ვახოს ისტორია
ჩემი მოკლე ბიოგრაფია ასეთია: მე ვარ ვახო მეგრელიშვილი, ახლა ვარ 50 წლის, მყავს ცოლი და სამი შვილი.
- 1998 წელს დავასრულე განათლება, გავხდი ქირურგი. მუშაობის დაწყებიდან მალევე გავაცნობიერე, რომ ექიმობა 90-იანების საქართველოში ჩემი საქმე არ იყო და შევწყვიტე;
- 1999 წელს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტში ვიმუშავე;
- 2000 წელს დავაფუძნე არასამთავრობო ორგანიზაცია — „პაციენტების უფლებების დაცვის კავშირი“ და სამი წლის განმავლობაში ვიყავი მისი დირექტორი;
- 2000 წელს ვიმუშავე იუსტიციის სამინისტროში სამედიცინო დეპარტამენტის მრჩევლის პოზიციაზე;
- 2003 წელს ვარდების რევოლუციის შემდეგ, „სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის“ გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე ვიმუშავე რამდენიმე თვე;
- 2004-05 წლებში შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, ხოლო 2006-2007 წლებში პირველი მოადგილე ვიყავი:
მქონდა ბედნიერება, მართლა სერიოზული საქმეები მეკეთებინა. ერთი ასეთი საქმეა 2004 წელს ღარიბი ოჯახების უცნაური გზით აღმოჩენის და დახმარების იდეის წარმატებით ლობირება და შემდეგ განხორციელება. 17 წლის განმავლობაში იდეამ რამდენიმე მილიარდ ლარს მიმართულება შეუცვალა და მინდა მჯეროდეს, ბევრად საჭირო ადგილას მივიდა, ვიდრე ნებისმიერ სხვა შემთხვევაში შეიძლებოდა მისულიყო.
- 2007 წლიდან, მსოფლიო ბანკის, USAID-ის, ევროკავშირის და სხვა დონორების პროექტებში ვმუშაობდი კონსულტანტად საქართველოში, ხოლო საზღვარგარეთ მსოფლიო ბანკის კონსულტანტი ვიყავი:
2008 წელს ვიმუშავე ლიბანში და იორდანიაში; 2012 წელს — მონღოლეთში; 2014 წელს — უკრაინაში.
- 2008-12 წლებში ვიყავი საქართველოს სტატისტიკის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს პარლამენტის მიერ დანიშნული წევრი;
- 2008-2010 წლები გავატარე თავისუფალ უნივერსიტეტში — არაფორმალურად კახა ბენდუქიძის დამხმარედ უნივერსიტეტის აკადემიური ნაწილის დალაგებაში, ფორმალურად კი კვლევითი ცენტრის დირექტორად, კრიტიკული აზროვნების და პოლიტიკური იდეოლოგიების ლექტორად;
- 2011 წელს ვიმუშავე ახლად პრივატიზებული აგრარული უნივერსიტეტის პრორექტორად;
- 2012 წელს რამდენიმე თვე ვიმუშავე კომპანია “ბერტას” დირექტორის მოადგილედ;
- 2013 წელს დავაარსე "ნიუტონის" თავისუფალი სკოლა, სადაც სამი წელი ვიმუშავე დირექტორად, ასევე ქიმიის, ეკონომიკისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებლად;
- 2015 წლიდან დავკავდი პოლიტიკით. მონაწილეობა მივიღე პარტია გირჩის შექმნაში;
- 2020 წლის არჩევნების შედეგად გავხდი საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი.
რა იდეა მამოძრავებდა
ჩვენ მემკვიდრეობით გვაქვს მიღებული ტოტალიტარული წესრიგის შენარჩუნებისათვის საჭირო სახელმწიფო სამსახური, ე. წ. სისტემა.
არ გვაქვს იდეა და ისე მოწყობილი ინსტიტუტები, რომლებიც სისტემის კრიტიკულ რევიზიაში და გარდაქმნაში დაგვეხმარებოდა.
