logo
user
cart
  • ჩვენ შესახებchevron
  • პროექტებიchevron
  • გირჩის პოზიციებიchevron
  • პრაიმერისიchevron
  • FAQchevron
  • SHOPchevron

ჰაიეკის ინსტიტუტი

„ჰაიეკის ინსტიტუტი“ კლასიკური, უნივერსიტეტებზე დაფუძნებული განათლების სისტემის ალტერნატივას წარმოადგენს.

ცოტა რომ გავამარტივოთ, უნივერსიტეტის ლოგიკა იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანთა ერთი ჯგუფი (რექტორი, დეკანი, ლექტორი) სხვა, ამ კუთხით ნაკლებად განათლებულ ადამიანებს ასწავლიან იმას, რასაც თვითონ სწორად და აქტუალურად მიიჩნევენ. ფაკულტეტები, პროგრამები, რეგლამენტირებული განათლების მიღების ტრაექტორიები და „ხარისხის“ მინიჭების პროცედურები, იმ პრინციპის მატერიალიზაციაა, რომლის თანახმად, XX საუკუნის 80-90-იან წლებში განათლებამიღებული ადამიანები, XXI საუკუნეში დაბადებულ ახალგაზრდას ასწავლიან იმას, რაც, მათი აზრით, ამ ახალგაზრდას 10-15 წლის შემდეგ გამოადგება. შედეგად, რაც უფრო სწრაფია ეკონომიკური განვითარება, მით უფრო ჩამორჩება მას განათლების სისტემა, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანაში, ჯარიდან თავის დაღწევიდან დაწყებული და მშობლების დიპლომით გახარებით დამთავრებული, ნებისმიერ მიზანს ემსახურება, გარდა უშუალოდ განათლების მიღებისა.

მე კი იდეალური განათლების სისტემა სულ სხვანაირად წარმომიდგენია და ის თავისი არსით, უფრო ბიბლიოთეკას გავს, ვიდრე უნივერსიტეტს. ბიბლიოთეკა არის ადგილი, სადაც კონკრეტული პრობლემით დაინტერესებული ადამიანი მისთვის საინტერესო კითხვებზე პასუხების მოსაძიებლად მიდის. ის თავის საჭიროებიდან და არა „განათლების სტანდარტებიდან“ გამომდინარე იღებს გადაწყვეტილებას, თუ რა ისწავლოს და რას მიანიჭოს უპირატესობა. ბიბლიოთეკის თანამშრომელი შეიძლება სხვაზე მეტად ერკვეოდეს ამა თუ იმ თემაში, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ის მხოლოდ დამხმარე ფუნქციას ასრულებს. ის არ ასწავლის, რადგან ბიბლიოთეკის სტუდენტი სწავლობს დამოუკიდებლად.

ბიბლიოთეკაში საინტერესო ლექციებიც შეიძლება ტარდებოდეს, მაგრამ ლექციის მიზანი არა პასიური მსმენელის ტვინში ინფორმაციის ჩაგდება-ჩატენვაა (როგორც ეს უნივერსიტეტებში ხშირად ხდება), არამედ მსმენელში კონკრეტული თემისა თუ სფეროსადმი ინტერესის გაღვივება. ლექცია ერთგვარი სპექტაკლია, რომელიც წარმატებული მხოლოდ მაშინ ხდება, თუ მისი დასრულების შემდეგ მსმენელს სწავლის და წიგნის წაკითხვის სურვილი კიდევ უფრო გაუღვივდა.

ბიბლიოთეკა ასევე არის საზოგადოება, სადაც ადამიანები საუბრობენ, ურთიერთობენ, ახალ ცოდნას იძენენ და სხვებს — საკუთარს უზიარებენ.

ზუსტად ეს, ბიბლიოთეკის მოდელი, არის განათლების თანამედროვე სისტემა, რომელიც არც განათლების სამინისტროზე და არც უნივერსიტეტის შიდა ბიუროკრატიაზეა დამოკიდებული, რომელიც ფუნქციონირებს მხოლოდ დაინტერესებული მსმენელის მიზნებიდან გამომდინარე. ზუსტად ამ ახალი მოდელის რეალიზაცია მინდა ჰაიეკის ინსტიტუტის მეშვეობით.

ეს არის გრძელვადიანი პროექტი და მისი რეალიზაციის პირველი ნაბიჯი ორ მცირე პროექტს მოიცავს.

პირველი - ჰაიეკის, ავსტრიული ეკონომიკური სკოლის სხვა წარმომადგენლების და ლიბერტარიანელების წიგნების და სტატიების შეგროვება და ქართულ ენაზე თარგმნაა. აქცენტი ეკონომიკაში ნობელის პრემიის ლაურეატსა და XX საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ეკონომისტზე ფრიდრიხ ჰაიეკზე იმიტომ გავაკეთეთ, რომ ჩვენი ხედვები ჰაიეკისებურ ლიბერალიზმთან ყველაზე ახლოს არის. თუმცა სხვა ლიბერტარიანული ლიტერატურის თარგმნაც ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ, სამომავლოდ სხვა ავტორების მნიშვნელოვანი ტექსტების თარგმნაც არის დაგეგმილი.

მეორე მიმართულება კი ლექციებია ეკონომიკაზე, რომლის მეშვეობით მსმენელებში ეკონომიკისადმი ინტერესი გვინდა გავაჩინოთ და მშენებლობა დავიწყოთ მიკროსაზოგადოების, რომელიც განათლების მიღების იმ წყაროდ იქცევა, რომელიც ჰაიეკის ინსტიტუტის საბოლოო მიზანია.

დღემდე ჩატარებულია სამი სალექციო კურსი; თარგმნილია პირველი წიგნი - მიურეი როთბარდის „სახელმწიფოს ანატომია“, ხოლო გამოცემის პროცესშია ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ და უ. ბლოკის „დაცვა ვერდასაცავისა“. ასევე მიღწეულია შეთანხმება მიზესის ინსტიტუტთან (ლიბერტარიანული იდეების გამავრცელებელ აშშ-ს ყველაზე ავტორიტეტულ ინსტიტუტთან), რომ მათ მიერ გამოცემული წიგნების თარგმანი განვახორციელოთ.

თუ პროექტი მოგწონთ და გსურთ, რომ ამ მიმართულებით მეტად ვიაქტიუროთ, დააფინანსეთ პროექტი და შედეგად, მეტი ადამიანისთვის ხელმისაწვდომი გახდება თავისუფლების იდეები ქართულ ენაზე.

4508

დაფინანსება

113

დამფინანსებელი

დააფინანსე

Levan Zhorzholiani

ბოლო დონორი

3 დღის წინ

ავტორი