logo
user
cart
  • ჩვენ შესახებchevron
  • პროექტებიchevron
  • გირჩის პოზიციებიchevron
  • პრაიმერისიchevron
  • FAQchevron
  • SHOPchevron

სავალდებულო გაწვევა მსოფლიოში: ფინეთი

ფინეთის ჯარი სავალდებულო გაწვევის თაყვანისმცემელთა შორის განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. „ფინეთმა ხომ რუსეთს ომი მოუგო!“ - როგორც მამაო ჩვენო ისე ჟღერს ასეთი დისკუსიის დაწყებისთანავე, მიუხედავად იმისა, რომ ომი ფინეთს არ მოუგია, პირიქით წააგო, ორჯერ, მანამდე კი რუსეთის კოლონია იყო. კი, 1939 წელს ფინეთმა ძალიან გმირულად დაიცვა ქვეყანა. 3 თვის მანძილზე უზარმაზარი ზიანი მიაყენა საბჭოთა ჯარს, თუმცა ის ომი მაინც წააგო, ხოლო ტერიტორიები დაკარგა. ხო, და ეს ხდებოდა თითქმის 100 წლის წინ, და მხოლოდ სულით საბჭოთა გენერლებს თუ ჰგონიათ, რომ დღეს ომი იგივენაირად იმართება.

ომში ზედიზედ ორი მარცხი (მეორეჯერ ეს უკვე მეორე მსოფლიო ომში მოხდა, როცა ფინეთმა ნაცისტური გერმანიის მხარე დაიკავა) ფინეთის საზოგადოებისთვის ძალიან მტკივნეული აღმოჩნდა და უბიძგა ფინელებს დიდი ყურადღება დაეთმოთ თავდაცვისთვის. ამ ფონზე ჩამოყალიბდა უნიკალური გაწვევის სისტემა, რომელიც პრინციპში მეტი არცერთ ქვეყანაში არ გვხდება.

ფაქტობრივად, ფინეთში გაწვევა სკოლის მე-13 კლასს წარმოადგენს, რადგან ძალიან ცოტა გადავადების შესაძლებლობაა და სანამ გაწვევას არ გაივლი (თუ მსახურებისთვის ხარ ვარგისი), მოქალაქეს არ შეუძლია პასპორტის აღება. შინაარსობრივად, ბიჭებს სკოლაში სამხედრო საქმეს ასწავლიან, ოღონდ ეს გაკვეთილები არა სკოლის შენობაში, არამედ ყაზარმებში ტარდება (თუმცა შაბათ-კვირას ისინი სახლში ატარებენ).

ამასთან ეს სამხედრო გაკვეთილები მორგებულია იმაზე, რომ რაც შეიძლება სასარგებლო იყოს ბავშვების კარიერისთვის. 6, 8 და 11 თვიანი ალტერნატივები იმგვარ პროფესიებს მოიცავს, რომელიც სხვა გზით მიღება უფრო რთული და ხანგრძლივია. მაგალითად, თუ მოსწავლე ტრაილერის მძღოლობას აირჩევს, ის პროფესიულ მართვის მოწმობას იღებს (რისთვისაც სხვა შემთხვევაში 2 წელი დასჭირდებოდა). როგორც ფინელმა პოლკოვნიკმა მოგვიყვა, ასეთი ახალგაზრდების დასაქმებაზე ლოჯისტიკური კომპანიებისგან რიგი დგას. ხოლო ის, ვინც უმცროსი ოფიცრის კურსებს ამთავრებს, დიდი ალბათობით, მომავალში უფრო მაღალი ხელფასით იმუშავებს, რადგან „ფინური კომპანიები განსაკუთრებით აფასებენ ასეთი ბიჭების ლიდერულ თვისებებს“. სულ ცოტა ხნის წინ, ჯარში მსახურებაზე ნათქვამი უარი, კერძო სექტორში დასაქმებისას უარის თქმის საფუძველიც კი ხდებოდა. ეს იმდენად გავრცელებული მოვლენა იყო, რომ მთავრობამ აკრძალა ამგვარი პრაქტიკა, როგორც დისკრიმინაციული.

გარდა ამისა, ყაზარმებში სწავლას გადიან როგორც ღარიბი, ასევე მდიდარი ოჯახის წევრები, ამიტომ ბევრი ღარიბი ფინელისთვის ეს მდიდარი მეგობრების გაჩენის და ამით დამატებითი სოციალური ლიფტის კიდევ ერთი შანსია.