შედეგად, მოქმედი კანონმდებლობით ადამიანებს ცხოვრება შეგვიძლია ჯოჯოხეთად ვუქციოთ და ამაზე საერთოდ არ ვნერვიულობთ. მაგალითად, ქართული კანონმდებლობით სავალდებულოა:
- ადამიანები უმიზეზოდ ვაწამოთ;
- ავუკრძალოთ მშობლებს შვილების საკუთარი შეხედულების და რწმენის შესაბამისად აღზრდა;
- ავუკრძალოთ ერთმანეთის დახმარება და თანამშრომლობა;
- ავუკრძალოთ მემკვიდრეობით სარგებლობა და ა. შ. და ა. შ.
ამას ვაკეთებთ ადამიანებზე „ზრუნვის“ ან „თანასწორობის დაცვის“ მოტივით.
იმისათვის, რომ არსებული წესრიგი გააკრიტიკო, გჭირდება იდეა, პრინციპი, რომლის საფუძველზე შესაძლებელია თანმიმდევრული პოლიტიკური პოზიციის ჩამოყალიბება.
იმ იდეაში, რომელიც მე მამოძრავებს, არაფერი განსაკუთრებული და ახალი არ არის. მისი საფუძველი ქრისტიანობაშია. ლიბერალმა ფილოსოფოსებმა პოლიტიკურ იდეოლოგიად ჩამოაყალიბეს. ამერიკელმა დამფუძნებელმა მამებმა ამ რწმენის საფუძველზე ამერიკა დააარსეს. ეკონომიკური დასაბუთება და მხარდაჭერა მიიღო ავსტრიული ეკონომიკური სკოლისგან. ჩვენში ილია ჭავჭავაძე და კახა ბენდუქიძე ცდილობდა ამ იდეის გავრცელებას — მოკლედ ასეთი ისტორიაა.
ეს იდეა, მარტივად, ნიშნავს უარს ძალადობაზე, რაც გამოიხატება ერთი ადამიანის საკუთრების, სიცოცხლისა და თავისუფლების პატივისცემაში და ერთობლივი ძალისხმევით დაცვაში.
ამ „ერთ ადამიანს“ ყველაზე დიდი საფრთხე დღეს სისტემისგან ემუქრება.
მე მჯერა, რომ ამ პრინციპის გათვალისწინებით უნდა ხდებოდეს ყველა კანონის გადაფასება; მისგან გამომდინარე უნდა იღებდეს სასამართლო გადაწყვეტილებას სწორის და არასწორის, მართლის და მტყუანის შესახებ.
ამ სისტემას კერძო ურთიერთობებში ნაწილობრივ ვაღიარებთ კიდეც, მაგრამ სახელმწიფოს ჯადოსნური თვისება აქვს — მის მიერ ჩადენილი ძალადობა ძალადობად არ მიიჩნევა, რადგან „საზოგადოების“ კეთილდღეობის სახელითაა ჩადენილი.
არსებული წესრიგის გამო, ახალგაზრდობაში დავკარგე ექიმის პროფესია, მერე ლექტორობის და მასწავლებლობის უფლება. როგორც სკოლის მენეჯერი, კლიენტების (ჩემ შემთხვევაში, ბავშვების) ინტერესებიდან გამომდინარე, იძულებული ვიყავი, დამერღვია ბრიყვული კანონები და რისკის ქვეშ დამეყენებინა საკუთარი და სხვა ადამიანების საქმიანი რეპუტაცია და უსაფრთხოება.
ამის პარალელურად, უნებურად გვიწევდა მოსწავლეებისათვის აგვეხსნა, რამდენად უსამართლო საზოგადოებაში ცხოვრობდნენ და რა დოზით მონაწილეობდნენ ყოველივე ამაში მათი მშობლები და მასწავლებლები. ჩემთვის ორმაგად რთული პროცესი იყო... სკოლაში სიარული მიჭირდა...
