logo
user
cart
  • ჩვენ შესახებchevron
  • პროექტებიchevron
  • გირჩის პოზიციებიchevron
  • პრაიმერისიchevron
  • FAQchevron
  • SHOPchevron

პროფესია „ეკონომისტი“ - ინტელექტუალური თაღლითთა საყვარელი თავშესაფარი

1.

თუ ოდესმე აღიარებულ მეცნიერებათა შორის რომელიმე მეცნიერების დაქვეითებისა და ინტელექტუალურ თაღლითობაში გადაყვანის საკითხი დადგება, პირველი კანდიდატი ეკონომიკა უნდა იყოს. ამ იდეის ილუსტრაციისთვის, ორი განსხვავებული მეცნიერების გამარტივებულ აღწერას მოვიყვან.

პოლიტიკის მეცნიერება - ალბათ, ყველაზე უშინაარსო აქტივობაა ადამიანის ისტორიაში. ამ მეცნიერების ფარგლებში დაწერილ ნაშრომებს რომ წააწყდები, შამანების სახელმძღვანელო გეგონება, სადაც "სახელმწიფოები" ერთმანეთთან "ურთიერთობებს" ამყარებენ, ხოლო "ქვეყნის ინტერესები" "გეოპოლიტიკურ ჭრილში" განიხილება. მაგრამ მეორე მხრივ, პოლიტოლოგებს, როგორც შამანებსაც ოდესღაც, გულწრფელად შეიძლება სურდეთ მათ ირგვლივ არსებული სამყაროს გაგება. კი, მათი შეძახილები თუ შელოცვები უცნაურად გამოიყურება, მაგრამ მათ ამ ყველაფრის შეიძლება სჯერათ და რა იცი, იქნებ მორიგი შელოცვის შემდეგ მართლაც წამოვიდეს წვიმა? ბოლოსდაბოლოს, თუ ამ ხალხს ზედმეტად სერიოზულად არ შევხედავთ, ვერც შამანი, ვერც პოლიტოლოგი დიდ ზარალს ვერ მოგვაყენებს.

ფსიქოლოგია. მიუხედავად იმისა, რომ ფსიქოლოგების ექსპერიმენტებისა და კვლევების დიდი უმრავლესობა უფრო სტუდენტებთან გართობას წააგავს, ვიდრე მეცნიერებას, ხშირად ფსიქოლოგის მოსმენა ძალზედ საინტერესოა. მაშინაც კი, როცა ექსპერიმენტები სრულიად გაყალბებულია (როგორც ცნობილი ზიმბარდოს ექსპერიმენტი), ფსიქოლოგის შესრულებით ის საინტერესო წიგნად იქცევა, რომელიც შემდეგ საჭორაოდ და გასართობად შეიძლება გამოვიყენოთ. თან ადამიანის ქცევა იმდენად რთული ობიექტია, რომ, ვინ იცის, თუ რა გამოვა ამ ზოგჯერ სასაცილო და ზოგჯერ შინაარსმოკლებული კვლევებისგან? მთავარია, რომ პოლიტოლოგის მსგავსად, ფსიქოლოგსაც ახალი ცოდნის შექმნის სურვილი გააჩნია.

ბევრი რამ შეიძლება სხვა მეცნიერებაზეც ითქვას, მაგრამ ყველა მეცნიერებას, მიუხედავად არჩეული მეთოდებისა (მაშინაც კი, როცა ეს მეთოდები კომიკურად გამოიყურება) ახალი ცოდნისკენ სწრაფვა ახასიათებს. ყველას, გარდა ეკონომიკისა, რომელიც პრინციპულად სხვა ფუნდამენტზე დგას.

ტიპური ეკონომისტი - ადამიანია, რომელსაც ეს სამყარო არ მოსწონს, რომელიც მიიჩნევს, რომ ფასები არასამართლიანია, ეკონომიკა არაეფექტიანი, ეკონომიკური ზრდა არასაკმარისი, ხოლო უმუშევრობა არაბუნებრივი. ის ამ უსამართლობას თუ არასრულყოფილებას უკვე ხედავს. მისთვის სამყარო გასაგები და ამავდროულად მიუღებელია, ამიტომ მას ამ სამყაროს გადაკეთება და არა გააზრება სურს. ეკონომისტი უნივერსიტეტში პირველივე სემესტრში სწავლობს, თუ როგორ შევცვალოთ სამყარო. ეკონომისტს რომ კითხო, თუ რა არის კონკურენცია, სავსებით შესაძლებელია, რომ პასუხი ვერ მიიღოთ (რადგან ბევრმა მართლაც არ იცის), მაგრამ ყველა ეკონომისტმა იცის, თუ როგორ შეიძლება ეს კონკურენცია დაიცვა და წაახალისო. შეიძლება ეკონომისტმა არ იცოდეს, თუ რა არის ფული (ასეთებიც ბევრია), მაგრამ მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტები ყველას ეცოდინება.

