კოალიციური მთავრობის ფორმირება და საქმიანობა
კოალიციური მთავრობა საკმაოდ უცხო ხილია საქართველოსთვის. დღემდე ყველა გამარჯვებული პარტია საგრძნობი უმრავლესობით, ხშირად საკონსტიტუციო უმრავლესობითაც კი, ახერხებდა მთავრობის ფორმირებას.
ზოგადად, კოალიცია დგება მაშინ, როდესაც არჩევნებში ვერცერთი პარტია ვერ იღებს საკმარისი რაოდენობის საპარლამენტო მანდატებს მთავრობის დამოუკიდებლად ჩამოსაყალიბებლად. ამ შემთხვევაში, ჩნდება რამდენიმე პარტიის გაერთიანების საჭიროება.
კოალიციის ფორმირების პროცესი გულისხმობს მოლაპარაკებას პარტიებს შორის, მთავრობაში თანამდებობების გადანაწილებისა და საერთო პოლიტიკური პროგრამის შესათანხმებლად და კომპრომისებს ყველა პარტიის მხრიდან. რაც მეტია სხვაობა ამ პარტიების პოლიტიკურ მიზნებს შორის, მით უფრო მეტ კომპრომისზე მოუწევს წასვლა თითოეულ მათგანს.
კოალიციის ჩამოყალიბების პროცედურა
საქართველოს კონსტიტუცია ახალარჩეული პარლამენტის პირველი შეკრებიდან ორ კვირიან ვადას აწესებს, რის შემდეგაც პრემიერ-მინისტრი უნდა შეირჩეს და მთავრობა დაკომპლექტდეს.
თავდაპირველად საკუთარ კანდიდატს არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პარტია ასახელებს. თუ ეს კანდიდატი 2 კვირაში ვერ აირჩა პრემიერ-მინისტრად, პარლამენტის სრული შემადგენლობის ⅓-ს ეძლევა შესაძლებლობა, თავად დაასახელოს და შეათანხმოს პრემიერობის კანდიდატი სხვა თანამოაზრეებთან ერთად.
თუ ამ გზითაც ვერ მოხდა საერთო კანდიდატზე შეთანხმება, ქვეყნის პრეზიდენტს ეძლევა უფლებამოსილება, დაითხოვოს პარლამენტი და დანიშნოს ხელახალი არჩევნები.
მოლაპარაკების პროცესში კოალიციაში მონაწილე მხარეებს შეუძლიათ ივაჭრონ ნებისმიერ თემაზე, მათ შორის თანამდებობებზე, გასატარებელ რეფორმებზე, კანონების მიღების პრიორიტეტებზე და ა.შ.
ჩვენს შემთხვევაში, როგორც არაერთხელ საჯაროდ გვითქვამს, რამდენიმე პრინციპული პირობაა, რის ფასადაც გვიღირს სხვა პარტიებთან კოალიციური თანამშრომლობა:
პირველი და აუცილებელი - სასამართლოს რეფორმაა. არა ბუტაფორიული, კოსმეტიკური, არამედ ძირეული რეფორმა (მათ შორის მოსამართლეების არჩევითობა, ნაფიცი მსაჯულების კომპეტენციის გაფართოება).
მეორე მნიშვნელოვანი საკითხი ქონების დაბრუნებაა, ანუ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების ხალხზე გადანაწილება.
ორივე ეს პირობა არის არსებული ვერტიკალის ჩამოშლის ყველაზე ეფექტიანი გზა, რაც მინიმუმამდე დაიყვანს იმის ალბათობას, რომ ჩვენ ქვეყანაში კვლავ იარსებებს ერთპიროვნული მმართველობა.
ცხადია, ამ ორი თემის გარდა, არსებობს სხვა, ჩვენთვის მნიშვნელოვანი საკითხებიც, რომლებიც შეიძლება მოხვდეს კოალიციურ შეთანხმებაში, თუმცა ეს ორი არის ასეთი შეთანხმების სავალდებულო ელემენტი (ვრცლად ჩვენ პოზიციებსა და იდეებზე იხილეთ გირჩის საარჩევნო პროგრამა).