პოლიტიკური საქმიანობისკენ, ქვეყანაში ბავშვების მიმართ დამოკიდებულების შეცვლის სურვილმა მიბიძგა. თუმცა, ასევე ძალიან მინდოდა ჩემი მსოფლმხედველობის გამავრცელებელი პოლიტიკური ორგანიზაციის არსებობა ქვეყანაში.
ასეთი პოლიტიკური ორგანიზაციისთვის, “თანამშრომლობის” სანაცვლოდ შემეძლო შემეთავაზებინა იდეაზე დაფუძნებული საკმაოდ პოპულისტური, თუმცა თანმიმდევრული საარჩევნო პროგრამის მნიშვნელოვანი ნაწილი (რაშიც კომპეტენტურად მიმაჩნდა თავი). მზად ვიყავი, პირადად მიმეღო მონაწილეობა პარტიულ საგანმანათლებლო საქმიანობაში. ჩემი გამოცდილებით, ნებისმიერი პარტიისთვის სასურველი მრჩეველი ან მოლაპარაკე თავი შეიძლება ვყოფილიყავი.
ზურას ამბავი
ზურა მოდის ჩემთან სკოლაში. მე სკოლის დირექტორი ვარ და დაახლოებით ასეთ ამბავს მიყვება:
ნაცები იშლებიან (ეს მეც ვიცოდი),
დარჩენის პერსპექტივას ვერ ხედავს (გასაკვირი არ არის),
პოლიტიკური პარტიის შექმნის შესაძლებლობა გაჩნდა (საინტერესოა),
მასთან ერთად პარტიიდან მოდიან პალიკო, გოგა და გოგი. (პალიკოს ვიცნობ, ხაჩიძე არ ვიცი, გოგი ვიცი და ესენი რა შუაში არიან?) არჩევნებამდე დაეხმარებიან და მერე მიდიან პოლიტიკიდან (მაშინ კარგი),
საარჩევნო კამპანიისთვის გვექნება ნორმალური დაფინანსება (საიდან?),
ვინ აფინანსებს, როგორ და რატომ ამაში არ ვერევით, სამაგიეროდ გვაქვს მოქმედებაში სრული თავისუფლება (ამის რაციონალურად არ მჯერა),
ვაკეთებთ ლიბერტარიანულ პარტიას (ჩემს ოცნებას),
არავინ არ იცის, ეს რას ნიშნავს (სულ არ მიკვირს),
მიზანია წელიწადნახევარში 5%-იანი ბარიერის გადალახვა და პარლამენტში მოხვედრა (წარმოუდგენელი მიზანია).
დახმარება მთხოვა.
ვიფიქრე, რა უცნაური იქნება, თუ ბიძინას ნაცების დაშლის პროცესში ახალი, ლიბერტარიანული პარტიის გაკეთება გამოუვა-მეთქი.
საქმიან ურთიერთობას არ დავთანხმდი — რეპუტაციულად სარისკოდ მეჩვენა და არც რამე განსაკუთრებული ფინანსური გაჭირვება მქონდა.
სამაგიეროდ, დავთანხმდი, ვყოფილიყავი პარტიის პირველი ვოლონტიორი — მეზრუნა ხალხის განათლებაზე, მემუშავა პარტიის დაპირებებზე ანუ პროგრამაზე და, რადგან ძალიან სჭირდებოდათ და ეძებდნენ „ახალ პოლიტიკოსებს“, შემეძლო ეთერებში სიარულიც. პოლიტიკაში შეუძლებელია ნორმალური ხალხის მოზიდვა, თუნდაც ჩემსავით საშუალო ცნობადობის.
გვარამია, რუსთავი 2, ჩერგო, ნაცები მოღალატეს, გაყიდულს და პალიკოს ჭკუაზე მოსიარულეს გვეძახის. ფეისბუკი ფეთქდება. ნახევარი „ნიუტონის” ბავშვები ამ ხალხის შვილებია.
წელიწადნახევრის განმავლობაში პარტიის იდეოლოგიის მასწავლებლის როლი მოვირგე.