თუმცა ეკონომიკის არამეცნიერული სტატუსის ყველაზე ნათელი მაგალითი არის ეკონომისტებს შორის არსებული შიდა იერარქია. ეკონომიკა ერთადერთი „მეცნიერებაა“, სადაც ეკონომისტის ავტორიტეტი რადიკალურად იზრდება, თუ ის მთავრობასთან „ახლოს“ აღმოჩნდება. თუ რომელიმე ეკონომისტი, რომელსაც ერთი წესიერი სტატიაც არ დაუწერია და რომელიც არავის ამ სამყაროში არ აინტერესებდა, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ან როგორც ეს ხდება, ცენტრალური ბანკის (ჩვენთან ამ გაუგებრობას ეროვნულ ბანკს უწოდებენ) მმართველი გახდება, მისი აზრი ყველა სხვა ეკონომისტს დააინტერესებს, ხოლო მისი ციტირება მკვეთრად გაიზრდება. რთულად წარმოსადგენია, რომ ფიზიკოსის ნაშრომები სხვა ფიზიკოსებისთვის უფრო საინტერესო გახდეს მხოლოდ იმიტომ, რომ ფიზიკოსი პოლიტიკით დაკავდა და, მაგალითად, ჯანდაცვის მინისტრი გახდა. არც ქიმიკოსის ნაშრომი დაიმსახურებს დამატებით ყურადღებას, თუ ის პრემიერ-მინისტრის მრჩეველი გახდება. ეკონომისტები კი სხვა ხალხია. ეკონომისტებს სრულიად არ აინტერესებთ მეცნიერება, ანუ არსებული სამყაროს გაგება. მათ ეს სამყარო უკვე დაინახეს და ამ სამყაროს გადაკეთება სურთ. გადაკეთება კი მხოლოდ პოლიტიკოსს ძალუძს, რადგან მხოლოდ მას გააჩნია ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელი ძალაუფლება. ამიტომ ძალაუფლებასთან ნებისმიერი ხერხით დაახლოება, და არა საღი აზრი, ლოგიკა და პატიოსნება არის ეკონომისტის მთავარი მიზანი და კარიერული წარმატების რეცეპტი.

2.

ამასთან, ზემოთ აღნიშნული გარემოების აღიარება არც ისე მარტივია და კარიერულად დამღუპველიც, ამიტომ სტანდარტულმა ეკონომისტმა კარგად უნდა აითვისოს მეცნიერების იმიტაციის ხერხები, რომლებს შორის ორი ძირითადი მეთოდი შეიძლება გამოვყოთ.

პირველი - ნებისმიერი მსჯელობისას ავტორიტეტების უკან დამალვა. ბევრი ჭკვიანური ტერმინი თუ მეცნიერის ხსენება/ციტირება იმდენად გავრცელებული რიტუალია, რომ ეკონომისტები მათ მაშინაც მიმართავენ ხოლმე, როცა აკადემიურ დისკუსიას სცდებიან (ამიტომ არის, რომ სოციალურ მეცნიერებათა შორის ეკონომისტები ერთმანეთის ციტირებით ლიდერები არიან).

მეორე რიტუალი კი არის მათემატიკის და სტატისტიკის უხვი გამოყენება. ეკონომისტების სურვილი დამსგავსებოდნენ ნამდვილ მეცნიერებს, მაგალითად, ფიზიკოსებს, ეკონომიკის ტოტალური მათემატიზაციით დასრულდა. დღეს საბაზისო მათემატიკური განათლება უკვე უფრო კარგი გზაა ეკონომისტის კარიერისათვის, ვიდრე უშუალოდ ეკონომიკის ფაკულტეტის ბაკალავრიატი.

ზუსტად ეს რიტუალები და მეცნიერების თამაშობანა არის ეკონომისტების პროფესია, რაც შეიძლება იგივენაირად სახალისო ყოფილიყო, როგორც პოლიტიკური მეცნიერებები ან ასტროლოგია, რომ არა ეკონომისტების მცდელობა „სწორად“ დაალაგონ ჩვენი ცხოვრება.

ჩემი ეს ეკონომისტების მიმართ პატივისცემის ნაკლებობა უფრო გასაგები რომ გახდეს, რამდენიმე მაგალითსაც მოგიყვანთ.