ქოცებს შევუკრავთ კოალიციას თუ ნაცებს?
ჩვენ გვსურს ცივილიზებულ საზოგადოებაში ვიცხოვროთ, ამიტომ ჩვენთვის ასეთი საზოგადოების წესრიგის ჩამოყალიბებაა პრიორიტეტი. ეს კი ერთპიროვნული მმართველობის დასრულებას, სამართლიან წესრიგსა და ადამიანების სწრაფი გამდიდრებისთვის საჭირო გარემოს ჩამოყალიბებას გულისხმობს. ამასთან რა კეთილშობილიც არ უნდა იყოს მიზანი, არის ამ მიზნის მიღწევის გზები, რომლებიც ყოველთვის იქნება მიუღებელი ჩვენთვის.
აქედან გამომდინარე, ერთი მხრივ, კოალიცია შესაძლებელია ნებისმიერ პარტიასთან, მათ შორის ნაციონალურ მოძრაობასა თუ ქართულ ოცნებასთან, თუ ისინი თანახმა არიან სასამართლო რეფორმასა და დიდ პრივატიზაციაზე. მეორე მხრივ, ჩვენ ვერ ვითანამშრომლებთ ვერავისთან, თუ ეს თანამშრომლობა ჩვენგან ისეთ დათმობებს მოითხოვს, რაც ჩვენს პრინციპებს და მორალს ეწინააღმდეგება. მაგალითისთვის, ჩვენ ვერ მივემხრობით სახელმწიფოს ძალადობრივი პოლიტიკის გაძლიერებას, შიდა რეპრესიებს და ყველა ისეთ პირობას, რომელიც გირჩის კონსტიტუციასთან მოდის წინააღმდეგობაში.
თუ პარტია თანახმა იქნება ჩვენ საკვანძო დაპირებებზე, მაშინ მოლაპარაკება სხვა საკითხებზე წავა, როგორიცაა საყოველთაო საბაზისო შემოსავალი, მულტისავალუტო რეჟიმი, გადასახადების შემცირება და ა.შ. (ვრცლად გირჩის საარჩევნო პროგრამა).
არ გვგონია რეალური, მაგრამ თუ მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვნილი ჩვენს მთლიან პროგრამას დაეთანხმნენ, ხოლო ჩვენგან იდენტური პირობები მოითხოვეს (მაგალითად, ერთი და იგივე ადამიანების დანიშვნა მინისტრების პოზიციებზე), მაშინ შესრულდება მრავალსაუკუნოვანი ოცნება და ქართველი ხალხი, მათ შორის ქოცები და ნაცები, გირჩის იდეების ირგვლივ გაერთიანდება. ფანტასტიკური სცენარია, თუმცა ამ არჩევნებზე მაინც ნაკლებად შესაძლებელი.
რას ვიზამთ, თუ გადაგვაგდეს?
კოალიციაში შესვლა არ ნიშნავს ერთჯერად წინასწარ თანხმობას ყველაფერზე, რასაც ამიერიდან კოალიციაში შემავალი უფრო ძლიერი პარტია გადაწყვეტს. კოალიციის მონაწილე ნებისმიერ სუბიექტს, ყველაზე პატარასაც კი, შეუძლია დაშალოს კოალიცია თუ კოალიციის წევრ პარტიებს შორის გაჩნდა ფუნდამენტური უთანხმოების საფუძველი ან პარტიებს შორის სერიოზული უნდობლობა.