საბაზისო გადამზადების პროგრამის პარალელურად წვევამდელებს შეუძლიათ გააკეთონ განაცხადი მათი სპეციალური უნარების და განათლების შესახებ, როგორებიცაა: გრაფიკული დიზაინი, ტექნოლოგიური და საინფორმაციო ტექნოლოგიების, ფოტოგრაფიისა და ჟურნალისტიკის მიმართულებით. ფინეთის ჯარში დაუშვებელია, რომ წვევამდელს იმგვარი მოვალეობები ჰქონდეს, რომელიც პირდაპირ არ არის კავშირში ქვეყნის თავდაცვასთან. „ვიშკა“ და „შლაგბაუმი“ ჯარისკაცის შეურაცხყოფაა, თუ ის მართლა როგორც ჯარისკაცად არის აღქმული.

ამასთან, ძალიან დიდი ყურადღება ეთმობა ბიჭების ჯარისთვის თავსებადობას. სამედიცინო კომისიები ძალიან მკაცრად ფილტრავენ წვევამდელებს. შედეგად ბიჭების დაახლოებით, ¼ არ ხვდება ჯარში. ამ 25%-ში ხვდება ფაქტობრივად ყველა, ვისაც არ სურს ჯარში წასვლა, რადგან გარდა ფიზიკური კონდიციებისა, ფსიქოლოგიური თავსებადობაც მოწმდება. დარჩენილ 75%-ს შეუძლია ჯარში წასვლის ნაცვლად ალტერნატიულ სამსახურში წავიდეს. არა-სამხედრო სავალდებულო სამსახურის პირველ ეტაპზე ფინეთის მოქალაქეები გადიან 4 კვირიან მოსამზადებელ პერიოდს, რომლის დროსაც ისინი იღებენ ინფორმაციას პირველად დახმარების, არაძალადობრივი თავდაცვის და ა.შ. შემდეგ მოქალაქეები თავად ირჩევენ სასურველ პოზიციას სამოქალაქო სამსახურის ცენტრის მიერ წინასწარ დამტკიცებული 2000-მდე ლოკაციიდან, სადაც 40 საათიანი სამუშაო გრაფიკით მუშაობენ 11 თვის მანძილზე სათანადო საჯარო დაწესებულებებში. ეს არის საჯარო სექტორში, მათ შორის სამინისტროებში, კარიერის დაწყების ერთ-ერთი გავრცელებული გზა.

მიუხედავად იმისა, რომ ჯარი ფაქტობრივად სკოლის გაგრძელებაა (თუმცა არიან ისინიც, ვინც შედარებით გვიან გადიან წვრთნას, მაინც ასეთები უმცირესობაა), ფინელ წვევამდელს ხელფასიც ეკუთვნის - 163-375 ევრო თვეში (ეს თანხა არ იბეგრება). გარდა ამისა, წვევამდელს აქვს უფლება იმისდა მიხედვით, თუ რა ტიპის მსახურებას გადის და როგორია ოჯახის წევრების შემოსავალი მიიღოს დახმარება. დახმარების დარიცხვა გაწვევამდე ერთი თვით ადრე იწყება და მოიცავს: კომუნალური ხარჯების ანაზღაურებას, სტუდენტური სესხის სუბსიდირებას, დახმარებას ოჯახის წევრებისთვის, დამატებით დახმარებას წვევამდელის შვილებისთვის.