1. დასაწყისში ვახსენე, რომ იშვიათმა ეკონომისტმა თუ იცის რა არის კონკურენცია. გასაგებია, ეს დაუჯერებლად გამოიყურება და მხოლოდ ჩემ სიტყვებს რომ არ ენდოთ, ერთ მაგალითს მოგიყვანთ. ედვინ როკფელერს, რომელიც ამერიკული ანტიმონოპოლიური იურისტთა ასოციაციის პრეზიდენტი იყო, წიგნი აქვს დაწერილი „The Antitrust Religion” სადაც კონკრეტული საქმეების მაგალითებზე აღწერს, ზოგადად კარგად ცნობილ ფაქტს, რომ ანტიმონოპოლიური რეგულირება უფრო რელიგიას წააგავს, ვიდრე მეცნიერების ნაწილს. მათ შორის ის აღნიშნავს, რომ წლების განმავლობაში იურისტებს არ ჰქონდათ მონოპოლიის განმარტება, რომელიც გასაგებად აღწერდა, თუ რას ებრძვის კანონი და რას იცავს. ხოლო განმარტება არ ჰქონდათ არა იმიტომ, რომ ეკონომისტებს ვერ ჰკითხეს, არამედ ის განმარტება, რომელსაც ეკონომისტები იყენებენ, ისეთ დაშვებებზეა აგებული, რომ მას რეალურ სამყაროსთან კავშირში არ გააჩნია და მხოლოდ ეკონომისტების მეცნიერობანას თამაშებისთვის გამოიყენება. ამიტომ მარტივ კითხვაზე „ეს კომპანია მონოპოლია არის თუ არა“, ეკონომისტი პასუხს ვერ გაგცემთ (თუ ის გულწრფელი არ იქნება და არ იტყვის, რომ მონოპოლიები, იმ გაგებით, როგორც ეს ეკონომიკის სახელმძღვანელოში წერია, არ არსებობენ). ამიტომ, როცა იურისტებს ეს გაურკვევლობა მობეზრდათ, ფოკუსი მონოპოლიურ ქცევაზე გადაიტანეს (ეს კი სხვა სახალისო ისტორიაა, რომელსაც მომავალში ცალკე დრო უნდა დავუთმოთ), ხოლო მონოპოლიებთან (რაც არ უნდა იყოს ეს) ბრძოლა შეწყვიტეს.

2. ეკონომისტები განსხვავებული თემების ასახსნელად, როგორც წესი, მოდელებს იყენებენ, რომლის ხშირი ელემენტი არის კაპიტალი (K). თუმცა ამავდროულად არავინ იცის, თუ ზუსტად რაში იზომება ეს K. ჭკვიანურად ამას კაპიტალის ჰეტეროგენულობის პრობლემა ჰქვია, მარტივად კი ეს ნიშნავს იმას, რომ ნიჩაბისა და მანქანის დაჯამება შეუძლებელია, ამიტომ თუ ფირმას 2 ან მეტი განსხვავებული კაპიტალის ერთეული გააჩნია (დანადგარი, მანქანა, ჩაქუჩი და ა.შ.) მისი კაპიტალის, როგორც ერთიანი მაჩვენებლის გამოთვლა, შეუძლებელია. ეს პრობლემა XX საუკუნის 50-60-იან წლებში იყო იდენტიფიცირებული და ხანგძლივი აკადემიური დისკუსიის შემდეგ ეკონომისტები (დისკუსანტები) მივიდნენ დასკვნამდე, რომ ასეთი ფორმით კაპიტალის მოდელებში გამოყენება სისულელეა. მაგრამ ეკონომისტებს K რომ აღარ გამოეყენებინათ, მათი უკვე შექმნილი მოდელების უმრავლესობა საერთოდ შინაარს დაკარგავდა, ამიტომ ეკონომისტებმა ეს პრობლემა დააიგნორირეს და დღემდე ჩვეულებრივად შეიძლება ნახოთ კონფერენციებზე მოდელების გარჩევა, სადაც კაპიტალი ჰომოგენურად არის გამოყვანილი (ანუ ნიჩაბებს და მანქანებს აჯამებენ, მათემატიკის, ფიზიკის და ლოგიკის წესების უგულვებელყოფით). თუ ოდესმე ასეთ მოდელს წააწყდებით, გირჩევთ, კაპიტალის ნაცვლად სულიწმინდა წაიკითხოთ. მაგალითად, ფრაზა „ბიზნესმენს აგურის წარმოებისთვის 10 მუშა და 7 კაპიტალის ერთეული სჭირდება“ შეიძლება გადავაკეთოთ ასე: „ბიზნესმენს აგურის წარმოებისათვის 10 მუშა და 7 სულიწმინდას ერთეული ჭირდება“. დამიჯერეთ, შედეგი არ შეიცვლება, მაგრამ კარგად გაერთობით.