იმ დროის ოფისში არ იყო ერთი იდეის გარშემო შეკრებილი ადამიანების ერთობა. ხალხის უმრავლესობას არც კი ესმოდა, რის შესახებ საუბრობდა ზურა საჯაროდ. ეს ამბავი ზურამაც იცოდა და თვითონ მითხრა, ასწავლეო. ჰოდა, იმხანად ლექციების წაკითხვა, თანამშრომლებთან ურთიერთობა და სინამდვილეში იმის თქმა, რაც მე მეგონებოდა მართებული, გახდა ჩემი საქმე. ზურა ოფისში არ იყო — ან ტელევიზიებში დადიოდა, ან სხვა საქმეებზე. პირველად სწორედ მაშინ ვიგრძენი, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო. იმ შეგრძნებაზე ვლაპარაკობ, გულის ძალიან სიღრმეში რომ გიჩნდება, თავიდან რომ არ იცი, რას ნიშნავს, მაგრამ თითქოს რაღაც მთლად სწორად ვერ არის. მეც, ალბათ, არ ვიცოდი ზუსტად, მაგრამ ლოგიკურად ვხვდებოდი, პარტიის ლიდერს, ალბათ, ოფისში უნდა ევლო და ელაპარაკა. აღმოვაჩინე, რომ პალიკოს და გოგას ბევრად მეტი ენთუზიაზმით შეუძლიათ მუშაობა, ვიდრე ზურას.
ოფისში იმ დროს, დაახლოებით, ასეთი წარმოდგენა არსებობდა საარჩევნო პოლიტიკის შესახებ: პოლიტიკოსები ხალხს რაღაცებს ჰპირდებოდნენ, ხალხს რომც მოსწონებოდა, ცხადია არ დაიჯერებდა და ამის გამო არჩევნებზე არ წავიდოდა. გარანტიისათვის საჭირო იყო, ტრადიციული მეთოდით, პარტიულ კოორდინატორს არჩევნების დღეს პოლიტიკოსების მიერ მოხიბლული ამომრჩეველი საარჩევნო უბანთან მიეყვანა. სათქმელად მარტივია და გასაკეთბლად, ფაქტობრივად, შეუძლებელი.
ამასაც არ ვჯერდებოდით და მაჟორიტარობის კანდიდატებს ვეძებდით რაიონებში (სადაც, მინდა გითხრათ, ლიბერტარიანელების მწვავე დეფიციტია), ვხსნიდით რაიონულ ოფისებს, ვქირაობდით კოორდინატორებს და ათას სიგიჟეს ჩავდიოდით.
ძალიან საინტერესო იყო პარტიის „შექმნის“ პროცესზე დაკვირვება. ინსტინქტებმა არ მომატყუა — არცერთმა ტრადიციულმა პარტიულმა მეთოდმა არ იმუშავა.
წინასაარჩევნოდ, წელიწადნახევრის განმავლობაში, ათობით პოლიტიკოსის როლის შემსრულებლიდან მხოლოდ იაგო აღმოჩნდა გამორჩეული ადამიანი — სწორისა და არასწორის გარჩევა აინტერესებდა, არასწორი აწუხებდა, თანდათან დავმეგობრდით.
არჩევნების მოახლოებასთან ერთად გასაგები გახდა, რომ ჩვენს იდეებს ხალხი ჯერ არ „მღერის”, არავინ სერიოზულად არ აღგვიქვამს და დაუმსახურებელი შეურაცხყოფის მეტს არაფერს ვიღებთ.
ბურჭულაძესთან გაერთიანება პრაქტიკულად ნიშნავდა, რომ გოგის პარტიული მანქანის იმედი გადაიწურა და 5%-იანი ბარიერის ერთობლივად დაძლევას ოთხი საარჩევნო სუბიექტი შევეცდებოდით.
ზურამ და პალიკომ, ბევრი მცდელობის მიუხედავად, ჩემსა და იაგოზე უკეთესი პოლიტიკოსობის კანდიდატი ვერ იპოვეს და მე და იაგო ზურაზე წინ ჩაგვწერეს ბურჭულაძის სიაში (რაც ძალიან საინტერესო ჟესტი იყო).