კოალიციის დაშლის მიზეზი შეიძლება გახდეს რომელიმე პარტიის ამბიციაც, შექმნას პოლიტიკური კრიზისი და ჩაატაროს ხელახალი არჩევნები, უფრო მაღალი ლეგიტიმაციის მიღების მიზნით. ეს მაშინ მოხდება, როცა კოალიციაში სუსტი პოზიციის მქონე პარტიის პოპულარობა იმატებს, ხოლო მისი წონა კოალიციაში - არა. ცხადია, ეს ხელს უწყობს კოალიციის შიდა მუდმივ კონკურენციასაც პარტიებს შორის და ამავდროულად აჩენს მუდმივ საჭიროებას კომპრომისებისთვის.
კოალიციური შემადგენლობის შეცვლა შესაძლებელია ნებისმიერი სხვა მიზეზითაც, მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების გზით. ამისთვის პარლამენტის წევრთა სულ ცოტა ⅓-ის ინიციატივით პრემიერ-მინისტრობის ახალი კანდიდატი უნდა წარედგინოს პარლამენტს. თუ ახალი მთავრობა პარლამენტის ნდობას მოიპოვებს, არსებულ მთავრობისთვის უნდობლობა გამოცხადებულად ჩაითვლება (თუ ინიციატივა ჩავარდა, იგივე დეპუტატებს 6 თვით ეზღუდებათ უნდობლობის გამოცხადების ინიცირება).
და ბოლოს, კოალიციის დაშლა მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების გარეშეც, პარლამენტში საკანონმდებლო საქმიანობაში მონაწილეობაზე უარის თქმითაც არის შესაძლებელი. კოალიციური უმრავლესობის საპარლამენტო ხმები არა მხოლოდ მთავრობის დასაკომპლექტებლად, არამედ ჩვეულებრივი კანონის მისაღებადაც არის საჭირო, იქნება ეს ბიუჯეტის შესახებ კანონი თუ ნებისმიერი სხვა. ამ შემთხვევაში, ფორმალურად მთავრობა განაგრძობს ფუნქციონირებას, თუმცა საპარლამენტო საქმიანობა შეჩერდება. თუ ეს მოცემულობა დადგა, აუცილებელი გახდება კოალიციის შიგნით კომპრომისებზე ხელახალი შეთანხმება, სხვა პარტიებთან ახალი კოალიციის ფორმირება ან შეიქმნება პოლიტიკური კრიზისი და დაინიშნება ხელახალი საპარლამენტო არჩევნები (ვადამდელი არჩევნების დანიშვნა მოხდება ასევე თუ პირველივე მოლაპარაკებები კოალიციაზე ჩაიშლება და არც ქართული ოცნება, არც ნაციონალური მოძრაობა არ დათანხმდება ჩვენ პირობებზე).
ამიტომ, ვისთანაც არ უნდა შევკრათ კოალიცია, ცუდ შემთხვევაში, თუ ერთმა მხარემ „გადაგვაგდო“, მეორე მხარესთან მოვილაპარაკებთ და ახალ მთავრობას ჩამოვაყალიბებთ, ან გამოვიწვევთ ვადამდელ არჩევნებს. ჩვენ პირველიც გვაწყობს და მეორეც, ხოლო „გადამგდები“ ორივე სცენარში ბევრად მეტს დაკარგავს, ვიდრე შეთანხმების შესრულებისას შეიძლებოდა დაეკარგა.
ერთადერთი, რაზეც მართლა ღირს ინერვიულოთ, არის ის, რომ ქოცებმა უბრალოდ არ მოისყიდონ ნაცები, როგორც ეს არაერთხელ ყოფილა წარსულში, და შექმნან სიტუაცია, როცა ჩვენი ხმები აღარ არის საჭირო კოალიციის ჩამოსაყალიბებლად. ეს არის ყველაზე დიდი რისკი ამ არჩევნებზე და არა ის, რომ გირჩი ვინმესთან შექმნის კოალიციას და მერე „გადააგდებს“.
ამიტომ გააფერადეთ 36 და ერთად დავასრულოთ ნაც-ქოცური გაუგებრობა.