3. ყველა ეკონომისტმა იცის, თუ რა არის ალტერნატიული დანახარჯი. მარტივად რომ ვთქვათ, ეს ის საუკეთესო ალტერნატივაა, რომელზეც ადამიანმა არჩევანის გაკეთების მომენტში უარი თქვა. განმარტებიდან გამომდინარე, ალტერნატიული დანახარჯი მხოლოდ იმ ადამიანისთვის არის ცნობილი, ვინც არჩევანს აკეთებს, უცნობია დამკვირვებლისთვის, და არსებობს მხოლოდ არჩევანის მომენტში. ალტერნატიული დანახარჯის ცოდნის გარეშე კი შეუძლებელია დაადგინო, თუ რამდენად ეფექტიანი იყო მიღებული გადაწყვეტილება (რადგან, გადაწყვეტილებით მიღებული სარგებელი დანახარჯს უნდა შევადაროთ, მათ შორის იმას, თუ რაზე ვთქვით უარი ამ გადაწყვეტილების მიღებისას). ამდენად, გადაწყვეტილების ეფექტიანობაზე მსჯელობა საბოლოო ჯამში მხოლოდ მოქმედ ინდივიდს შეუძლია, ხოლო დამკვირვებელს ამის ზუსტი ცოდნა არასდროს ექნება. აქედან გამომდინარეობს ის მარტივი ფაქტი, რომ, მაგალითად, შეუძლებელია დავამტკიცოთ, რომ გზების აშენება (ან რაიმე სხვა მთავრობის აქტივობა), ჯამურ დოვლათს გაზრდის, რადგან არ ვიცით, თუ სად დახარჯავდნენ ინდივიდები იმ ფულს, რომელიც მათ მთავრობამ გზების ასაშენებლად წაართვა (გადასახადების სახით). შეიძლება შედეგი უკეთესი ან უარესი ყოფილიყო, მაგრამ ჩვენ უბრალოდ ეს არ ვიცით, ამიტომ ვერ დავამტკიცებთ, რომ მთავრობის რომელიმე აქტივობა მომგებიანია. ეს ასეა საღი აზრის დონეზე, მაგრამ მაშინ რა ურჩიოს ეკონომისტმა მთავრობას? როგორ დაამტკიცოს თავისი სარგებლიანობა? თუ მთავრობები და რეგულაციები არ იარსებებს, ვის რაში სჭირდება ეკონომისტი? ასე რომ არ მოხდეს, უამრავი ჩემი კოლეგა სერიოზული სახით და „მეცნიერული“ მიდგომით ყოველდღიურად ამტკიცებს, რომ ცნობილი რიცხვი უცნობზე მეტია.

ზუსტად ასეთი შამანიზმის და რიტუალების გავრცელებით გამოირჩევა ეკონომიკური თეორია.

ამავდროულად ეს არ ნიშნავს, რომ ეკონომიკაში საერთოდ არაფერია საინტერესო თუ საჭირო, უბრალოდ ამ ყველაფრისთვის ცალკე მეცნიერების თუ ფაკულტეტების არსებობა აშკარად ზედმეტია. თუ მიზანი ამ სამყაროს შესწავლა და არა შეცვლა იქნება, ანუ თუ ეკონომისტი მეცნიერი და არა სოციალური ინჟინერი იქნება, ფილოსოფიის ფაკულტეტის ერთი კათედრა თავისუფლად დაფარავდა ყველა იმ საკითხს, რომელიც ეკონომიკაში შეიძლება გაჩნდეს.

3.

წარმატებული აკადემიური კარიერის დაწყებამდე, ეკონომისტმა ერთი (ორი) მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევა უნდა შეიმუშავოს: ინტელექტუალური დისციპლინის მიმართ გულგრილობა და კონფორმიზმი.

ავიღოთ უკვე ნახსენები კაპიტალის ჰეტეროგენულობის პრობლემა. როგორც გახსოვთ, ეკონომისტები თავიანთ მოდელებში ხშირად ფირმის კაპიტალს ჰომოგენურად წარმოადგენენ, ანუ ნიჩაბს, მანქანას და თვითმფრინავს აჯამებენ, რაც ელემენტარულ საღ აზრს ეწინააღმდეგება. თუმცა ჩნდება კითხვა: ეს ცალკეული ეკონომისტების პრობლემა რომც იყოს, ნუთუ სტუდენტი მაინც არ დასვამს კითხვას, როცა ამას ლექციაზე მოისმენს? ან როგორ ასწავლიან ამ თემას პროფესორები? ამ კითხვაზე თავის დროზე ჯოან რობინსონმა (ავტორიტეტის უკან მეც დავიმალები ცოტა ) უპასუხა:

„...the production function has been a powerful instrument of miseducation. The student of economic theory is taught to write Q = f (L, K ) where L is a quantity of labor, K a quantity of capital and Q a rate of output of commodities. He is instructed to assume all workers alike, and to measure L in man-hours of labor; he is told something about the index-number problem in choosing a unit of output; and then he is hurried on to the next question, in the hope that he will forget to ask in what units K is measured. Before he ever does ask, he has become a professor, and so sloppy habits of thought are handed on from one generation to the next“.