რა დარჩა გირჩისგან წელიწადნახევარში?
ნაცებისგან გამოყოლილზე გაუარესებული იმიჯი, რომელსაც საკუთარი ხელით დავამატეთ ახალი იდიოტობა, ბურჭულაძის სკანდალის სახით.
ბურჭულაძის სკანდალის შემდეგ აღმოჩნდა, რომ არანაირი პარტია და მისი დამფუძნებლები არ არსებობენ. მომენტალურად გაქრა რაიონული ოფისები, პოლიტიკოსები. წელიწადნახევრის ერთად მუშაობის შემდეგ გადაწყვეტილების მისაღებად დავრჩით რამდენიმე ადამიანი, ვისაც გვაინტერესებდა და პასუხისმგებლობა შეგვეძლო აგვეღო საქმის გაგრძელებაზე — პალიკო (ამ ყველაფრის ორგანიზატორი), ზურა, განხიბლული გოგა ხაჩიძე (რომელსაც წასვლა უნდა) და ორი ახალი ადამიანი — იაგო და მე.
რატომ მივიღეთ გაგრძელების გადაწყვეტილება?
პირველი მცდელობის დროს დამტკიცდა, რომ კარდაკარ სიარული და კოორდინატორები ჩვენი ძლიერი მხარე არ არის; რომ მთელი წინა წლის სტრატეგია იყო შეცდომა და ფულის ფლანგვა. სამაგიეროდ, აღმოვაჩინეთ, რომ მოგვწონს ერთმანეთი, სწორის და არასწორის შესახებ მსჯელობა, იდეების მოფიქრება და შესრულება. ბევრ იდეაზე გვაქვს ნალაპარაკები და ძალიან „გაგვიტყდება”, თუ ვერ განვახორციელებთ მათ.
ალბათ, პალიკომ ჩვენი ენთუზიაზმის გამო შემოგვთავაზა პირადი, შეზღუდული ფინანსებით, შესაძლებლობის ფარგლებში დახმარება.
ზურამ, იაგომ და მე გადავწყვიტეთ გაგვეგრძელებინა.
გვაფინანსებს პალიკო, ფულს მაძლევს მე, აღარ ვცდილობთ ტრადიციული მეთოდების გამოყენებას, ვინარჩუნებთ მინიმალურ სტაფს, გვაქვს ერთი ოფისი და ვცდილობთ, მოვიფიქროთ საქართველოსთვის ჯერ არნახული პარტიის გადარჩენის გზები:
ვთესავთ კანაფს, ეკლესიით ვეხმარებით ახალგაზრდებს, ვიგებთ საკონსტიტუციო სასამართლოებს, ჩემი აზრით, ვიგებთ ყველა დებატს თუ შემთხვევით ვინმეს ეთერში გადავეყრებით. პერიოდულად გვიჭერენ.
ეჭვი მაქვს, ქოცები საკუთარი შიდა თამაშებისთვის იყენებდნენ ჩვენს გიჟურ პროექტებს. თუმცა, ეს თამაში ჩვენც გვაწყობს — ცნობადობას ვიზრდით. ზურას უზარმაზარი ნეგატიური რეიტინგი აქვს და ვერ ვხვდები, რატომ. ცნობადობა უკვე დროა, გადაითარგმნოს ნდობად.
მუდმივად ვცდილობ ფულის შოვნის ალტერნატიული წყაროები ვიპოვო, მაგრამ უშედეგოდ.
ახალი ადამიანები არ მოდიან. მე "ნიუტონის" წილს ვყიდი — ისედაც მთელ დროს გირჩში ვატარებ და გადავწყვიტე, დრო სრულად დავუთმო. პალიკოს დაფინანსება უჭირს, ამ დროს მე მიჩნდება მცირედით დახმარების შესაძლებლობა.
მე და იაგო მარტო ვართ — ზურა ფაქტობრივად არ მონაწილეობს ფიქრის პროცესში ან არ არის ოფისში, ან ტელეფონში იყურება.