სხვა სიტყვებით, რა არის ფინეთის გაწვევის სისტემა: პირველ რიგში ეს არის საზოგადოებაში წლების მანძილზე ჩამოყალიბებული ქცევის წესი, რომელიც ძალიან ფოკუსირებულია თავდაცვაზე, სადაც ჯარში მსახურება - მნიშვნელოვანია საზოგადოებაში რეპუტაციის მოსაპოვებლად (ფინეთი ერთ-ერთი ლიდერია მსოფლიოში იარაღის რაოდენობით ერთ სულ მოსახლეზე). ეს არა მხოლოდ პატრიოტიზმის გამო ხდება, არამედ მათ შორის იმიტომ, რომ ფინეთში ცდილობენ ჯარი მომხიბვლელი იყოს, დაწყებული ანაზღაურებით და სოციალური დახმარებით, დამთავრებული იმ ცოდნით და უნარ-ჩვევებით, რომელსაც იქ იღებ. ამ ორი ფაქტორის კომბინაციით მიიღწევა ის, რომ 19-20 ათასი ადამიანიდან სულ რამდენიმე ათეული აცხადებს მსახურებაზე უარს. 2021 წელს ასეთი იყო 40 ადამიანი, ანუ 0.2% (გაწვევის მასშტაბის გათვალისწინებით, ჩვენთან ეს რიცხვი 8-9 ადამიანი იქნებოდა). სხვათა შორის, მათი დიდი ნაწილი, იაღოველები იყვნენ, რომლების უფლება არ იმსახურონ ჯარში, 2019 წელს გაუქმდა, ამიტომ ცალკეული იაღოველი დემონსტრაციულად აცხადებს უარს მსახურებაზე, როცა მათი უმეტესობა ჯარში არ მიდის სამედიცინო კომისიების დასკვნის საფუძველზე - ფსიქოლოგიური თუ ჯანმრთელობით გამოწვეული ჯართან მსახურებასთან შეუთავსებლობის გამო.

ის, რომ ჯარში მსახურება დიდწილად ნებაყოფლობითია, ხოლო უარის თქმა უფრო რეპუტაციულ ზიანს გულისხმობს, ვიდრე დასჯას, ნათლად აჩვენებს ის ყველაზე მკაცრი სასჯელიც, რაც ფინელს ელოდება, თუ ის არც ჯარში წავა, არც ალტერნატიულ სამსახურს აირჩევს. ამ შემთხვევაში, მას შეიძლება მიუსაჯონ 6-თვიანი გადაადგილების შეზღუდვა (ე.წ. „ბრასლეტი“), რაც ნიშნავს, რომ ის ჩვეულებრივად გააგრძელებს სახლში ცხოვრებას, სწავლას ან მუშაობას და არ იქნება რაიმენაირად შეზღუდული უფლებებში გარდა ერთი უფლებისა - გადაადგილების, რადგან გადაადგილების არასტანდარტული მარშრუტები მან წინასწარ უნდა შეუთანხმოს პოლიციას. ალტერნატიული სამსახურის შემთხვევაში კი ვადები კიდევ უფრო მცირეა და იმისდა მიხედვით, თუ როდის იტყვის მსახურებაზე ადამიანი უარს, რამდენიმე დღიდან 6 თვემდე სასჯელი ემუქრება. სხვა სიტყვებით, სასჯელი ბევრად უფრო მსუბუქია, ვიდრე მსახურება.

დარჩა სამი საკითხი.

1. ნიშნავს თუ არა ეს ყველაფერი, რომ ფინეთში სავალდებულო გაწვევა არ არის იძულებითი შრომა ან მონობა? არა, არ ნიშნავს. ჩანს, რომ მთავრობა ცდილობს იმგვარად ააწყოს ჯარი, რომ დიდი უმრავლესობისთვის ის მიმზიდველი გახდეს. თუმცა იმ 0.2%-თვის მსახურება მაინც იძულებაა. მეტიც, ეს დიდი ხანია, რაც შემჩნეულია სხვა ცივილიზებული ქვეყნების მიერ. ამიტომ, მაგალითად, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი, გაეროს ადამიანთა უფლებების კომიტეტი, Amnesty international მოუწოდებენ ფინეთს, გაითვალისწინოს იმ ადამიანების პოზიცია, მათ შორის რელიგიური ხედვები, ვინც პრინციპულად არ მიდის ჯარში თუ ალტერნატიულ სამსახურში.