სწავლის პროცესში სტუდენტების ერთი ნაწილი მალევე ხვდება, რომ ეს ყველაფერი ცხოვრებაში არ გამოადგება და თეორიული დისკუსიების მიმართ ინტერესს კარგავს. თუმცა თუ დაინტერესებული სტუდენტი მაინც იკითხავს, თუ რაში იზომება K, ის დაახლოებით ასეთ პასუხს მიიღებს: „ეს მარტივი მოდელია, რომ ზოგადი იდეა აღვწეროთ, ამიტომ პირობითი ერთეულებით შეიძლება გავზომოთ“. ანუ ახსნის ნაცვლად მას სთავაზობენ ავტორიტეტს დაუჯეროს და ასე გააგრძელოს ოპტიმალური კაპიტალის რაოდენობის გამოთვლა, იმსჯელოს ეკონომიკური ზრდის და კაპიტალის რაოდენობის კავშირზე და ა.შ.

სხვა თემაში სტუდენტს მოუწევს ვაშლი მსხალზე გაამრავლოს და უტილები მიიღოს (არ მკითხოთ, თუ რა არის ეს, რადგან ბოლოსდაბოლოს, მეც ეკონომისტი ვარ და არ მინდა რომ ძალიან დამცინოთ). ხოლო იმის შემდეგ, რაც სტუდენტი ისწავლის, რომ ალტერნატიული დანახარჯის დათვლა შეუძლებელია, სულ რაღაც ერთ თვეში ის უკვე ამ ალტერნატიულ დანახარჯს ამოცანებში თვლის, ვითომდა არაფერი მომხდარა. ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში მიაჩვევს მომავალ ეკონომისტს, რომ „მთავარია მოდელი იყოს გამართული“ და მის რეალურ სამყაროსთან კავშირს მნიშვნელობა არ გააჩნია (ეს დაახლოებით ასახავს „ახალი კლასიკების“ - ერთ-ერთი მეინსტრიმული მიმართულების - ეკონომიკისადმი მიდგომას) ან თუ მსჯელობა მთლად ლოგიკურად გამართული არაა, არაუშავს, მთავარია რომ სოციალურ ინჟინერიაში გამოგვადგეს (ეს კი მეორე ძირითადი მეინსტრიმული მიმართულების - ახალი კეინზიანელების დევიზია).

შედეგად თანამედროვე ეკონომისტს ნებისმიერი სისულელეს მტკიცება შეუძლია და ეს პრობლემა საკმაოდ დიდი ხნის წინ იყო იდენტიფიცირებული. 1996 წელს ნობელის ლაურეატმა ჯეიმს ბიუკენენმა დაწერა:

“The inverse relationship between quantity demanded and price is the core proposition in economic science, which embodies the presupposition that human choice behavior is sufficiently rational to allow predictions to be made. Just as no physicist would claim that “water runs uphill,” no self-respecting economist would claim that increases in the minimum wage increase employment. Such a claim, if seriously advanced, becomes equivalent to a denial that there is even minimal scientific content in economics, and that, in consequence, economists can do nothing but write as advocates for ideological interests. Fortunately, only a handful of economists are willing to throw over the teaching of two centuries; we have not yet become a bevy of camp-following whores.”

ბიუკენენი ცოცხალი რომ ყოფილიყო, აშკარად უფრო რადიკალური იქნებოდა ეკონომიკური თეორიის დღევანდელი მდგომარეობის შეფასებისას, რადგან სულ უფრო ხშირია, როცა ეკონომისტს ნებისმიერი სისულელეს სერიოზული სახით და „მეცნიერული“ არგუმენტაციით მტკიცება შეუძლია (მათ შორის მეცნიერულ ჟურნალებში, კონფერენციებზე და აუდიტორიებში).