ერთად ყოფნის პერიოდში ზურას საჯაროდ ტყუილი არ უთქვამს. აქტივობებს თვითონაც იგონებდა და სხვის მოფიქრებულსაც ხალისით აკეთებდა. 2017-18 წლებში აქტიურად ვცდილობ მას დავუახლოვდე, რამენაირად გავიცნო, გავიგო, ვინ არის და მართლა რა უნდა, მაგრამ უშედეგოდ.
ამ ამბების ფონზე, 2018 წელს, ზურამ საპრეზიდენტო არჩევნებზე 2% აიღო. ეს ამბავი ჩემთვის შოკი იყო — 10%-ს მაინც ველოდი. ვფიქრობდი, თუ 50 კაციდან ერთის მეტი ვერ დავარწმუნეთ, რომ ზურა მართალს ლაპარაკობს, გამოდის, ისე ვიქცევით, რომ ნდობას არ ვიმსახურებთ-მეთქი.
ოფისში მართლაც საგიჟეთი გვქონდა მოწყობილი. „ღია” კარში ბევრი არანორმალური თუ გიჟი შემოვიდა და დარჩა. გაგდებას ვერ ავუდიოდი.
ამ დროს, ზურამ ატოცში ჩაიხადა. ამაზე პალიკო სრულიად გასაგებად და ლეგიტიმურად გაბრაზდა. თქვენ გიჟები ხართ, ვიღაცეებიო და დახმარება შეგვიწყვიტა.
მძიმედ წაგებული არჩევნების მერე დავრჩით საგიჟეთში, ფულის გარეშე.
ვცდილობდი, რამე მომეფიქრებინა პროექტის გადასარჩენად. ამ დროს ზურა მოდის და მეუბნება, პარტიას მე მივხედავ, შენ სკოლა გააკეთეო. გასაგები იყო, რომ ჩემს პარტიიდან მოშორებას ცდილობდა. უარი უხეშად ვუთხარი.
გამოწვევის წინაშე დავდექი — ისეთი პარტია გამეკეთებინა, რომლიდანაც ადამიანის გაგდება რთული იქნებოდა. სინამდვილეში ჩვენი არაფორმალური ურთიერთობები და ამ ურთიერთობათა გარედან აღქმა მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა.
იმისათვის, რომ ზურას არასოდეს აღარ მოსვლოდა თავში აზრად პარტიიდან უმიზეზოდ ადამიანის გაგდება (განსაკუთრებით ისეთის, რომელიც იმ დროისთვის უკვე ოთხი წელი უფასოდ მუშაობდა და ორგანიზაციას ფულს აქეთ სწირავდა), საჭირო იყო მოგვეფიქრებინა პარტიის მოწყობის ისეთი ფორმა, რომელიც ორგანულად შეესაბამებოდა ჩვენს რწმენას.
შესაძლებლობის ფარგლებში, ზუსტად გავითვალისწინე ყველა იმ ადამიანის წვლილი, ვინც ბოლო წლების განმავლობაში გირჩისთვის რამეს აკეთებდა (აღრიცხული გვქონდა ბუღალტერიაში). ეს აღრიცხვა ვაჩვენეთ მომავალ მხარდამჭერებს, რომ დარწმუნებულიყვნენ, მათი წვლილიც არსად დაიკარგებოდა და დახმარება ვთხოვეთ პარტიის საქმიანობაში მონაწილეობის და გავლენის სანაცვლოდ.
ერთპიროვნული გადაწყვეტილებებისათვის თავის ასარიდებლად ყველაზე დიდი გულშემატკივრებისაგან დავაკომპლექტეთ მმართველი საბჭო, რომელიც საჭიროების შემთხვევაში არბიტრის — შიდა სასამართლოს ფუნქციას შეასრულებდა.
ზურა და იაგო დამთანხმდნენ. თავიდანვე გასაგები იყო, რომ ახლებური მოწყობის წესები მოვიფიქრე ზურასა და ჩემ შორის კონფლიქტის, ოდესმე მაინც, დასარეგულირებლად.