2. შეიძლება თქვენ, მიუხედავად ამ იძულების ელემენტისა, მოგწონთ ფინეთის სისტემა, მაგრამ არის თუ არა ფინეთის ჯარი ძლიერი? კი და არა. ერთი მხრივ, ის 51-ე ადგილს იკავებს მსოფლიოში, რაც 5.5 მილიონიანი ქვეყნისთვის არც ისე ცუდია, თუმცა ამის მთავარი მიზეზი, დიდი ბიუჯეტია. ფინეთის ჯარი ჩვენ ჯარზე უფრო პატარაა (22 000 vs 37 000), თუმცა სამხედრო ბიუჯეტი ჩვენსას 15-ჯერ აღემატება. ფინეთი პირველ ადგილზეა დასავლეთ ევროპაში საარტილერიო სისტემებით, მას ყავს ფლოტი და ავიაცია, მათ შორის რამდენიმე ათეული გამანადგურებელი (ჩვენ არ გვყავს საერთოდ), და ზოგადად აღჭურვილია თანამედროვე შეიარაღებით. თუმცა ამ ყველაფერს პროფესიონალი ჯარისკაცები იყენებენ. სხვა მხრივ კი, ადამიანური რესურსის კუთხით, ფინეთის ჯარს ბევრად უფრო ნაკლები გამოცდილება აქვს, ვიდრე საქართველოს ჯარისკაცებს, მათ შორის იმიტომ, რომ ფინეთი ფაქტობრივად არ იღებს მონაწილეობას საერთაშორისო მისიებში ან მონაწილეობს ჯარისკაცების შეზღუდული რაოდენობით (როგორც წესი, 20 ჯარისკაცამდე). ამიტომ ჩვენი ჯარისკაცები, რომლებმაც ისეთი ცხელი წერტილები გამოიარეს, როგორიც ერაყი და ავღანეთია, ბევრად უფრო გამოცდილი და კვალიფიციურები არიან. ოღონდ, ჩვენ არ გვაქვს არც თანამედროვე იარაღი, არც მთავრობა, რომელიც ჯარისკაცების ამ თანამედროვე იარაღით აღჭურვას უზრუნველყოფს , ამიტომ ჯარიც ფინელებზე უფრო სუსტი გვყავს.

3. და ბოლოს. რა აქვს მიმდინარე სამხედრო რეფორმას და ფინეთის ჯარს საერთო? უხდის თუ არა ჩვენი მთავრობა ჯარისკაცებს ხელფასს, ზრუნავს წვევამდელის სესხზე, ოჯახზე თუ კომუნალურ გადასახადებზე? არა. სთავაზობს თუ არა ალტერნატიული სამსახურის მოქნილ და მრავალფეროვან არჩევანს? არა. ითვალისწინებს თუ არა წვევამდელების პროფესიას, ცოდნასა და უნარებს? არა. ქმნის თუ არა იმგვარ პირობებს, რომლებიც მომავალში დაეხმარება წვევამდელს უფრო დიდი ალბათობით გამდიდრდეს? არა. არის თუ არა ჯარზე უარის თქმის შემთხვევაში სასჯელი მეტად რეპუტაციული, ვიდრე ძალადობრივი? არა, ჩვენთან ჯარის რეპუტაცია იმგვარია, რომ არავის გაუკვირდება, თუ ჯარში არ წახვალ, ხოლო თუ "დაგიჭერენ" სასჯელად 3 წელი ციხეა გათვალისწინებული. არის თუ არა ჩვენი ჯარი ადგილი, სადაც ყველა თანაბრად მსახურობს, მიუხედავად სოციალური სტატუსისა? არა, ჩვენ ჯარში გაწვეული ადამიანი ვერც ღარიბაშვილის შვილს იხილავს, ვერც ჯუანშერ ბურჭულაძის, ვერც „ფეიქ-პატრიოტი“ დეპუტატების.

აბა, რა აქვს მაშინ საერთო ჩვენ „რეფორმირებულ“ და ფინურ ჯარებს? ყველაზე კარგ შემთხვევაში და ისიც, 2025 წლიდან, ჩვენ ჯარს ფინეთის ჯართან საერთო მხოლოდ მსახურების ვადები ექნება, 6, 8 და 11 თვე. ხოლო მანამდე, არც ეს მოხდება, რადგან წვევამდელები ჩვეულებრივად დადგებიან შლაგბაუმთან ან ვიშკაზე, ერთი წლით, 125 ლარად თვეში, რომელსაც ფინეთისგან განსხვავებით, საშემოსავლო გადასახადი გამოაკლდება, გამოაკლდება საპენსიო გადასახადი, გამოაკლდება საკვების და სხვა ხარჯები. დაბრუნებისას კი, წვევამდელის უნარს გახსნას და დაკეტოს შლაგბაუმი, არც დამსაქმებლები დააფასებენ, არც თანამოქალაქეები.

1. სავალდებულო გაწვევა ნორვეგია, დანია, შვედეთი

2. სავალდებულო გაწვევა მსოფლიოში: ისრაელი

3. სავალდებულო გაწვევა მსოფლიოში: შვეიცარია