პროფესიონალი ეკონომისტი საკმაოდ ახალი მოვლენაა. მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკაზე არისტოტელეც წერდა, ეკონომისტი როგორც პროფესია XIX საუკუნის ბოლოსკენ ფორმირდება და ეს არ არის შემთხვევითი მოვლენა. 17-18 საუკუნეებში მმართველების დესაკრალიზაციის პროცესი განსაკუთრებული სიჩქარით მიმდინარეობდა, და ადამიანების მორჩილებისათვის რელიგიური ლეგიტიმაცია უკვე არ იყო საკმარისი, ამიტომ მმართველები და მათი „მრჩევლები“ ამ ახალი ლეგიტიმაციის წყაროს ძიებით იყვნენ დაკავებული. ერთმა ასეთმა მცდელობამ საბოლოო ჯამში ეკონომიკა გააჩინა. XVII საუკუნეში მონკრეტიენი წერს ტრაქტატს „პოლიტიკური ეკონომია“, სადაც მეფეს მიმართავს, თუ როგორ უნდა მართოს მან მისი ქვეყანა უკეთესად. ამ სახელით ჩამოყალიბდება საბოლოო ჯამში ეკონომიკური თეორია (თანამედროვე დასახელება მხოლოდ XX საუკუნეში გახდება მიღებული). იგივე მიზანი დღემდე აერთიანებს ეკონომისტების უდიდეს უმრავლესობას. სოციალისტი იქნება ეკონომისტი, თუ „ლიბერალი“, ის, როგორც წესი, „სწორ“ რჩევებზე არის კონცენტრირებული.

თავიდან, „ეკონომისტების“ აქტივობა არც ისე წარმატებული იყო, რადგან არავის შეუქმნია „სახელმწიფო“ რაიმე ეკონომიკური საჭიროების გამო. „სახელმწიფო“ ყოველთვის დაპყრობის და ძალადობის შედეგი იყო და არასდროს შეთანხმების. ამდენად ამ ყველაფრის „ეკონომიკურ საჭიროებებში“ შეფუთვა ძალაუფლებას ვერ ამყარებდა და ეკონომიკა ლეგიტიმაციის წყაროდ ვერ იქცეოდა. თუმცა მოგვიანებით, ახალი ლეგიტიმაციის წყარო - „ხალხის ნება“ იყო ნაპოვნი. დემოკრატიის პირობებში მმართველების ძალაუფლება რადიკალურად გაიზარდა და ამ გაზრდილ ძალაუფლებას პროფესიონალური მრჩევლების კასტის ფორმირებაც მოჰყვა, ანუ გაჩნდნენ პროფესიონალი ეკონომისტები. რაც უფრო იზრდებოდა მმართველების ძალაუფლება, მით უფრო მეტი ეკონომისტი ცდილობდა ძალაუფლების უკეთესი გამოყენების რეცეპტი შეეთავაზებინა. ამიტომ მთავრობების ძალაუფლების და ეკონომისტების რაოდენობის ზრდა - პარალელურ პროცესად იქცა.

საბოლოო ჯამში, პროფესიონალი ეკონომისტი არის ადამიანი, რომელსაც ძალიან სურს ძალაუფლება მოიპოვოს, რათა საზოგადოება თავის გემოვნებას მოარგოს, მაგრამ თვითონ სათანადო ნიჭი და უნარები არ გააჩნია. ამიტომ მთელი ცხოვრება იმ პოლიტიკოსის ძიებაშია, რომელიც მას მოუსმენს და მისი რჩევების რეალიზაციას შეძლებს. ასეთი ეკონომისტი თავს ძალიან ჭკვიან ადამიანად მიიჩნევს, ხოლო პოლიტიკოსს იდიოტად, რაც მათ შორის ამ სამყაროს „უსამართლობის ნიშანია“, რადგან ჭეშმარიტად სამართლიან სამყაროში, ასეთი ჭკვიანი ადამიანი, განათლებული, შეიძლება ლამაზიც კი, რომელიც თავისი ყველა მასწავლებლის დავალებას პატიოსნად ასრულებდა და მეცნიერის სტატუსიც მოიპოვა, ასეთი ადამიანი თვითონ იმსახურებს იყოს მმართველი და არ ირბინოს უვიცი პოლიტიკოსების უკან. ტრაგიკომიკურია, რომ ამ ყველაფერის მიუხედავად, რეალურ სამყაროში ეკონომისტების მხოლოდ მცირე ნაწილს უმართლებს, რათა ამ „უვიცი“ პოლიტიკოსების ჩრდილში აღმოჩნდნენ, ხოლო უმრავლესობა მხოლოდ ოცნებობს, „იქნებ ოდესმე მინისტრმა მეც შემომხედოს“. ამ მოლოდინში კი მორიგი პროგრამები, სტატიები და წიგნები იწერება, რათა როცა გაუმართლებს, ის პოლიტიკოსთან საუბრისთვის მზად იყოს.