პალიკოს იმედიც მქონდა, რომ თუ დაბრუნდებოდა, ახალი წესების მიხედვით, პარტიის ყველაზე მსხვილი აქციონერი გახდებოდა და ურთიერთობის დალაგებაში დამეხმარებოდა.
ამ სისტემით პოლიტიკოსებს შეეძლოთ სისტემის ფარგლებში ავტონომიურად ემოძრავათ. ხოლო დამფინანსებლები გადაწყვეტდნენ კონკრეტული პოლიტიკოსის როგორც დაფინანსებას, ისე მის რეიტინგს. ზურა, როგორც ფრონტმენი და ყველაზე ცნობილი გირჩელი, საუკეთესო პირობებში ხვდებოდა.
სისტემა ავაწყვეთ და საოცარი შედეგი მივიღეთ. რიგითმა ადამიანებმა 440 000 ლარი შემოგვწირეს ნებაყოფლობით. რატომღაც მგონია, რომ ერთად აღებულ ყველა ქართულ პარტიას არ მიუღია ნებაყოფლობით იმდენი შემოწირულობა, რამდენიც გირჩმა იმ წელიწადნახევარში მიიღო.
იაგოს წინადადებით, ბიბლიურ თავისუფლებაში ცვლილებები შევიტანეთ, რამაც დაფინანსების ახალი, მნიშვნელოვანი წყარო გააჩინა.
2019 წლის დასაწყისში ახალ ოფისში გადავედით, რუსთაველზე, ბიზნესცენტრში. ზურა ამბობს, ოფისი ძვირია, სახლიდან ვიმუშაოთო.
ამასობაში ოფისში კატასტროფა გრძელდება — სრულიად ამორალური ადამიანებით არის სავსე. გადაწყვეტილებას ვერ ვიღებ იმიტომ, რომ ზურას იფარებენ წინ. ზურას ფანები და უშუალო დამფინანსებლები საჯაროდ, ფეისბუკით გვაგინებენ ხან მე და ხან იაგოს. ერთ-ერთი შეხვედრის დროს, ზურას რიტორიკულად ვკითხე, ამ ხალხის ასეთ ამაზრზენ ქცევას შენ ხომ არ ახალისებ-მეთქი? მეორე დილით სახლში მომადგა და გამომიცხადა, შენთან ერთად აღარაფრის კეთებას აღარ ვაპირებო.
Საბოლოო ჯამში, ზურასთან კონფლიქტი ჩემმა მის მიმართ გაჩენილმა უნდობლობამ გამოიწვია. უნდობლობა კი იმიტომ გაჩნდა, რომ ზურა, ერთი მხრივ, სწორ იდეებს ეთერებში ავრცელებდა, მეორე მხრივ, კი იმივე იდეების შესაბამისად პასუხისმგებლობას არ იღებდა პარტიის პრობლემებზე. თუ მართლა გჯერა იმ იდეების, რომელსაც ქადაგებ, შეუძლებელია რომ არ გაღელვებდეს იმ ინფრასტრუქტურის ბედი, რომელიც ამ იდეების გავრცელების შესაძლებლობას გაძლევს. ეს სიტყვების და ქმედებების შეუთავსებლობა გახდა უნდობლობის მიზეზი, რომელიც სულ უფრო და უფრო იზრდებოდა დროთა განმავლობაში.
არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე დაბრუნებულ გოგა ხაჩიძეს და პალიკოს იაგომ ჩვენი ტელევიზია აჩუქა. ვფიქრობდით, ძველი გირჩელების დახმარებით უკეთესი ტელევიზია გვექნებოდა.
დაახლოებით ამ დროს გამოჩნდა დახმარება სანდროს სახით. ზრდასრული ადამიანი, რომელსაც აღზრდა არ სჭირდებოდა და თავისი ჭკუით იღებდა გადაწყვეტილებებს. ამ დროისთვის საბო და ჯგერეც საკმარისად გაიზარდნენ.
