logo
user
  • ჩვენ შესახებchevron
  • პროექტებიchevron
  • გირჩის პოზიციებიchevron
  • პრაიმერისიchevron
  • FAQchevron

ნოდარ სირბილაძე: რატომაა გირჩი ერთადერთი პოლიტიკური პარტია საქართველოში

ბავშვობაში, როდესაც სიტყვა პოლიტიკას მოვისმენდი, ყოველთვის ასოციაცია მიჩნდებოდა, რომ პოლიტიკოსები იყვნენ ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ და ავითარებენ იდეებს, ჰქონდათ შესაბამისი ღირებულებები, ხედავდნენ პრობლემას და სახავდნენ გამოსავლის გზებს. წლები გავიდა, პოლიტიკაზე კი აღქმა არ შემიცვლია. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში უამრავი პარტიაა, საკმაოდ რთულია რომელიმე მათგანს პოლიტიკასთან ახლოს მაინც ჩაევლოს. იმისათვის, რათა ეს უკეთ დავინახოთ შეგვიძლია წარსული გამოცდილებები გავიხსენოთ. ძალიან შორსაც არ გვინდა წასვლა, გავიხსენოთ რა ხდებოდა პანდემიის დროს. პანდემიამ გვაჩვენა, თუ როგორ შეიძლება სისტემას არ ანაღვლებდეს ადამიანის თავისუფლება. ჩავკეტეთ ქვეყანა, ადამიანებს აგვიკრძალეს გარეთ გასვლა(წინააღმდეგ შემთხვევაში ჯარიმას გვიწერდნენ), ხოლო იმის გამო, რომ სამსახურში ვეღარ დავდიოდით, რათა თავი გვერჩინა, მთავრობამ 300 ლარიანი დახმარებები გამოგვიყო, შეირგეთო. ამ დროს ოპოზიციურ ფლანგზე რა ხდებოდა? პარტიები ოცნებას არა იმაში აკრიტიკებდნენ, რომ ადამიანებს ლუკმაპურის შოვნის უფლება წაართვა, არამედ იმაზე, რომ ამის გაკეთება სხვანაირადაც შეიძლებოდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ადამიანები უნდა ჩავკეტოთ, ოღონდ უფრო უკეთესადო. კიდევ ერთი მაგალითი რუსეთ-უკრაინის ომია, რომლის პირობებშიც, ოპოზიციური პარტიების ფლანგი მთავრობას აკრიტიკებდა თუ რატომ არ ვუწესებდით რუსეთს სანქციებს ჩვენც. ახლა კი, როცა გააცნობიერეს, რომ თურმე ამომრჩევლისთვის პრიორიტეტი სიმშვიდე და უსაფრთხოებაა, დაიწყეს იმის ტირაჟირება, რომ მათ თურმე არასდროს მოუთხოვიათ რუსეთის დასანქცირება.

და მაინც, რა საერთო აქვს ამ ორ ამბავს ერთმანეთთან და რა დასკვნები შეიძლება გამოვიტანოთ? სინამდვილეში ჩვენთან პოლიტიკურ პარტიებს არანაირი იდეა და ღირებულებები არ გააჩნიათ. ერთადერთი მოძრაობის ორიენტირი კი ადამიანის ემოციებიდან გამომდინარე განცხადებების გაკეთებაა, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჯობს ილაპარაკონ ის, რაც დროის მოცემულ მომენტში ხალხში მათ კარგად წარმოაჩენს, მიუხედავად იმისა იზიარებენ თუ არა თავად პოლიტიკოსები ამ სიტყვებს. სწორედ ეს განაპირობებს, რომ ამბობენ ერთს, მაგრამ როცა საჭიროება დადგება ისე გადათქვამენ პოზიციას თითქოს უტიფრობა ჩვეულებრივი ამბავია.

და გირჩი რატომაა ერთადერთი პოლიტიკური პარტია? ზემოთ განხილულ ორივე შემთხვევაში, გირჩი საუბრობდა იმას, რა ღირებულებებსა და იდეოლოგიაზეც ეს პარტია დგას. პანდემიის დროს მოითხოვდნენ რეგულაციების მოხსნას და ადამიანებისთვის თავისუფლების მიცემას, მიუხედავად უამრავი ლანძღვისა, რაც მაშინ გირჩს საზოგადოების მხრიდან ჰქონდა. იგივე იყო მეორე შემთხვევაშიც. შედეგად, გირჩი ნებისმიერ განცხადებას აკეთებს იმ იდეიდან გამომდინარე, რაც პარტიას გააჩნია და სწორად მიაჩნია, ხოლო ტყუილი მისთვის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დანაშაულია. შორს რომ აღარ წავიდეთ, ქარტიაზე რომ ერთი ამბები ატყდა და გირჩი პარტიებს საუბრისა და სისტემის შეცვლის იდეაზე მსჯელობისკენ მიუთითებდა, მაშინაც ხომ მოხვდა დიდი ტალახი საზოგადოებისგან და პარტიებისგან? თუმცა გავიდა რამდენიმე თვე და ეს ქარტია აღარავის ახსოვს.

შესაბამისად, გირჩი მართლაც ერთადერთი პოლიტიკური პარტიაა საქართველოში, რომელიც წინა პლანზე ღირსებასა და ღირებულებებს აყენებს, მთავარი ღირებულება კი თავად ადამიანი და მისი თავისუფლებაა, სწორედ ამისთვის იბრძვის პარტია.

სხვა პარტიები? სხვა პარტიები უბრალოდ ველზე მოძრაობენ და ეძებენ გზებს თუ როგორ მოიზიდონ ხალხი. არ აქვს მნიშვნელობა ეს გზები მათ პრინციპებს თუ უპირისპირდება(საერთოდ თუ აქვთ პრინციპები). ალბათ ადამიანების უმრავლესობამ ერთ დღეს რომ თქვას სიკვდილით დასჯა აღვადგინოთო, ეს პარტიები პირველი იქნებიან ვინც ამას აიტაცებენ.

გირჩი იდეაა, გირჩი ღირებულებაა, გირჩი სამართალი და თავისუფლებაა.

ავტორი: ნოდარ სირბილაძე