ამრიგად, ეკონომისტები მმართველების პროფესიონალი „გამპრავებლები“ არიან და მათი ხელით გაკეთებულია და გამართლებულია თითქმის ყველა ბოროტება XX და XXI საუკუნეში (დაწყებული, ომით, რომელიც “განვითარებას უწყობს ხელს”, დამთავრებული იძულებითი კარანტინით, რომელიც ასევე თურმე სასარგებლო ყოფილა ეკონომიკისათვის). თუმცა ისიც გაითვალისწინეთ, რომ მათი პროფესია არც ისე მარტივია, რადგან ეკონომისტები განწირულები არიან „უვიცებს“ ემსახურონ და „უვიცებს“ ასხან ხოტბა.

4.

სანამ ამ ტექსტს დავასრულებ, ერთი შენიშვნა უნდა გავაკეთო. მე ხშირად მივმართავდი განზოგადებას, თუმცა გასაგებია, რომ ბევრი ეკონომისტი მოიძებნება, ვინც მართლა მეცნიერებით იყო/არის დაკავებული. ჩემთვის, მაგალითად, ჰაიეკის, ფრიდმანის ან შუმპეტერის ნაშრომები იმის ეტალონია, თუ როგორი შეიძლება იყოს ეკონომიკა, რომელსაც მეცნიერებაზე აქვს პრეტენზია. მე კი ამ პოსტებში ვსაუბრობ იმ ადამიანებზე, რომლებიც სოციალური ინჟინერიით არიან დაკავებულნი, ხოლო მათემატიკური აპარატი თუ „ჭკვიანური“ ტერმინოლოგიით გადაჭარბებული ენა, მხოლოდ ამ ყველაფრის შირმად გამოიყენება. პრობლემა იმაშია, რომ ასეთი „მეცნიერები“ ეკონომისტების აბსოლუტურ უმრავლესობას წარმოადგენენ.

ამ შენიშვნის გათვალისწინებით, ჩემ ძირითად იდეას აღვწერ.

ბევრი მაგალითი და სამი დიდი პოსტი დამჭირდა იმისათვის, რომ ეკონომისტების პროფესიის მახასიათებელი ცოდნა და უნარ-ჩვევები გაჩვენოთ და ის გარემოება აღვწერო, რომ ეკონომიკური თეორიის უდიდესი ნაწილი პოლიტიკური პროცესის გარეშე ღირებულებას არ წარმოდგენს. ეკონომიკის ნებისმიერი სახელმძღვანელოდან რომ ყველა ის თემა ამოვიღოთ, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად რეგულირებას ეხება, ასეთ სახელმძღვანელოში 100 გვერდიც კი არ დარჩება. ამდენად, სახელმწიფო რეგულაციებისგან თავისუფალ სამყაროში ძალიან ცოტა ეკონომისტი იარსებებს, რომლებიც ფილოსოფიის ფაკულტეტის პროფესორების სტატუსში წარსულში არსებული ცრურწმენებისა და სულელობის, და ამ ყველაფერთან ბრძოლის ისტორიების მოყოლით იქნებიან დაკავებული. ამიტომ თავისუფლებისკენ მიმავალ გზაზე ეკონომისტების მხრიდან წინააღმდეგობა ყველაზე სერიოზული იქნება.

ერთი შეხედვით, თანამედროვე ეკონომისტი (მთლად სოციალისტები რომ გამოვრიცხოთ) საკმაოდ მაღალი თავისუფლების ხარისხის მომხრეა. მას არ მოსწონს: მაღალი გადასახადები, ფულის უკონტროლო ემისია, თავისუფალი ვაჭრობის შეზღუდვა და განსაკუთრებული რეგულაციები. ის მხოლოდ ამტკიცებს, რომ ეს ყველაფერი ზომიერად, ოპტიმალურად, სათანადო კვლევებზე დაყრდნობით და ცალკეული ქვეყნის სპეციფიკიდან გამომდინარე უნდა კეთდებოდეს. „ზომიერება“, „ოპტიმალურობა“ და „სათანადო კვლევები“ კი ეკონომისტების გილდიის პრივილეგიაა. ამრიგად, ეკონომისტისთვის, არა მარტო სრული თავისუფლება არის მიუღებელი, არამედ ტირანიაც, რადგან დიქტატორისათვის საკუთარი აზრის თავზე მოხვევა რთული და საშიში საქმეა. თანამედროვე დემოკრატიული, ზომიერად თავისუფალი საზოგადოება, სადაც ყველა ეკონომისტს აქვს შანსი თავის პოლიტიკოსს მოემსახუროს, ამ ცრუმეცნიერების იდეალური სივრცეა. იქ „ზომიერი“ კონკურენციის დაცვაც საჭიროა, და „ბუნებრივი მონოპოლიების“ რეგულირებაც, ფინანსური სისტემის სტაბილურობასა და ეკონომიკურ ზრდაზე ზრუნვა, ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრა და მდგრადი განვითარების ხელშეწყობა (აქ ეკონომისტი ტერმინს „ექსტერნალიები“ გამოიყენებდა) და უამრავი სხვა აქტივობა, რაც საბოლოო ჯამში გრანტის, „სამეცნიერო“ სტატიის, წიგნის, აკადემიური თანამდებობის და იდეალურ შემთხვევაში იმ „უვიცი“ პოლიტიკოსის მრჩევლის პოზიციაში გარდაიქმნება.