მთავარი პრობლემა იყო ის, რომ ამ ამბავს ვერ ვყვებოდი — თუ იაგო, რომელიც ამ ისტორიის ყველა პერიპეტიაში მონაწილეობდა, ვერ ხედავდა და ვერ იჯერებდა, რასაც ზურა აკეთებდა, მაშინ როგორ უნდა მქონოდა იმედი, რომ გირჩის და ჯაფარას ფანებისთვის ამ ყველაფრის ახსნას შევძლებდი?
ცოტაც რომ დაგვცლოდა, ოპოზიციის ბოიკოტი არ დამთხვეოდა და პარტიული ინსტიტუტების ბოლომდე გამართვა მოგვესწრო, ზურასა და ჩემს კონფლიქტს სათათბირო გაარჩევდა. დღეს სათათბირო, იმედი მაქვს, მზად არის, პოლიტიკოსებს შორის კონფლიქტი, საჭიროების შემთხვევაში, სამართლიანად გადაჭრას.
ამ თემასთან დაკავშირებით სანდრომ, იაგომ და საბომ დაწერეს საკუთარი ვერსიები. იაგო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს დეტალების ცოდნას. მაგალითად, იმას, რომ არ ვიცით გირჩის დამფუძნებლების სულ თავდაპირველი შეთანხმების დეტალები. შეიძლება იქ იყოს ზურას ქმედებების მოტივი.
ჩემთვის ცხადია, რომ ზურას ვარაუდი, ბოკერიასთან და ნაცებთან ერთად, ასეთი იყო: რიგგარეშე არჩევნები 2021-ის გაზაფხულზე დაინიშნებოდა, მომზადებისთვის დრო აღარ დაგვრჩებოდა, არჩევნებს პირწმინდად მოგვიგებდა, წაგებულებს კი გაგვიჭირდებოდა კიდევ ერთხელ თავიდან დაწყება. გაზაფხულზე რიგგარეშე არჩევნები მართლაც რომ ჩატარებულიყო, მიაღწევდა კიდეც მიზანს.
რამდენადაც ეს ვერსია სარწმუნოდ მეჩვენება, იმდენად გაუგებარი რჩება ჩემთვის მსგავსი ქცევის მოტივები.
რა მოგვიტანა ჩვენმა კონფლიქტმა?
ჩემი აზრით, ერთ-ერთი ყველაზე ღირებული რაც შევქმენით ეს არის მერიტოკრატიული პარტიული მმართველობის სისტემა, რომელიც თავის მხრივ დაკავშირებულია პარტიის მთავარ მიზანთან — სახელმწიფო ქონების პრივატიზაციასთან; ფულის საკუთარი ერთეული (რომლითაც გვინდა ვაჩვენოთ განსხვავება ლარსა და სანდო ფულს შორის) და სასამართლო, რომელმაც უნდა შეძლოს მომავალში ჩვენ შიგნით წარმოშობილი კონფლიქტების დაზღვევა, წარმატების შემთხვევაში კი გახდეს სამართლიანი სასამართლოს პროტოტიპი ქვეყნისთვის.
ვფიქრობ, პარტიული სისტემა ღირდა კონფლიქტად.
იმედი მაქვს, საბოს ვერსია მართალი არ აღმოჩნდება და ზურას მიმართ უსაფუძვლო ბრალდებებით დამძიმებულს მონასტერში, ცოდვების მოსანანიებლად არ მომიწევს გადახვეწა.
საბოლოოდ, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო პავლე კუბლაშვილს (რომლის გარეშეც არანაირი გირჩი არ იარსებებდა) ლიბერტარიანული პარტიის შექმნისთვის, ჩვენი სრულიად უანგარო მხარდაჭერისთვის.
მიუხედავად საკმაოდ ემოციური 7 წლისა, დახარჯული ენერგიისა და განცდილი სტრესისა, ერთი წამითაც არ ვნანობ ამ თამაშს.
ვახო მეგრელიშვილი
ასევე იხილეთ:
სანდროს ისტორია გირჩის დაშლაზე.
იაგოს ისტორია გირჩის დაშლაზე.
ჰერმანის ისტორია გირჩის დაშლაზე.