საყოველთაო ბაზისური შემოსავალი
საყოველთაო საბაზისო შემოსავალი სისტემაა, რომელშიც ყველა მოქალაქე, მიუხედავად მისი შემოსავლების, სოციალური სტატუსისა და ასაკისა, იღებს ყოველთვიურ ფიქსირებულ თანხას მთავრობისგან. სანაცვლოდ კი უქმდება ყველა სუბსიდიების, სოციალური დახმარების, განათლებისა და ჯანდაცვის პროგრამების დიდი ნაწილი, ასევე სავალდებულო საპენსიო სისტემა და ამით დაზოგილი მთელი თანხა თანაბრად ნაწილდება ყველა მოქალაქეზე. რადგან მსგავსი სისტემა უკიდურესად მარტივია ადმინისტრირებისათვის და მოითხოვს სულ რამდენიმე ადამიანს ათასობით ბიუროკრატის ნაცვლად, საყოველთაო საბაზისო შემოსავლის ამოქმედება ზრდის ფულის გადანაწილების ეფექტიანობას. შედეგად, ფორმირდება სისტემა, რომლის მეშვეობით ჩვენ ქვეყანაში არავინ იქნება უკიდურეს სიღარიბეში.
საქართველოს დღევანდელი ეკონომიკური მდგომარეობისა და ბიუჯეტის გათვალისწინებით, შესაძლებელია ყოველთვიურად თითოეული მოქალაქე 500 ლარით დავაფინანსოთ. ეს, ყველაზე მეტი, შეიძლება დაჯდეს 20-22 მილიარდი ლარი, სანაცვლოდ უნდა გაუქმდეს:
• საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა;
• საპენსიო პროგრამა;
• სოციალური დახმარების პროგრამა;
• განათლების პროგრამები
• და ყველა სხვა სოციალური მომსახურება ქმედუნარიანი მოქალაქეებისათვის.
დანარჩენი 10-12 მილიარდი ლარი, რომელიც 2025 წლის ბიუჯეტში დარჩება, სტანდარტულად, ბიუჯეტში გაწერილი წესრიგის მიხედვით გადანაწილდება თავდაცვაზე, პოლიციაზე, საგარეო ურთიერთობებზე და იმ ჯანდაცვისა თუ სხვა კრიტიკული ფუნქციების შესასრულებლად, რომელიც არაქმედუნარიანი მოქალაქეების მხარდასაჭერად არის აუცილებელი.
500 ლარი თვეში ბევრად აღემატება ნებისმიერ იმ შემოსავალს, რომელიც სოციალური დახმარების სახით შეიძლება მიიღოს მოქალაქემ. სტუდენტებს უჩნდებათ შესაძლებლობა, უკეთესი განათლება მიიღონ, რადგან 2250-ლარიანი გრანტის ნაცვლად, რომელსაც ბევრი ვერც იღებს, ყველას ექნება წლიური შემოსავალი 6000 ლარის ფარგლებში, მიუხედავად გამოცდებზე მიღებული შედეგებისა. ზოგადად, არ იქნება ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ამ რეფორმით დაზარალდება. ისინიც კი, ვინც სახელმწიფო უწყებებში მუშაობდა და სამსახურს დაკარგავს, ბიუროკრატიის ღირსეულად გაცილების პროექტის ფარგლებში არ დარჩებიან წაგებულები.
საყოველთაო საბაზისო შემოსავლის უპირატესობა არა მხოლოდ მის ეფექტიანობაშია. ცნობილია, რომ მთავრობას თავისი ფული არ გააჩნია და საყოველთაო საბაზისო შემოსავლის წყარო, როგორც ნებისმიერი სხვა სახელმწიფო პროგრამის, მოქალაქეებისგან გადასახადების სახით შეგროვებული თანხაა. თუმცა, დღეს მოსახლეობის უმრავლესობისთვის რთულია დადგინდეს, რომელი უფრო მეტია, მის მიერ გადახდილი გადასახადები თუ ამ გადასახადების ხარჯზე მიღებული დახმარება და მომსახურება. ამის მიზეზი კი რთული საგადასახადო და მრავალფეროვანი, კომპლექსური სოციალური დახმარებისა თუ სერვისების მიწოდების სისტემაა, როცა ადამიანი პირდაპირ თუ ირიბად ყველა გადასახადს იხდის, იბეგრება ინფლაციის მეშვეობით და ამავდროულად იღებს ან სოციალურ დახმარებას, ან საჯარო სკოლების მომსახურებას, ან საყოველთაო ჯანდაცვის სისტემით გათვალისწინებულ დაზღვევას და ა. შ. შედეგად, ადამიანი, შეიძლება ვერც კი ხვდებოდეს რომ დანარჩენი მოსახლეობის ხარჯზე ცხოვრობს, და მიუხედავად იმისა, რომ პარაზიტის როლში ყოფნა სულაც არ სურს, მთავრობის ხარჯების ზრდას უჭერდეს მხარს. ასეთ შემთხვევაში მარტივი გახდება იმ ადამიანების იდენტიფიკაციაც, ვინც მთავრობას იმაზე მეტს უხდის, ვიდრე სარგებელს იღებს. შედეგად, პოლიტიკური პროცესი გამჭვირვალე და გასაგები გახდება, და პოლიტიკოსები ვეღარ შეუქმნიან ადამიანებს ილუზიას, ვითომ დამატებითი სოციალური ხარჯები თავისით ჩნდება და არ არის სხვისთვის წართმეული ფული.
და ბოლოს, საყოველთაო საბაზისო შემოსავალი ასევე პრაქტიკაში შემოწმებულია რამდენიმე ქვეყანაში, აქვს საკმაოდ გამართული თეორიული ფუნდამენტი და, დიდი ალბათობით, სოციალური დახმარების სისტემის მომავალს წარმოადგენს. ის ერთნაირად მისაღები შეიძლება იყოს როგორც მემარცხენე, ასევე მემარჯვენე პოზიციების მქონე ადამიანებისთვის, რადგან როგორც სოციალური დახმარების ზრდის, ისევე შემცირების მარტივ მექანიზმს წარმოადგენს, ოღონდ არსებული სისტემისგან განსხვავებით, გამჭვირვალე და ყველასათვის გასაგებია.