ამიტომ როგორც კი რომელიმე ასეთი რეგულაციის სრული გაუქმების საკითხი დადგება, ზუსტად რომ ეკონომისტები იქნებიან ის ხალხი, რომლებიც ბოლომდე ეცდებიან არ დაუშვან ამ სფეროში თავისუფლების დამკვიდრება. მაგალითად, როცა მე და გირჩის სხვა პოლიტიკოსები პარლამენტში ეროვნული ბანკის გაუქმებისთვის ბრძოლას დავიწყებთ, სამი ძირითადი ადამიანთა ჯგუფი იქნება, ვინც წინააღმდეგობას გაგვიწევს: პოლიტიკოსები, ბანკირები და ეკონომისტები.

პოლიტიკოსებთან ჩვენ დავლაგდებით, რადგან ბოლოსდაბოლოს, პოლიტიკოსს ძალაუფლება აინტერესებს და არა უშუალოდ ფარული დაბეგვრის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, თან ისეთი, რომლის გამოყენება სიღარიბის ზრდის მთავარ წყაროს წარმოადგენს.

ბანკირებთანაც შეიძლება კომპრომისის პოვნა, რადგან ზოგადი ბიზნეს კლიმატის გაუმჯობესებამ შეიძლება მათ ბიზნეს უფრო მეტი სარგებელი მოუტანოს ვიდრე ეროვნული ბანკის მხრიდან პროტექციონიზმსა და სუბსიდირებას.

თუმცა ეკონომისტების უმრავლესობასთან ჩვენ საერთო ენას ვერ ვიპოვით, რადგან ეროვნული ბანკის არარსებობა მათთვის უმუშევრობას ნიშნავს, თან ყველაზე მტკივნეულ უმუშევრობას. თუ მათემატიკოსი უნივერსიტეტიდან წამოვა, ის ბევრ სხვა სფეროში შეიძლება დასაქმდეს, არც ფიზიკოსს გაუჭირდება თავისი ცოდნის და უნარების უნივერსიტეტს ფარგლებს გარეთ გამოყენება. იგივე შეიძლება ითქვას უამრავ სხვა მეცნიერზე: ქიმიკოსზე, ბიოლოგზე, ანთროპოლოგზე, ფილოლოგზე და ა.შ., მაგრამ ეკონომისტის უნარი - ნებისმიერი სულელობა დაამტკიცოს, ბევრი ჭკვიანური სიტყვა დაწეროს ისე რომ არაფერი დაწეროს, კვლევა ჩაატაროს და შედეგი არ მიიღოს - ეს უნარები ამ სამყაროში არავის სჭირდება. ამიტომ ეროვნული ბანკის გაუქმება კარგ შემთხვევაში ტაქსისტების რაოდენობას გაზრდის (თუ ეკონომისტებს მანქანის ტარების უნარი მაინც გააჩნიათ), ცუდ შემთხვევაში კი შლაგბაუმის მენეჯერებს შორის დოქტორის ხარისხის მქონე მეცნიერების გამრავლებას გამოიწვევს.

ამიტომ რაც უფრო აქტიურად ვიბრძოლებთ მეტი თავისუფლებისთვის, მით უფრო მეტი იქნება ეკონომისტების მხრიდან წინააღმდეგობა. თუმცა, მჯერა, რომ ეს ბასტიონიც ადრე თუ გვიან აღებული იქნება.

ეს ტექსტი ჩემი 2020 წლის ფეისბუქ-პოსტებისგან შედგება (მცირე ტექნიკური რედაქტირებას თუ არ ჩავთვლით) და მისი შინაარსის გაგებაში ამ პოსტების ქვეშ დისკუსიაც დაგეხმარებათ.

ასევე იხილე დებატები ეკონომისტებზე, რომელიც ამ პოსტების შემდეგ გაიმართა.

ავტორი: ალექსანდრე რაქვიაშვილი.