კარსაც და სითბოსაც) საქართველოს უმდიდრესი რესურსი უზრუნველყოფდა.

რა მდგომარეობაა დღეს? ახლა ტყის საკუთრებაში არსებობა ფაქტობრივად, აკრძალულია. ის კი არა, მაღალი თანამდებობის პირებიც კი ვერ ბედავენ ტყეების საკუთრებაში გაფორმებას - 50 წლიანი სარგებლობით ტყის

გადაცემა ხომ საკუთრება არაა?! ჩვენს საკუთარ ტერიტორიაზე რომ ხეები გამრავლდეს და წამოიზარდოს და ტყის ნიშნები დაეტყოს, ლამისაა, ჩამოგვერთვას.

მოკლედ, საქართველოს მთლიანი სატყეო ფონდი, ანუ 3 მილიონი ჰექტარი ტყე სახელმწიფო საკუთრებად გვაქვს გამოცხადებული. ,,გვაქვს გამოცხადებული” ცოტა ხმამაღლა ნათქვამია, რადგან ჩვენთვის არც არავის უკითხავს ამის

შესახებ. სიმართლე რომ ვთქვათ, არც ჩვენ გამოგვიჩენია ინიციატივა გვემსჯელა ამ საკითხზე და, ბოლოსდაბოლოს, პლებისციტით მაინც გადაგვეწყვიტა.

ცოტა რამ ვთქვათ ,,სახელმწიფო საკუთრებაზე” - თითქოსდა, ეს ყველას საერთო ქონება დაცული უნდა იყოს და არც უნდა ეკარებოდეს ვინმე. ასეცაა და სპეციალური მოსამსახურეები გვყავს მოგონებული და ეს ეგერები იცავენ კიდეც ტყეებს. მაგრამ, იცავენ ჩვენგან, რიგითი მოქალაქეებისგან, თორემ ტყეებიდან რომ ხე-ტყის გატანა ხდება, ამას ბევრი ჩვენგანი შესწრებია საკუთარი თვალით.

გააქვთ მთავრობასთან დაახლოებულ პირებს და ამით დიდ შემოსავალსაც იღებენ. მიახლოებითი დათვლით, მთლიანი ხე-ტყის საერთო ღირებულება ყველაზე ცოტა 35 მილიარდ ₾-ს აღწევს, ხოლო ამ სიმდიდრის 10%-იან მომგებიანობას თუ ვიანგარიშებთ - 3,5 მილიარდი გამოვა ერთ წელში. ეს რომ მართლაც საერთო ქონება იყოს, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს წელიწადში 1000₾ უნდა ერიცხებოდეს. თუმცა, საერთო ქონება სინამდვილეში იმისია, ვინც მთავრობაშია. შესაბამისად, გააქვთ და სარგებლობენ მთავრობაში მყოფნი და მათთან დაახლოებული პირები.

ასე რომ, თუკი ძველ შეგონებას მივუბრუნდებით, შვილებისთვის ტყის შესანახად - ჯერ ტყე უნდა დაიბრუნო, მამა!

ავტორი: გიორგი ჭაუჭიძე